შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2025 | მომხმარებელთა განწყობის ინდექსი

2025 წლის დეკემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) -11.7 ინდექსის პუნქტამდე შემცირდა, რაც ნოემბერთან შედარებით მომხმარებელთა განწყობის შესუსტებას აღნიშნავს. ინდექსი თვიდან თვემდე 1.8 პუნქტით დაეცა, რითაც წინა თვეებში დაფიქსირებული თანდათანობითი გაუმჯობესება ნაწილობრივ შეიცვალა და წელი შედარებით დაბალ დონეზე დასრულდა.

დეკემბერში გაუარესება ძირითადად მიმდინარე მდგომარეობის აღქმის მკვეთრი გაუარესებით იყო განპირობებული, ხოლო მომავლის მიმართ მოლოდინები ოდნავ გაუმჯობესდა. მიმდინარე მდგომარეობის აღქმის ინდექსი მკვეთრად დაეცა -17.0 ინდექსის პუნქტამდე, ნოემბერთან შედარებით 4.3 ინდექსის პუნქტით გაუარესდა, ხოლო მომავლის მიმართ მოლოდინების ინდექსი ზომიერად გაიზარდა -6.5 ინდექსის პუნქტამდე – 0.7 ინდექს პუნქტით გაუმჯობესებით. ეს განსხვავება იმაზე მიუთითებს, რომ შინამეურნეობები უფრო ნეგატიურად აფასებენ თავიანთ მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას, ვიდრე მომდევნო თვეების პერსპექტივას.

ინდიკატორების დონეზე, ინფლაციური წნეხი წლის ბოლოსკენ კიდევ უფრო გაძლიერდა. წარსული ინფლაციის აღქმა მკვეთრად გაუარესდა -87 ინდექსის პუნქტამდე, რაც 2025 წელს დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და შინამეურნეობებისთვის ფასების ზრდის ძლიერ და მუდმივ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამავდროულად, ინფლაციის მოლოდინები -24 ინდექსის პუნქტამდე გაუმჯობესდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლები მომავალში ელიან ფასებისი დინამიკის ცვლილებას შემცირებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არსებული ინფლაცია საკმაოდ მძიმე იყო.

ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის აღქმა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ბოლოდროინდელი ეკონომიკური მოვლენების აღქმა მკვეთრად დაეცა -15 ინდექსის პუნქტამდე, ხოლო მოლოდინები ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის განვითარებაზე 3 ინდექსის პუნქტამდე შემცირდა, რაც წლის ბოლოს მაკროეკონომიკური პერსპექტივების მიმართ ნეგატიურ განწყობაზე მიუთითებს.

შინამეურნეობების ფინანსებთან და შრომის ბაზართან დაკავშირებული ინდიკატორები არაერთგვაროვან, მაგრამ ზოგადად გაუარესების სიგნალებს აჩვენებს. პირადი ფინანსური მდგომარეობის ბოლოდროინდელი შეფასებები დადებითი დარჩა 7 ინდექსის პუნქტზე, თუმცა ნოემბერზე დაბალი იყო. პირადი ფინანსების სამომავლო მოლოდინები კი 14 ინდექსის პუნქტამდე შემცირდა, რაც შინამეურნეობების დონეზე ოპტიმიზმის შემცირებაზე მიუთითებს. უმუშევრობის მოლოდინები -5 ინდექსის პუნქტზე იყო, რაც შრომის ბაზრის შედარებით სტაბილურ აღქმაზე მიუთითებს.

მოხმარების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული განწყობა დეკემბერში შესუსტდა. იმის შეფასება, არის თუ არა ახლა კარგი დრო მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად, -33 ინდექსის პუნქტამდე გაუარესდა, რითაც ნოემბერში დაფიქსირებული გაუმჯობესება ნაწილობრივ შეიცვალა, ხოლო მსხვილი შენაძენების გაკეთების მოლოდინები კიდევ უფრო გაიზარდა 17 ინდექსის პუნქტამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოლოდინები სამომავლო მოხმარებაზე მდგრადი დარჩა მიმდინარე მოხმარების შემცირების მიუხედავად.

დაზოგვის ქცევასთან დაკავშირებული ინდიკატორები მყიფე დარჩა. იმის შეფასება, არის თუ არა ახლა კარგი დრო დანაზოგების გასაკეთებლად, 49 ინდექსის პუნქტამდე შემცირდა, ხოლო მომავალში დანაზოგების მოლოდინები მკვეთრად უარყოფითი დარჩა -45 ინდექსის პუნქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შინამეურნეობები სკეპტიკურად არიან განწყობილები მომავალში თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით. მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შეფასებები კიდევ უფრო გაუარესდა -23 ინდექსის პუნქტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ შინამეურნეობების ბიუჯეტზე წნეხი კვლავ მაღალია.

საერთო ჯამში, 2025 წლის დეკემბრის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებელთა განწყობამ წელი შესუსტებული პოზიციით დაასრულა, რაც მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული აღქმით და ინფლაციის გაძლიერებით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები მეტნაკლებად დასტაბილურდა, წლის ბოლოსთვის მიღებულმა სურათმა აჩვენა, რომ მთელი 2025 წლის განმავლობაში არსებული ინფლაცია, არათანაბარი და მყიფე ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფითად აისახება შინამეურნეობების განწყობაზე.

გრაფიკები: მომხმარებელთა პასუხები კითხვების მიხედვით

შეავსე ფორმა