19 მაისს აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა (APRC) სასტუმროში რადისონ ბლუ ივერია წარადგინა ორი კვლევა: „ქართული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა“ და „ქართული კალმახის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა“.
ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა აფასებს ქართული ჩაის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. კვლევის თანახმად, ჩაის პლანტაციები გაველურებულია, გადამუშავების პროცესში ჩართულ საწარმოებს კი არ აქვთ სათანადო კაპიტალი. მეტიც, გლობალური კონკურენციის გათვალისწინებით, ქართველ მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს უჭირთ ფეხის მოკიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამჟამად საქართველო ჩაის წმინდა იმპორტიორია, რაც საკმაოდ უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ სექტორის მდიდარ ისტორიასა და პოტენციალს. აღნიშნულ კვლევაში ავტორები აფასებენ ქართული სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს და წარმოადგენენ სექტორის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკის რეკომენდაციებს.
კალმახის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა მიმოიხილავს სექტორის სტატუს-კვოს და აფასებს განვითარების შესაძლებლობებს. როგორც მტკნარი წყლებით მდიდარ კავკასიურ ქვეყანას, საქართველოს აქვს პოტენციალი, აწარმოოს მაღალი ხარისხის კალმახი. ეს არის ერთ-ერთი ახალი და იმედისმომცემი სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში. თუმცა ქართული კალმახის სექტორს უჭირს და არაერთი პრობლემის წინაშეა, რაც აფერხებს მის სამომავლო განვითარებას.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენპარდის პროექტის ქეას კონსორციუმის წევრი. კვლევების ავტორებმა გამართეს დისკუსია და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს. დამსწრეთა შორის იყვენ მთავრობის დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის (მათ შორის მეჩაიეობისა და მეკალმახეობის კოოპერატივების), მეცნიერებისა და სხვა სექტორების წარმომადგენლები.
კვლევის ანგარიშების ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:
მეჩაიეობა საქართველოში: ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
მეკალმახეობა საქართველოში: ღირებულებათა ჯაჭვის რეგიონული კვლევა