2025 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ წლიური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2024". ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობამ, სატყეო მეურნეობამ და თევზჭერამ 2024 წელს მშპ-ის 6.2% შეადგინა – ოდნავ ნაკლები წინა წლებთან შედარებით, თუმცა შეესაბამება ბოლო წლების ზოგად ტენდენციას, რომლის დროსაც სექტორის წილმა საშუალოდ 7-8% შეადგინა. რეალურ რიცხვებში თუ შევხედავთ, 2023 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის მშპ 4.4%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთწლიანი კულტურების უმეტესობის წარმოება 2024 წელს ოდნავ შემცირდა, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კარტოფილისა (24%) და მარცვლეულის (19%) შემთხვევაში. ლობიოს წარმოებაც ოდნავ, 1%-ით გაიზარდა. სანაცვლოდ, შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა ბოსტნეულის (8%), ერთწლიანი ბალახოვანი კულტურების თივის (6%), ნესვის (4%), მრავალწლიანი ბალახოვანი კულტურების თივის (3%) და მზესუმზირის (1%) წარმოებაში.
მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში ყველაზე დიდი წლიური ზრდა თესლოვანმა ხილმა (47%) აჩვენა, რომელსაც მოჰყვება ყურძენი (45%). ზრდა დაფიქსირდა კენკროვანი ხილის (29%), ქვაღილოვანი ხილის (21%) და თხილის (15%) წარმოებაშიც. სამაგიეროდ, შემცირდა ციტრუსოვანი (23%) და სუბტროპიკული ხილის (8%) წარმოება. მესაქონლეობის სექტორში ხორცის წარმოება 13%-ით გაიზარდა, კვერცხის წარმოება – 3%-ით, ხოლო რძის წარმოება 2%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წლის 15%-დან 2021-2024 წლებში 22%-მდე გაიზარდა. 2023 წელთან შედარებით, კარტოფილის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სიმინდის შემთხვევაში – 9 პროცენტული პუნქტით. ყველაზე დიდი შემცირება დაფიქსირდა ყურძნის შემთხვევაში, სადაც კოეფიციენტი 64 პროცენტული პუნქტით შემცირდა; თუმცა ის კვლავ 100%-ს აღემატება და რჩება ყველაზე მაღალი ყველა პროდუქტს შორის.
