შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: დაბრუნებული ოპტიმიზმი ბიზნეს სექტორში
27 ივლისი 2020

2020 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 17.3 პუნქტით გაიზარდა და -9.9-ს მიაღწია წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, მრეწველობისა და სერვის სექტორის გარდა. ყველაზე დიდი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება 2020 წლის III კვარტლისთვის მნიშვნელოვნად ოპტიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2020 წლის II კვარტალთან შედარებით 14.4 პუნქტით შემცირდა და 2020 წლის III კვარტლისთვის ახალ ისტორიულ მინიმუმს -40.6-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 2020 წლის II კვარტლის ჩავარდნის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა და 20.8 პუნქტს მიაღწია. 2020 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების გაუმჯობესება ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა, გარდა მრეწველობისა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი კვლავ შემცირდა და -8.3 პუნქტს მიაღწია. ეს მნიშვნელობა გვიჩვენებს, ბიზნესების უფრო დიდი წილი ელოდება ფასების შემცირებას. ფასების ზრდას მხოლოდ სერვის სექტორში ელოდებიან.

2020 წლის III კვარტლისთვის მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირე ბიზნეს საქმიანობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად იქცა, განსაკუთრებით დიდი კომპანიებისთვის, რაც შესაძლოა ასახავდეს COVID-19-ის შემგომი ბიზნეს გარემოს მდგომარეობას. 

შეავსე ფორმა