საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას ხელს უშლის. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა 130,943 ჰა მიწა; 1,431 იურიდიულმა პირმა დაარეგისტრირა 1,793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34,131 საჯარო დაწესებულების 169,241 ჰა მიწა. 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1,212,173 ჰა მიწა, ხოლო შემდეგ დამატებით 301,976 ჰა. დღეისთვის მთლიანი რეგისტრირებული მიწის ფართობი შეადგენს 1,514,149 ჰა, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 45%-ია, დანარჩენი 55% კი რეგისტრირებული არ არის. 2016 წლის შემდეგ რეგიონებში ყველაზე დიდი ფართობის რეგისტრირება მოხდა კახეთში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკვეთების რეგიტრაცია მოხდა იმერეთში.
რაც შეეხება საკვების ფასებს, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 1.0 პროცენტული პუნქტით გაზარდა. 2019 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: თევზეული (+12.3%), პური და პურპროდუქტები (+10%), ბოსტნეული და ბაღჩეული (+6.5%).
2019 წლის იანვარში ბოსტნეულის კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები 2018 წლის დეკემბეთან შედარებით 15.8%-ით, ხოლო 2018 წლის იანვართან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში კომბოსტოს ფასები ყველაზე მეტად, 75%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. კომბოსტოს ფასების ასეთი ზრდა გასაკვირია, როცა წელი მხოლოდ ახლა დაიწყო. ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, კომბოსტოს იმპორტის როგორც ღირებულება, ისე რაოდენობაც გაიზარდა. 2019 წლის იანვარში კომბოსტოს იმპორტის ღირებულებამ 80,311 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს - 44,048 აშშ დოლარს - 82%-ით აღემატება. იმავე პერიოდში, კომბოსტოს იმპორტის რაოდენობა 132%-ით, 200.64 ტონიდან 466.38 ტონამდე გაიზარდა. იმპორტის ზრდას, წესით, ფასების შემცირება უნდა გამოეწვია, თუ ადგილობრივი წარმოება არ არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, კომბოსტოს ფასების ზრდა შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების შემცირებას გამოეწვია. სამწუხაროდ, წარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.