საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველას სჯეროდა, რომ ტურიზმი გახდებოდა საქართველოს „ლოკომოტივი“ სექტორი. შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო ამ პოტენციალის განვითარება, სამაგიეროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ტურიზმი გახდა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. 2005 წლის შემდეგ, ყოველ წელს მხოლოდ ტურიზმის პირდაპირი გავლენა (ტურისტების მიერ დახარჯული ფული) საქართველოს მთლიანი მშპ-ის 6-7% იყო. საქართველო არის მომსახურებათა ექსპორტიორი ქვეყანა, რაშიც ტურიზმის ხვედრითი წილი არის 60%. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალია, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული პროდუქტების ვაჭრობის დიდი დეფიციტის კომპენსირებასა და ლარის გაუფასურების ზეწოლის შემცირებას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2014 წელს საერთაშორისო ჩამოსვლებმა თითქმის 5.5 მილიონს მიაღწია, რაც 2% მეტი იყო 2013 წელთან შედარებით. სამი შემოსვლა ყოველი ოთხიდან მოდიოდა სამ მეზობელ ქვეყანაზე: თურქეთზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე. თუ ჩავთვლით რუსეთსაც, მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები საერთო რაოდენობის თითქმის 88%-ს ქმნიან.
2005-2013 წლებში საერთაშორისო შემოსვლების რაოდენობა წლიურად საშუალოდ 33%-ით იზრდებოდა. შედეგად, 2005-2013 წლებში შემოსვლების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. თუმცა გასულ წელს ზრდამ იკლო, რაც განაპირობა როგორც ეკონომიკურმა პრობლემებმა მეზობელ ქვეყნებში, ისე საქართველოს მიერვე შექმნილმა ისეთმა ხელოვნურმა ბარიერებმა, როგორიცაა ახალი სავიზო რეგულაციები და ახალი საიმიგრაციო კანონი. ეს რეგულაციები ძალიან დიდი დარტყმა იყო საქართველოს ეკონომიკის ბევრი სექტორისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმისთვის. უფრო ნაკლები ადამიანი შემოვიდა თურქეთიდან (-10%), ერაყიდან (-47%) და ირანიდან (-51%), სექტემბრიდან კი შემოსვლები შემცირდა ჩინეთიდანაც. პირდაპირი ფრენები შეწყდა თეირანიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეს ქვეყანა ტურისტების თვალსაზრისით დღეს უმნიშვნელოა, მათ აქვთ გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მომავალი ტურიზმისთვის (და ინვესტიციებისთვის!). ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი დასავლეთ ევროპელი და ამერიკელი აღმოაჩენს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს. ამასობაში ირანელებსა და ჩინელებს უჩნდებათ არდადეგებზე მოგზაურობის სურვილი. საქართველოს რომ არ გაერთულებინა ამ ქვეყნების წარმომადგენელთათვის ქვეყანაში შემოსვლა, საქართველოს შეეძლო გამხდარიყო ახალი ტურისტული ბაზრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე.
უნდა ღელავდეს თუ არა საქართველო ტურიზმის ზრდის შენელების გამო?
ტურიზმის ხვედრითი წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ 3%-ია. იმ ქვეყნების ეკონომიკები კი, სადაც მშპ-ის დიდი წილი სწორედ ტურიზმზე მოდის, ხშირად სუსტია. ამისი ყველაზე ცნობილი მაგალითია საბერძნეთი, სადაც 2011 წელს ტურიზმმა მთლიანი მშპ-ის 18% შეადგინა (15 მილიარდი დოლარი ნომინალური მნიშვნელობით), მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ ცუდ მდგომარეობაშია საბერძნეთის ეკონომიკა. მეორე მაგალითია ესპანეთი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ეკონომიკურმა კრიზისმა კატასტროფული დარტყმა მიაყენა მის ეკონომიკას, ესპანეთს შეუძლია იამაყოს, რადგან იგი მსოფლიოში მეორეა ტურიზმის ყველაზე მაღალი შემოსავლით – 60.4 მილიარდი დოლარი 2013 წელს (დაახლოებით 6% ესპანური მშპ-ის).
რომც უგულებელვყოფთ, რომ ტურიზმზე ორიენტირებული ეკონომიკები ხშირად სუსტია, ტურიზმის ხვედრითი წილის აბსოლუტური მოცულობა მაინც არ არის შთამბეჭდავი. 2012 წელს ესპანური ტელეკომუნიკაციების მიმწოდებლის, Telefonica-ს მოგებამ 85 მილიარდი დოლარი შეადგინა, 25 მილიარდით მეტი, ვიდრე მთელმა ესპანურმა ტურიზმის სექტორმა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ Telefonica-ს 275,000 თანამშრომელი ჰყავს, ტურიზმის სფეროში კი დასაქმებულია 2 მილიონი ესპანელი. ამ ციფრების ინტერპრეტირება რთულია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა ღირებულება ემატება Telefonica-ს თანამშრომლების მიერ (როგორც ტურიზმში, ისე ტელეკომუნიკაციებში, შემოსავლის ნაწილი მოდის წინასწარ პროდუქციაზე), მაგრამ უდავოა, რომ პროდუქცია (შესაბამისად, საშუალო შემოსავალიც) ტელეკომუნიკაციებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ტურიზმში.
