ინდექსები

2025 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 3.6 პუნქტით გაიზარდა და -1.3-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის (+10.0) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით მცირედით, 2.5 პუნქტით გაიზარდა და 2025 წლის II კვარტლისთვის -16.0-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის (+31.7) და სოფლის მეურნეობის (+12.5) სექტორებში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 12.1 პუნქტამდე გაიზარდა. 2025 წლის II კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი გაუმჯობესება დაფიქსირდა საფინანსო (+46.6), მრეწველობის (+25.0) და სოფლის მეურნეობის (+25.0) სექტორებში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 9.3-ით შემცირდა და 10.8 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა.