შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

II კვარტალი, 2022 | მაკრო მიმოხილვა: უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში მდგრადობის ნიშნები ფიქსირდება
03 ოქტომბერი 2022

2021 წელს დაფიქსირებული მოსალოდნელი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს გლობალური ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა (IMF, July 2022). 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, 2020 წლის შემდეგ პირველად, გამოიწვია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ვარდნა. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირდაპირი შედეგების გარდა (ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა, ძირითადი საკვების გლობალური დეფიციტი), მზარდმა ინფლაციამ შეერთებულ შტატებში, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ფინანსური პირობების გაუარესება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე სესხის აღება გაართულა. გარდა ამისა, ჩინეთში COVID-19-ის ბოლოდროინდელი აფეთქებით გამოწვეულმა იზოლაციამ და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა შეანელა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა. ამ მოვლენების გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შარშან არსებული 6,1%-დან 3.2%-მდე შეამცირა. IMF-ის ვარაუდით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში 2022 წელს ნელი, მაგრამ ზომიერი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდება: სომხეთში (წლიური +1.5%), აზერბაიჯანში (წლიური +2.8%) და თურქეთში (წლიური +4%). მეორე მხრივ, მოსალოდნელია რუსეთის ეკონომიკის ზრდა უარყოფით ნიშნულზე დარჩეს (წლიური -6%). შემცირდა განვითარებადი ბაზრების ეკონომიკის (EMDE) ქვეყნების მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელიც. ამჟამად, მათი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლიურ 3.6%-ს შეადგენს, 2021 წლის 6.8%-იანი ზრდის ფონზე (IMF, July 2022).

საქართველოში ზრდის პროგნოზმა წელს მოულოდნელი ბიძგი მიიღო. საქსტატის მიერ ჩატარებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მაჩვენებლის უახლესი შეფასებით, სამომხმარებლო მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2022 წლის მე-2 კვარტალში 7.1%-ს შეადგენდა (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2022 წლის აგვისტო). ეს, ნაწილობრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი შემოდინებით და რუსეთიდან ფულადი გზავნილების უპრეცედენტო რაოდენობით (მაგ., 2022 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთიდან გზავნილების შემოდინების მაჩვენებელი შვიდჯერ აღემატება 2021 წლის იმავე პერიოდში არსებულ შემოდინების მაჩვენებელს). საგარეო სექტორის გაუმჯობესებისა და მაღალი საკრედიტო აქტივობის გამო, ეროვნული ბანკის პროგნოზირებული რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 4.5%-დან 9%-მდე დაკორექტირდა (სებ, 2022 წლის მაისი). ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ პროგნოზირებული მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2022 წლისთვის წლიურ 13.8%-ს შეადგენს (იხ. გრაფიკი 1). ეკონომიკურ ზრდას დადებითი გავლენა ექნება ინფლაციაზეც, რომელმაც უკვე ორნიშნა ციფრს მიაღწია და 2022 წლის აგვისტოში წლიური 10.9% შეადგინა (საქსტატი, 2022 წლის სექტემბერი).

შეავსე ფორმა