ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გვერდზე გადადო გარემოსდაცვითი საკითხები და მთელი ყურადღება ეკონომიკის გაჯანსაღებას დაუთმო. ეს გასაგებიც არის, რადგან ქართული ეკონომიკა 90 წლების კოლაფსის შემდეგ ჯერ კიდევ ძალებს იკრებდა და ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარებაზე დიდი წნეხი იყო. იმ დროს არსებული გარემოსდაცვითი რეგულაციები ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად და კორუცფციის წყაროდ მიიჩნეოდა. ამ რეგულაციების გაუქმება ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე სწრაფ და ეფექტურ სტრატეგიად იყო მიჩნეული.
ვარდების რევოლუციის დროს ეს მიდგომა შეიძლება გამართლებული ყოფილიყო – განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში – მაგრამ ეს ვერ იქნება (და არ უნდა იყოს) ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია. გარემოს მიერ უზრუნველყოფილ საქონელსა და მომსახურებას (მაგალითად, სუფთა წყალი და ჰაერი, ხე-ტყე, ბიომრავალფეროვნება), რაც ყოველთვის არ იცვლება ფულზე ბაზარზე, ცხადი ეკონომიკური ღირებულება აქვთ და ზოგჯერ საკმაოდ მაღალი. ჩვენი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობა მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალური კეთილდღეობისთვის არ არის არსებითი, გარემოს ხარისხი ბევრი ეკონომიკური საქმიანობის წარმატებაზეც ახდენს გავლენას. ქვეყნის გარემო (და ბუნებრივი რესურსები) კაპიტალის ერთ-ერთ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც (სხვა ფაქტორებთან ერთად) მოსახლეობის კეთილდღეობაში შეაქვს წვლილი. სამწუხაროდ, სტანდარტული ეკონომიკური მაჩვენებლები (როგორიც არის მთლიანი შიდა პროდუქტი) ვერ ასახავს ამ კონკრეტულ განზომილებას. ეს კი პრობლემა ხდება როდესაც მშპ-ის მაქსიმალურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკები ისე იქმნება, რომ მათში არ არის გათვალისწინებული ამ ზრდასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ხარჯები (მაგ. დაბინძურების ზრდა, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა), შედეგად კი გრძევადიანი ზრდა შეიძლება შეეწიროს ბუნებრივი გარემოს მოხმარებიდან მიღებულ მოკლევადიან (მაგრამ თვალსაჩინო) სარგებელს. ვარდების რევოლუციიდან ათი წლის თავზე ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გადახედოს მდგრადი განვითარების სტრატეგიულ მიდგომას და პოლიტიკის შემუშავებაში ჩართოს გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანა სწორედ ასე უნდა მოიქცეს.
2012 წელს საქართველო შეურთდა იმ ქვეყნებს, სადაც საპილოტედ დაიწყო ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის გლობალური ინიციატივა (TEEB), რომლის მიზანია „თვალსაჩინო გახადოს ბუნების ღირებულება“. ამ ინიციატივის მიზანია, ბუნებრივ კაპიტალი, ბიომრავალფეროვნება და ბუნების ღირებულება ეკონომიკურ ტერმინებში ასახოს. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივაში მონაწილეობაზე თანხმობით, საქართველო ნებაყოფლობით შეისწავლის საკუთარ ბუნებრივ კაპიტალს იმ მიზნით, რომ ეკონომიკური ღირებულება მიანიჭოს ქვეყნის ეკოსისტემის მიერ უზრუნველყოფილ საქონელსა და მომსახურებას. ეს პროცესი არსებითია იმისათვის რომ პოლიტიკის შემქმნელებმა და ბიზნესმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ ეკოსისტემის შემოთავაზებულ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და სარგებელი, ნაცვლად იმისა, რომ ხდებოდეს მხოლოდ კერძო კომპანიებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტანილი ფინანსური შედეგების გათვალისწინება.
