05
ოქტომბერი
2017
გრძელი, ცხელი ზაფხული: რატომ გაიზარდა მკვეთრად ტყის ხანძრების რიცხვი და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან – ნაწილი I
2017 წლის ზაფხული საქართველოში ტყის ხანძრების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. მხოლოდ აგვისტოში ტყის ხანძრის 35 შემთხვევა დაფიქსირდა (ოფიციალური მონაცემი ამ ხანძრებით დამწვარი ტყის ფართობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს). ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მათგან ყველაზე მძიმე შედეგები ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა: ის 7 დღე გაგრძელდა (20-27 აგვისტო) და 100 ჰა-ზე დიდი ტყის ფართობი გაანადგურა. ბევრი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ამდენი ხანძარი უბრალო დამთხვევა იყოს.