შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

I კვარტალი, 2022 | მაკრო მიმოხილვა: წინ რთული გზაა: საქართველოს ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისას
01 ივლისი 2022

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ დიდი გავლენა იქონია გლობალური ეკონომიკის თითქმის თითოეულ ასპექტზე, დაწყებული სურსათისა და ენერგო უსაფრთხოების სექტორებით, დამთავრებული მიწოდების ჯაჭვებითა და ფინანსური ბაზრებით. მსოფლიო ბანკის 2022 წლის ივნისის პროგნოზის თანახმად, 2021 წლის 5.5%-იანი გლობალური ზრდის მაჩვენებელი 2022 წელს წლიურ 2.9%-მდე დაიწევს. ეს დაღმასვლა, აგრეთვე, განპირობებულია პანდემიის გამო შემცირებული მოთხოვნით, მაღალი ინფლაციითა და განვითარებული ინდუსტრიული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სტრატეგიული მხარდაჭერის არარსებობით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, შეერთებული შტატები 3.7%-ით, ევროზონა კი 2.8%-ით გაიზრდება. 2021 წლის 8.1%-იანი ზრდის მაჩვენებელი ჩინეთში 2022 წელს, სავარაუდოდ, 4.4%-მდე შემცირდება. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ზომიერი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდება: სომხეთში – წლიური +3.5%, აზერბაიჯანში – წლიური +2.7%, თურქეთში – წლიური +2.3%. მეორე მხრივ, მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკის წლიური 8.9%-ით შემცირება.

გარდა ამისა, მიწოდების ჯაჭვების ხარვეზებმა, ენერგიის გაზრდილმა ფასებმა და გაუარესებულმა ფინანსურმა მდგომარეობამ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების პროგნოზირებული ზრდის მაჩვენებლების შემცირება გამოიწვია. მოსალოდნელია ამ ეკონომიკების 2.6%-იანი ზრდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია მანამდე არსებულ პროგნოზებზე. შემცირდა განვითარებადი ბაზრების ეკონომიკის (EMDE) ქვეყნების მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც, რომელმაც წლიური 3.4% შეადგინა, 2021 წლის 6.6%-იან ზრდის მაჩვენებელთან შედარებით.

შეავსე ფორმა