შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

II კვარტალი 2023 | მაკრო მიმოხილვა: მშპ-ის ზრდის ნელი ტემპის, ინფლაციის მაჩვენებლების სტაბილიზაციის და სავალუტო ნაკადების დინამიკის ანალიზი
23 ოქტომბერი 2023

2023 და 2024 წლებში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3,0%-მდე შემცირება 2022 წელს არსებული 3,5%-დან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2023 წლის აპრილის პროგნოზებთან შედარებით, 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0,2 პროცენტული პუნქტით ზრდა, 2024 წლის პროგნოზი კი უცვლელია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023-2024 წლების პროგნოზი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2000-2019 წლებში დაფიქსირებულ ისტორიულ საშუალო წლიურ მაჩვენებელს (3,8%). გარდა ამისა, იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებში დაფიქსირებულ ისტორიულ საშუალო მაჩვენებლებს, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის, ისე ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ჭრილში. მომსახურების სფეროში არსებული უფრო მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, 2022-2023 წლებში ზრდის მაჩვენებლის კლება ძირითადად განპირობებულია მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში წარმოების შემცირებით და სხვა სპეციფიკური ფაქტორებით. ამის საპირისპიროდ, 2023-2024 წლებში განვითარებადი ბაზრის და ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოსალოდნელია სტაბილური ეკონომიკური ზრდა, თუმცა მოსალოდნელია შესამჩნევი განსხვავებები კონკრეტულ რეგიონებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის. წლიურ ჭრილში, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, გლობალური ზრდის მაჩვენებელმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ ზოგიერთ განვითარებულ ეკონომიკაში კლების მაჩვენებელი უმაღლეს ნიშნულს მხოლოდ 2023 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, 2023).

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში 2023 წელს ნელი, მაგრამ ზომიერი ზრდის მაჩვენებლებია მოსალოდნელი: სომხეთში – წლიური +5,5%, აზერბაიჯანში – წლიური +3%, თურქეთში – წლიური +3,0%. მეორე მხრივ, მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკის 1,5%-ით ზრდა (აღნიშნული მაჩვენებელი დაკორექტირდა მანამდე არსებული 0.7%-დან). მოსალოდნელია განვითარებადი ბაზრების და ეკონომიკის (EMDE) ქვეყნებში გამოშვების მაჩვენებლის ზრდაც: 2023 წელს – 4,0 %-ით, ხოლო 2024 წელს – 4,1 %-ით.

შეავსე ფორმა