საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს წინა წელთან შედარებით ექსპორტმა 1.63%-ით იკლო. რა თქმა უნდა, ქვეყნისათვის ეს სასიხარულო ამბავი არ არის, მაგრამ რამდენად საგანგაშოა მოცემული ფაქტი? ნიშნავს კი ეს მაინცდამაინც იმას, რომ ქართული ნაწარმი უცხოურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას კარგავს? საგარეო ვაჭრობის შესახებ უახლესი მონაცემები ამ საკითხზე მნიშვნელოვანი დაკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ექსპორტის კლების უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანსა და სომხეთში მეორადი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის. ახლად რეფორმირებული საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის, ქვეყნის მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობისა და დაბალი საიმპორტო გადასახადების წყალობით 2009 წლიდან მოყოლებული ეს ბიზნესი საკმაოდ სარფიანი გახდა. წლების განმავლობაში მეორადი ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს დაბალკვალიფიციური, უმუშევარი ან არასათანადოდ დასაქმებული სამუშაო ძალისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობას არანაირი წვლილი მიუძღვის სხვა სექტორების ნაყოფიერებასა და ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ ზრდაში, სწორედ ეს უკანასკნელი იყო 2009-2013 წლებში ექსპორტის მზარდი ტენდენციის მთავარი მიზეზი (იხ. გრაფიკი 1).
უკვე აღარ.
მეორადი ავტომობილების მომგებიანი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდა 2014 წელს აზერბაიჯანის მიერ გარემოსდაცვითი რეგულაციების შემოღება. წლის განმავლობაში საქართველოდან რეექსპორტი 26.4%-ით შემცირდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 6.4 პროცენტული პუნქტით კლება განაპირობა.
ამ ბაზრის დაკარგვა ცალსახად არასახარბიელო ცნობაა საქართველოსათვის, ცვლილების მოულოდნელობისა და იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს მეორადი ავტომობილების რეექსპორტზე მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი მოდიოდა. მეტიც, რადგან, როგორც წესი, ამ ბიზნესით დაკავებულნი ერთბაშად რამდენიმე ავტომანქანის ყიდვაში აბანდებდნენ ფულს, მკვეთრმა ცვლილებამ მათი ინვესტიციების მნიშვნელოვანი გაუფასურება გამოიწვია. (მაგალითად, სხვაობა იმპორტირებული და ექსპორტირებული ავტომობილების მთლიან ღირებულებებს შორის 2013 წელს იყო მხოლოდ -7 მლნ. დოლარი, 2014 წელს კი ამ მაჩვენებელმა უკვე -197 მლნ. დოლარს მიაღწია).
თუ დავაკვირდებით მთლიან ექსპორტს მეორადი ავტომანქანების რეექსპორტის გარეშე, აღმოჩნდება, რომ გასული წელი ნამდვილად არ იყო ცუდი ქართული ნაწარმის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 8%-ით გაიზარდა (იხ. გრაფიკი 1).
ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავიც კია, კიდევ ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორ უკრაინაში არასტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და საომარი სიტუაციის ფონზე. 2013 წელს მისი წილი ქვეყნის ექსპორტში 6.6%-ს შეადგენდა. ხოლო 2014 წელს, რომელიც ცალსახად ცუდი წელი იყო უკრაინის ეკონომიკისათვის, ქართული ექსპორტი ამ მიმართულებით 27%-ით დაეცა, რამაც, თავის მხრივ, მთლიანი ექსპორტის 1.8 პროცენტული პუნქტით კლება გამოიწვია.
თუ მოვახდენთ ორივე საგარეო შოკის: მეორადი ავტომანქანების რეექსპორტის შეზღუდვისა და უკრაინის პრობლემების გავლენის იზოლირებას, აღმოჩნდება, რომ საქართველოდან ექსპორტი, არც მეტი, არც ნაკლები, 9.5%-ით გაიზარდა!
რუსეთისა და აშშ-ის მეტოქეობა ქართული ნაწარმისთვის?
2014 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები მიუთითებს არა იმდენად საქართველოს კონკურენტუნარიანობის პრობლემაზე, რამდენადაც ექსპორტის სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე, როგორც სასაქონლო კატეგორიების, ასევე პარტნიორი ქვეყნების მიხედვით. ამას ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი ორი ცხრილიც. ცხრილებში მოცემულია 2014 წელს ექსპორტში შეტანილი უდიდესი და უმცირესი წვლილის მიხედვით დალაგებული 10-10 სავაჭრო პარტნიორი.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის ინტენსივობის ზრდა 2014 წელს (მთლიანი ექსპორტის ზრდიდან 2.9 პროცენტული პუნქტი). დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ში ექსპორტმაც (2.4 პროცენტული პუნქტი). აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო წარმატებით აზღვევს რისკებს გეოპოლიტიკურ სავაჭრო თამაშში და აბალანსებს საექსპორტო ბაზრებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით.
საერთო ჯამში, საქართველოდან ექსპორტი 2014 წელს უფრო მეტად მიმართული იყო აღმოსავლეთისკენ. აღმოსავლეთმა, რუსეთის ჩათვლით, მთლიანი ექსპორტის 8.1 პროცენტული პუნქტით ზრდა განაპირობა; დასავლეთმა კი, აშშ-ის ჩათვლით — მხოლოდ 3.9 პროცენტული პუნქტით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკრაინასა და აზერბაიჯანში სავაჭრო ნაკადების კლება იყო ქართული ექსპორტის დაცემის ძირითადი გამომწვევი მიზეზი 2014 წელს. თუმცა, ასევე ხაზი უნდა გავუსვათ სასაქონლო ნაკადების კლებას დსთ-ის სხვა ქვეყნების, კერძოდ, სომხეთის, ყაზახეთისა და მოლდოვას მიმართულებითაც. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ 2013 წლის ივლისამდე, როდესაც ბოლოს და ბოლოს ქართული ღვინის გაყიდვაზე დაწესებული ემბარგო მოიხსნა რუსეთის ბაზარზე, დსთ-ის ეს ქვეყნები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შუამავლის როლს თამაშობდნენ. საერთო ჯამში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით ექსპორტი 2014 წელს 9.6%-ით შემცირდა.
2014 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველომ მოახერხა ექსპორტის დაბალანსება და გაფართოებაც კი, რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მიმართულებით. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც. როგორც ძველი ჩინური ანდაზა გვასწავლის: ყოველი სირთულე წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს სამომავლოდ. წარმატება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევიცნობთ ამ შესაძლებლობებს და ვისწავლით გამოწვევებზე.