პარასკევს, 15 ოქტომბერს, ISET-მა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ერთობლივ ონლაინ ვორკშოპს უმასპინძლეს, რომლის თემაც იყო კლიმატის ცვლილების თემების ინტეგრირება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში: გამოცდილება, საჭიროებები და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ბოლო დროს საზოგადოება თუ პოლიტიკის გამტარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კლიმატის ცვლილების საკითხებს. თემა სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს აკადემიური პროგრამების დღის წესრიგშიც. მაგალითისთვის, საქართველოში უკვე განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროგრამა, რომელშიც კლიმატის ცვილების კურსებიც არის წარმოდგენილი. ამის მაგალითია კლიმატის ცვლილების ეკონომიკა, რომელიც თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლება. თუმცა ამ პროგრამების დიდი ნაწილი არ ასახავს ქვეყნის სრულ პოტენციალსა და საჭიროებებს.
შედეგად, ამ ვორკშოპით ვეცადეთ წაგვეხალისებინა ქართული უნივერსიტეტების, სტუდენტური ორგანიზაციების, სამინისტროების, ბიზნესებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქმედი პროგრამების განხილვასა და მეტი თანამშრომლობის წახალისებაში მიიღონ მონაწილეობა.
ონლაინ ვორკშოპი თამარ სულუხიამ (ISET), მაია ცხვარაძემ (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და ნინო გოგებაშვილმა (GIZ) გახსნეს. ვორკშოპზე წარმოდგენილი 9 პრეზენტაციის შეფასების შემდეგ, მაიკლ ლუკენმა (ISET-ის მოწვეული პროფესორი), რომელიც ღონისძიების მოდერატორიც იყო, დეტალურად ისაუბრა ISET-ის კლიმატის ცვლილების ეკონომიკის კურსის კონცენფციაზე.