შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

III კვარტალი 2022 | მაკრო მიმოხილვა: 2022 წელს თავს დატეხილი გლობალური გამოწვევები იდეალური გამოცდა აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობისთვის
26 დეკემბერი 2022

2022 წლის მე-3 კვარტალმა არაერთი გლობალური ცვლილებით დაგვამახსოვრა თავი. მიმდინარე გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური არეულობის გამო, ინფლაციამ ათწლეულების განმავლობაში არსებულ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, მსოფლიო ეკონომიკა კი კვლავ არასტაბილურია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, შეერთებული შტატების ეკონომიკის არასტაბილურმა აღდგენამ (რაც ხასიათდებოდა გაზრდილი ინფლაციით, რთული ფინანსური პირობებით და 2022 წელს მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის შემცირებით), ევროზონაში წარმოშობილმა ეკონომიკურმა საფრთხეებმა (ენერგოუსაფრთხოება, გაზრდილი ცხოვრების ხარჯები და ზრდის მაჩვენებლის შემცირება) და ჩინეთში COVID-19-ის აფეთქებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ (IMF) დადგენილი მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება განაპირობა. IMF 2022 წელს 3.2%-იან, 2023 წელს კი 2.7%-იან ზრდას პროგნოზირებს. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6% იყო (IMF, ოქტომბერი 2022). ეს 2001 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელია (2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის და COVID-19-ის პანდემიის კრიტიკული ფაზის შემდეგ).

გლობალური გამოწვევების მიუხედავად, აღნიშნულს ჯერჯერობით მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია საქართველოზე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. 2022 წელს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზომიერი ზრდაა მოსალოდნელი: სომხეთში (+7 წლიური პპ), აზერბაიჯანში (+3.7 წლიური პპ), თურქეთში (+5 წლიური პპ). მეორე მხრივ, მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებლის წლიური 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით გაზრდილი კლების მაჩვენებელია. შემცირდა განვითარებადი ბაზრების ეკონომიკის (EMDE) ქვეყნების მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელიც და ამჟამად წლიურ 3.7%-ს შეადგენს, 2021 წლის 6.6%-იანი ზრდის ფონზე (IMF, ოქტომბერი 2022).

შეავსე ფორმა