საქართველოში პოლიტიკის შემუშავებაში გარემოს დაცვითი საკითხების ჩართვას რამდენიმე დაბრკოლება აფერხებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები შემდეგია:
• როგორც წესი, ითვლება, რომ ბუნებრივი რესურსები „უფასოა“. ეს დამოკიდებულება გავრცელებულია თანამედროვე საზოგადოებებში. „ბუნებას ვიყენებთ, რადგან ის ღირებულია, ვკარგავთ, რადგან ის უფასოა,“ – თქვა პავენ სუხდევმა, ზემოთ აღნიშნული გლობალური ინიციატივის კვლევის ლიდერმა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის კეთილი ნების ელჩმა, ეკოსისტემის პრობლემებზე საუბრისას. ამ პრობლემას, რომელიც მთელ მსოფლიოში დგას, საქართველოში ამწვავებს ქვეყნის საბჭოთა მემკვიდრეობა. მაგალითად, სარწყავი წყლის უფასოდ მიღების ჩვევა საბჭოთა დროიდან მოდის და ძალიან უშლის ხელს კომპანიებს შეაგროვონ საირიგაციო/სანიაღვრე მომსახურების საფასური და უზრუნველყონ რესურსის ეფექტური გამოყენება.
• გარემოს მიერ მოწოდებული საქონლისა და მომსახურების სწორი ეკონომიკური ღირებულების გამოვლენას ზოგადად არასათანადო ყურადღება ექცევა. შედეგად, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები აისახება არასათანადო/დამახინჯებულ ფასებსა (მაგ. დაბინძურების მოსაკრებელი, წყლის ტარიფები და სხვ.) და სტიმულებში. არასათანადო ფასი და სტიმულები არსებული ბუნებრივი რესურსების არაეფექტურ გამოყენებას იწვევს და ართულებს მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფას.
• ფინანსური რესურსის (და პოლიტიკური ნების) ნაკლებობა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქრონიკულად აკლია დაფინანსება და მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად სტაბილურად მცირდება. ეს, რა თქმა უნდა, სამინისტროს ძალიან ურთულებს საკუთარი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სათანადოდ მართვას. ამჟამად, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ხარისხის და რაოდენობის შესაფასებლად საჭირო საკმარისი მონაცემებიც კი არ არსებობს. მაგალითად, არ არსებობს მონაცემები ტყის გამოყენებასა და შემადგენლობაზე. ასევე, გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ სათანადო მონიტორინგი გაუწიოს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ხარისხსა და რაოდენობას. ჰაერის ხარისხიც რეგულარულად მხოლოდ 5 ქალაქში მოწმდება. სუსტი მონიტორინგის და მწირი ხელმისაწვდომი მონაცემების შედეგია სუსტი აღსრულება და არსებული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევები. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთარობო ორგანიზაციების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოჭრილი 5 ხიდან 4 უკანონოდ არის მოჭრილი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გამოსავალი არც ისე ბევრია, თუ ამის მიზეზი რესურსების სიმწირეა, თუმცა ეს არგუმენტი ქარწყლდება, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის ოთხჯერ აღემატება გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტს. ეს დაკვირვება მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, გაუმჯობესდეს გარემოს დაცვის მართვა.
შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციების საუკეთესო ახსნაა გადაწყვეტილების მიმღებების და საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობა გარემოს დაცვის საკითხებში. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით ურბანულ ადგილებში, ცხადჰყოფს, რომ ბუნებრივი რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ჩინოვნიკები ან საკმარისად გათვითცნობიერებულები არ არიან იმაში, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე მათი ქმედებები და გადაწყვეტილებები, ან შეგნებულად უგულებელყოფენ ამას უფრო „ხელშესახები“ (და მყისიერი) ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ. თბილისის მაცხოვრებლებისთვის კარგადაა ცნობილი უბრანული დაგეგმარების ისეთი შემთხვევები, როდესაც სუფთა ჰაერი ეწირება დიდ დეველოპერულ პროექტებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერის ხარისხს სათანადოდ არ აფასებენ გადაწყვეტილების მიმღებები (ეს პრობლემა განხილულია წინა ბლოგში). ეს, სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება, თუ საზოგადოების გარემოს დაცვის საკითხებში გათვითცნობიერების დონე დაბალი იქნება, რაც, თავის მხრივ, ასუსტებს ზეწოლას პოლიტიკის შემმუშავებლებზე, გაითვალისწინონ გარემოს დაცვითი საკითხები თავიანთ გეგმებში. საბედნიეროდ, ამ ბოლო დროს შეინიშნება ამ პრობლემის ცნობადობის დონის ზრდა.
