შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკის ანალიზი
პარასკევი, 27 თებერვალი, 2015

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა განვითარებადი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია; ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. საქართველოს სურს, თავი დააღწიოს სიღარიბეს და დაეწიოს მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონებს. ამისათვის საჭიროა გარე რესურსები, განსაკუთრებით მაშინ, როცა შიდა/ადგილობრივი დანაზოგები ძალინ მცირეა, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გულისხმობს არა მხოლოდ ეკონომიკისათვის ხელმისაწვდომ კაპიტალს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს ეკონომიკისათვის გამოცხადებულ ნდობას. ერთია, მჭევრმეტყველებდე საქართველოს ნათელ ეკონომიკურ მომავალზე, და მეორე, საკუთარ ფულს დებდე სარისკო საქმეში. არავინ არ აბანდებს ფულს იქ, სადაც ვერ ხედავს ფულის ამოღებისა და მოგების მიღების რეალურ შესაძლებლობას.

ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციიდან გამომდინარე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხშირად ხდება პოლიტიკური დებატების საგანი, თუმცა მისი შინაარსი ხშირად კარგად არც ესმით. ქვემოთ მოცემულ სქემაზე ნაჩვენებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში 2009 წლიდან 2014 წლის მესამე კვარტლამდე. როგორც ხედავთ, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია 2014 წლის მეორე კვარტალში და მიუახლოვდა ბოლო ხუთი წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს. ნიშნავს ეს, რომ ინვესტორების დამოკიდებულება გაუარესდა ზაფხულის დასაწყისში, შემდეგ რადიკალურად გაუმჯობესდა წლის ბოლოს?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ეს რადიკალური ცვლილებები მეორე კვარტალში ბევრმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა მართლაც ასე დრამატულად აღიქვა. ხოლო, როდესაც მესამე კვარტლის ბოლოს მაჩვენებელი გაიზარდა, ეს ზრდა მთავრობამ თავისი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას მიაწერა. სინამდვილეში კი, მაჩვენებლების ასეთი რადიკალური ცვლილებების საფუძველი ბევრად პროზაულია.

პანიკა არ არის საჭირო, არც – ქება-დიდება!

მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქართულ ბანკში თავისი წილის მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდა. გაყიდული აქციები გადანაწილდა ინვესტორებზე, რომლებიც თიბისი ბანკის აქციების 10%-ზე ნაკლებს ფლობენ. განმარტების თანახმად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ითვლება იმ ინვესტორის ინვესტიცია, რომელიც ადგილობრივი კომპანიის 10%-ზე მეტს ფლობს. EBRD-ის ამ ოპერაციით უცხოელთა წილი თიბისი ბანკში არ შემცირებულა, მაგრამ შემცირდა იმ ინვესტორთა წილი, რომლებიც ამ ქართული ბანკის აქციების 10%-ზე მეტს ფლობს, ანუ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თიბისიში და, შესაბამისად, საქართველოში. ამავდროულად, თიბისი ბანკმა უცხოური კომპანიის, OikoCredit-ისგან, შეიძინა ბანკი კონსტანტას აქციათა 80%. უცხოელი ინვესტორი ჩაანაცვლა ქართულმა კომპანიამ, რამაც, ასევე, უარყოფითი გავლენა მოახდინა პირდაპირი უცხოური კაპიტალის მაჩვენებელზე. აღნიშნულ ღონისძიებათა შედეგად, არც კაპიტალის ხელმისაწვდომობა შემცირებულა და არც უცხოელ ინვესტორებს დაუკარგავთ ნდობა ქართული ეკონომიკისადმი.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა მესამე კვარტალში არ იძლევა ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებაზე საუბრის საფუძველს. აღნიშნული მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდა ჩინელი ინვესტორების მიერ საცხოვრებელი შენობების მშენებლობა 2015 წლისათვის თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის („თბილისი 2015“). ამ სპორტული ღონისძიების ჩატარება თბილისში წინა მთავრობის დამსახურებაა, რაც საფუძველს აცლის ახალი მთავრობის მტკიცებას, თითქოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ეს ზრდა დაკავშირებულია მის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. უფრო მეტიც, მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო, უბრალოდ, 2014 წლის მესამე კვარტალი იყო ის პერიოდი, როდესაც მოხდა უცხოელ ინვესტორთაგან ფულადი ნაკადის დიდი ნაწილის მიღება. შეიძლებოდა, ეს ფულადი ნაკადი პროექტის მთელ პერიოდზე გადანაწილებულიყო, ასეთ შემთხვევაში, გვექნებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცოტათი უფრო მაღალი მაჩვენებელი წინა კვარტლებში და არ გვექნებოდა პიკი 2014 წლის მესამე კვარტალში.

