2026 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI), მცირედით, 1.7 პუნქტით გაიზარდა და 9.2-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება საფინანსო (7.3) და სოფლის მეურნეობის (6.9) სექტორებში დაფიქსირდა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2025 წლის IV კვარტალთან შედარებით მცირედით, 1.7 პუნქტით გაიზარდა და 2026 წლის I კვარტლისთვის 4.5-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (13.0) სექტორში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, უმნიშვნელოდ გაიზარდა და 14.9 პუნქტი შეადგინა. 2026 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის (28.6) სექტორში დაფიქსირდა.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ასევე უმნიშვნელოდ, 0.1-ით გაიზარდა და 19.1 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, დიდ წილად არ შეცვლილა.