ჩვენს, როგორც საქართველოში გარემოს დაცვის პოლიტიკის შედეგების შეფასებაზე მომუშავე ექსპეტების, გამოცდილებაზე დაყრდნობით, დარწმუნებულები ვართ, რომ „ბუნების ღირებულების თვალსაჩინოდ წარმოჩენა“ და სხვადასხვა ეკოსისტემისთვის მონეტარული ღირებულების მინიჭება არსებითია განვითარების ამ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის. ეკოსისტემისთვის სწორი ღირებულების მინიჭებით, საქართველო შეძლებს, უფრო ეფექტურად გაანაწილოს თავისი ბუნებრივი რესურსები და ხელი შეუწყოს ბუნების სწორ და მდგრად გამოყენებას. ბუნებრივი კაპიტალი კრიტიკული აქტივია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის და მას სასწრაფოდ სჭირდება სწორად მართვა, რომ განაგრძოს ადამიანების და კომპანიების არსებითი მომსახურებით უზრუნველყოფა. ბუნებრივი კაპიტალის შეფასება შეიძლება, დაეხმაროს ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყნებს მართვის ისეთი სტრატეგიის შემუშავებაში, რომელსაც მაქსიმალური წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში და ამავდროულად აბალანსებს ეკოტურიზმისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, საარსებო წყაროებისა და ეკოსისტემის სხვა სერვისებისთვის მიყენებულ ზიანს წყალდიდობისგან დაცვით ან მიწისქვეშა წყლების განახლებით.. გარდა ამისა, ბიზნესს მეტი სტიმული ექნება, იპოვოს უფრო გონივრული გადაწყვეტილება, გამოიყენოს უკეთესი ტექნოლოგია, ნაკლებად დააბინძუროს და უფრო ეფექტურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები. დაბოლოს, განვითარების ამგვარმა ფართო მიდგომამ შეიძლება წაახალისოს ახალი (და მეტი დამატებითი ღირებულების შემქმნელი) ეკონომიკური საქმიანობა.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს პოლიტიკის შემუშავების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების (განსაკუთრებით ბუნებრივი კაპიტალის დაცვის) ჩართვით, რადგან ეს საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს და ხელი შეეწყოს ჭეშმარიტი კეთილდღეობის ზრდაზე ორიენტირებულ პოლიტიკებს და უზრუნველყოფილი იყოს მათი მდგრადობა დროში. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესმა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობის კარი გაუხსნა. საქართველოში ბევრი ცვლილება ტარდება, რომ ევროკავშირთან ჰარმონიზდეს ინსტიტუტები, კანონმდებლობა და პოლიტიკის განხორციელების პრაქტიკა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავატაროთ გონივრული, ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის გლობალურ ინიციატივასთან თანხვედრაში მყოფი ცვლილებები. იმედი გვაქვს, რომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ და ქართველი პოლიტიკის შემმუშავებლები არამხოლოდ ქაღალდზე დაიტანენ ცვლილებებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებისას, არამედ გაიზიარებენ მის უკან მდგარ პრინციპებს და უზრუნველყოფენ, რომ ეს პრინციპები მომავალში პოლიტიკაზე მუშაობის განუყოფელი ნაწილი გახდეს.