2025 წლის მარტში მომხმარებელთა განწყობის ინდექსმა (CCI) -11.9 ინდექსის პუნქტი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით მცირე გაუმჯობესებაა (1.5 ინდექსის პუნქტით), თუმცა, იანვრის მაჩვენებელს 2.2 ინდექსის პუნქტით ჩამორჩება. ეს ტენდენცია მომხმარებელთა განწყობის ნაწილობრივ აღდგენაზე მიუთითებს თებერვლის შემცირების შემდეგ, თუმცა, მომხმარებელთა განწყობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა წლის დასაწყისისთვის არსებულ დონეზე.
თებერვალსა და მარტს შორის ორივე ქვე-ინდექსი ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობდა და ორივე მათგანი მცირედით გაუმჯობესდა. თუმცა, მიმდინარე მდგომარეობის აღქმასა და მომავლის მიმართ მოლოდინებს შორის აშკარა სხვაობა კვლავ არსებობს. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი მნიშვნელოვნად დაბალია (-16.9 ინდექსის პუნქტი), მოლოდინების ინდექსთან შედარებით, რომელიც მარტში -6.8 იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლები კვლავ უფრო ნეგატიურად აფასებენ თავიანთ მიმდინარე ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, ვიდრე მომდევნო თვეების პერსპექტივას.
ინდიკატორების დონეზე, ფასების დინამიკა კვლავ ნეგატიური განწყობის მნიშვნელოვანი წყაროა. განწყობა წარსული ინფლაციის მიმართ კიდევ უფრო გაუარესდა და -77 ინდექსის პუნქტამდე დაეცა (თებერვლის -76-დან), რაც ადასტურებს, რომ ინფლაციის წნეხი შინამეურნეობებზე კვლავ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მოლოდინი მარტში შესამჩნევად გაუმჯობესდა (-17, თებერვლის -28-თან შედარებით), იგი კვლავ უარყოფითი რჩება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლები კვლავ ელიან ფასების ზრდას, თუმცა უფრო ნელი ტემპით, ვიდრე აქამდე.
ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებებიც ნეგატიურისკენ იხრება. ბოლოდროინდელი ეკონომიკური მოვლენების აღქმა ოდნავ გაუმჯობესდა -12 ინდექსის პუნქტამდე (თებერვლის -15-დან), ხოლო მოლოდინები ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის განვითარებაზე კვლავ შემცირდა და 3 ინდექსის პუნქტამდე დაეცა (თებერვალის 6-დან). ეს მოკლევადიანი მაკროეკონომიკური პერსპექტივების მიმართ ოპტიმიზმის შემცირებაზე მიუთითებს.
შრომის ბაზარსა და შინამეურნეობების ფინანსებთან დაკავშირებული ინდიკატორები არაერთგვაროვანი მიმართულებით ვითარდება. უმუშევრობის მოლოდინები ნეიტრალურ ბალანსამდე გაუმჯობესდა (0 ინდექს პუნქტი), რაც შრომის ბაზარზე არსებული ნეგატიური მოლოდინების განეიტრალებაზე მიუთითებს. ამავდროულად, მიმდინარე პირადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება კიდევ უფრო გაუარესდა და -20 ინდექს პუნქტამდე დაეცა (თებერვლის -19-დან), რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შინამეურნეობების ბიუჯეტზე წნეხი კვლავ მაღალია. პირად ფინანსურ მდგომარეობაზე მოლოდინები ისევ დადებითია, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით შესუსტდა და მარტში 13 ინდექს პუნქტამდე დაეცა.
რაც შეეხება მოხმარებასა და დანაზოგებს, ამ მხრივ განწყობა კვლავ დაბალია. იმის შეფასება, არის თუ არა ახლა კარგი დრო მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად, მცირედით გაუმჯობესდა და -40 პუნქტს მიაღწია, მაშინ როდესაც მსხვილი შენაძენების განხორციელების შესახებ მოლოდინები დადებითი გახდა (5 ინდექს პუნქტი). ეს იმაზე მიუთითებს, რომ განწყობა სამომავლო მოხმარებაზე გარკვეულწილად აღდგა. ამის საპირისპიროდ, მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები შედარებით დადებითად აფასებენ იმას, არის თუ არა ახლა კარგი დრო დანაზოგის გაკეთებისთვის (48 ინდექს პუნქტი), მოლოდინები მომავალში დაზოგვის გაკეთების მიმართ კიდევ უფრო გაუარესდა -44-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შინამეურნეობები სკეპტიკურად არიან განწყობილები მომავალში თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით.
საერთო ჯამში, 2025 წლის მარტის შედეგები მომხმარებელთა განწყობის არამყარ გაუმჯობესებაზე მიუთითებს, რაც ძირითადად ინფლაციის მოლოდინების შემსუბუქებითა და ოდნავ უკეთესი მოლოდინებზე დაფუძნებული ინდიკატორებით არის განპირობებული. მიუხედავად ამისა, მიმდინარე მდგომარეობის ნეგატიური შეფასებები, მუდმივი ინფლაციური წნეხი და მომავალი დანაზოგების მიმართ გაუარესებული შეხედულებები კვლავ უარყოფითად მოქმედებს საერთო განწყობის დონეზე.
*მეთოდოლოგიური შენიშვნა
ვინაიდან 2025 წელს საჭირო გახდა მონაცემების შეგროვების პროცედურის განახლება, ეს ინდექსი წარმოადგენს ახალ სტატისტიკურ სერიას და აღარ არის შედარებადი ადრინდელ გამოცემებთან.
გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით |
|