Feb-27_2015_500_Geo

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალური მაჩვენებელი. წყარო: საქსტატი

ნომინალური მნიშვნელობა არ არის მთავარი!

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტების თანახმად, პირდაპირი ინვესტიცია არის „უცხო ქვეყნის რეზიდენტის მიერ ისეთ ადგილობრივ საწარმოში გაკეთებული ინვესტიცია, რომლის მართვაზეც მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს“. რეალურად, „მნიშვნელოვანი გავლენა“ გულისხმობს, რომ ინვესტორი უნდა ფლობდეს კომპანიის აქციათა 10%-ზე მეტს, რაც საჭიროა ხმის მიცემის უფლებისათვის, რათა ჩაითვალოს პირდაპირ ინვესტორად. ეს კი იწვევს წყვეტას, როდესაც უცხოელი ინვესტორი ზრდის მის ინვესტიციას 10%-ზე მეტად. სწორედ ასე მოხდა 2014 წლის მესამე კვარტალში. გარდა ამისა, არსებობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციასთან დაკავშირებული ისეთი დეტალები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ან შემცირების ისეთი ჰიპოთეტური მაგალითების შედგენა, რომლებიც, შესაბამისად, არ არის დაკავშირებული პოზიტიურ თუ ნეგატიურ ეკონომიკურ მოვლენებთან. რიგ შემთხვევებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, შესაძლოა, საზიანოც კი იყოს ეკონომიკისათვის (აღნიშნული საკითხის უფრო დეტალური ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ISET Economist-ის ბლოგზე გამოქვეყნებულ ნიკოლოზ ფხაკაძის სტატიაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ორსახოვნება“).

მთელი ეს მსჯელობა ეფუძნება დაშვებას, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული მონაცემები სანდოა, მაგრამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სანდო მონაცემების მოპოვება არც ისე ადვილია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ქვეყნებისა და სექტორების მიხედვით დალაგებულ, მონაცემებს კვარტალურად აგროვებს და ამუშავებს საქსტატი. ის ეყრდნობა სამ ძირითად წყაროს: ფინანსური სექტორის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (მათ შორის, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სადაზღვევო კომპანიების შესახებ), პრივატიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს (რომელთა ნაწილში ჩართული არიან უცხოელები) და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიებისათვის გაგზავნილ კითხვარებს. პირველი ორი წყარო არის ძალიან სანდო, კითხვარებიდან მიღებულ მონაცემებთან დაკავშირებით კი არსებობს მთელი რიგი ეჭვებისა. 2007 წლიდან 2014 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 79% მიღებულია სწორედ კითხვარებიდან (ფინანსური სექტორის და პრივატიზაციის მონაცემები, შესაბამისად, შეადგენს 11 და 10%-ს).

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული კითხვარები პერიოდულად ეგზავნება დაახლოებით 2000 კომპანიას. კომპანიების სია ახლდება ყოველ კვარტალში, რათა მოხდეს ახალდაარსებული კომპანიების ჩართვაც. ამ შემთხვევაში, პრობლემა არის ის, რომ კომპანიებს არ აქვთ სამართლებრივი ვალდებულება, შეავსონ კითხვარები (მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის ინფორმაციით, კომპანიების უმრავლესობა ავსებს მათ). საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, დაგეგმილია, რომ უახლოეს მომავალში კომპანიებისათვის სავალდებულო გახდეს კითხვარების შევსება. შედეგად, უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არ იმსჯელებენ მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების მიხედვით. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ერთი საწარმოს ბიზნეს-გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, როგორც ეს მოხდა 2014 წლის მეორე და მესამე კვარტლებში. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონკრეტული ცვლილებების გამოყენება კაპიტალის ხელმისაწვდომობისა და ინვესტორთა ნდობის საკითხის ეკონომიკური კუთხით შეფასებისას, როდესაც ზუსტად ვიცით ამ ცვლილებათა მიზეზები. თუ მსგავსი ინფორმაცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით არ არის ხელმისაწვდომი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, უმჯობესი იქნება, თუ არ მოვიყვანთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ რიცხვებს საქართველოს ეკონომიკის ბედზე საუბრისას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა