შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

მეჩაიეობა საქართველოში: ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი, 2015

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. შავი ზღვის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი. საქართველოში ჩაის წარმოებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები XIX საუკუნის შუა პერიოდში აღმოაჩინეს და პირველი ჩაის პლანტაციებიც სწორედ ამ დროს გაშენდა.

კომუნისტურ ეპოქაში საქართველო იყო ჩაის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა საბჭოთა კავშირში. ჩაის წარმოების ადგილობრივი მოცულობა საკმარისი იყო საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქის ჩაიზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დაკრეფილი ჩაის მოცულობამ 1985 წელს 152,000 ტონა შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 70 ათასი ჰა ჩაის პლანტაცია არსებობდა. დასავლეთ საქართველოს ბევრ სოფელში მეჩაიეობა ცხოვრების წესად იქცა. წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დაახლოებით 180,000 ადამიანი იყო ჩართული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვში. აღსანიშნავია, რომ 1950-დან 1990 წლამდე ჩაის წარმოების მოცულობა გაიზარდა ხარისხის კომპრომისის ხარჯზე.

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, სამოქალაქო ომისა და ბაზრების დაკარგვის პარალელურად, ქართული ჩაის სექტორიც ჩამოიშალა. ჩაის სექტორის ამ რთული მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან დამოუკიდებლობის შემდგომმა მყიფე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სტაბილურობამ თავისი კვალი დატოვა სექტორის საერთო პროდუქტიულობაზე. წლიდან წლამდე ჩაის წარმოებამ იკლო, რის შედეგადაც დღეს მხოლოდ 1,800 ტ. ჩაი იწარმოება. შემორჩენილია მხოლოდ 11 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია, საიდანაც მხოლოდ 1,700 ჰექტარია პროდუქტიული (დანარჩენ პლანტაციებს რეაბილიტაცია სჭირდება). საქართველოს ჩაის სექტორის სახელოვანი წარსული და არსებული პოტენციალი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩაის წარმოებისა და გადამუშავების აღორძინებას შეუძლია მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოუტანოს დასავლეთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას. სექტორს შეუძლია სტაბილური სამუშაო ადგილები და შემოსავლის წყარო მისცეს ოჯახებს, რითიც თავის წვლილს შეიტანს სოფლებში არსებული სიღარიბის შემსუბუქებაში.

შეავსე ფორმა