ზედაპირულად შეიძლება დავასკვნათ, რომ საბერძნეთი და ესპანეთი არ უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის, ნაცვლად ამისა, საქართველო უნდა ორიენტირდეს ბევრად უფრო კომპლექსურ სექტორებზე. ესპანური Telefonica-ს მსგავსად, „ეროვნულმა ჩემპიონმა“ შეიძლება შექმნას ბევრად მეტი შემოსავალი, ვიდრე ყველა ტურისტულმა ბიზნესმა ერთად აღებული (ფლორიან ბირმანი ამ საკითხს უფრო დეტალურად განიხილავს სტატიაში „დიდი პიროვნებების ეკონომიკა“, რომელიც ხელმისაწვდომია ISET-ის ბლოგზე).
თუმცაღა მოსაზრება ტურიზმის უმნიშვნელობის შესახებ არ ითვალისწინებს ამ სექტორთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ უპირატესობასა და დადებით გარე ფაქტორს.
ტურიზმი და განათლება
უპირველეს ყოვლისა, ტურიზმი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა სუსტი უნარ-ჩვევების მქონე მუშახელისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. ტრანსპორტი, მასპინძლობა, კვება და ტურისტული მომსახურება უზრუნველყოფს მოსახლეობის დასაქმებას უმაღლესი განათლების საჭიროების გარეშე.
ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის მიერ წახალისებული საგანმანათლებლო სტიმული. ამის გასაგებად საჭიროა, დავაფასოთ ფაქტი, რომ ტურიზმის სექტორში მუშაობა არის სწრაფი გზა სამუშაო ბაზრისთვის საჭირო ისეთი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შესაძენად, როგორიცაა, მაგალითად, ენის ცოდნა, მომსახურების კულტურა. მსგავსი გზის ქონა აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ სწავლას და თავიანთი ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაძლო ხარჯებისა და ჯილდოს მოლოდინის უნარის სიმწირის გამო. ადამიანს სჭირდება უდიდესი გამძლეობა, რომ დაესწროს მოსაწყენ ლექციებს, იკითხოს დიდი წიგნები, დაიმახსოვროს მასალა მისთვის უინტერესო საგანში, თან გააკეთოს ეს ყველაფერი გამოცდების წნეხქვეშ. და, რაც ყველაზე უარესია, ჯილდო ყველა ამ ტანჯვისთვის მოდის რამდენიმე წლის შემდეგ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ ქმნიან თავიანთ ადამიანურ კაპიტალს, ძირითადად არიან ისინი, ვისაც არ შეუძლია ჯილდოს ლოდინი.
ზეფირის ექსპერიმენტი
XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური აღმოჩენა ისაა, რომ მოცდის უნარი, იგივე ჯილდოს მოლოდინი არის ერთ-ერთი ხასიათის იმ ორი თვისებიდან, რომელიც (1) შეიძლება შეფასდეს ბავშვებში და (2) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად წინასწარმეტყველებს ადამიანის საერთო ცხოვრებისეულ კეთილდღეობასა და წარმატებას (მეორე არის ინტელექტის კოეფიციენტი). 1960-იანი წლების ბოლოს ჩატარებულ ცნობილ სტენფორდის ზეფირის ექსპერიმენტის დროს (Stanford Marshmallow Experiment), ცნობილი ფსიქოლოგი, ვალტერ მიშელი ბავშვებს აძლევდა ზეფირს და ეუბნებოდა, რომ მეტ ზეფირს მიიღებდნენ, თუ პირველ ზეფირს არ შეჭამდნენ 15 წუთის განმავლობაში. გაირკვა, რომ ბავშვები, რომელთაც შეძლეს მოცდა, გაცილებით წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ. როდესაც მათ მიაღწიეს ასაკობრივ სიმწიფეს, მათ ჰქონდათ უფრო მაღალი ხელფასები, ჰქონდათ უკეთესი საგანმანათლებლო მიღწევები, მისდევდნენ უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესს და სხვ.
ჯილდოს მოლოდინის უნარი, ასევე, არის უწინარესი ადამიანური თვისება ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.
ტურიზმის სექტორში მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა შეიძლება ძალიან სწრაფად, რასაც ჯილდოც დაუყოვნებლივ მოჰყვება. ადამიანი სწავლობს ცოტა ინგლისურს, რუსულს, ან სხვა ენას, რაზეც ტურისტები საუბრობენ, და მაშინვე ხდება კვალიფიცირებული გარკვეული სამუშაოსთვის (გამყიდველი ტურისტულ მაღაზიაში, ტურისტ-გამყოლი, რესტორნებში წაყვანა და ა.შ.). ადამიანს არც კი სჭირდება, ინგლისური შექსპირივით წყალივით იცოდეს. მას უკვე შეუძლია, იხეიროს ისეთი მარტივი ფრაზების ცოდნისგან, როგორიცაა „სადაური ხარ?“, „XX კარგია“ (სადაც XX არის ტურისტის სამშობლო), „აქ გაჩერდი!“, „დაბალი ფასები!“, „კარგი შემოთავაზებაა!“ „მოდი, მეგობარო, შემოდი ჩემს მაღაზიაში“ და, ტურისტული მუშაკების კლასიკური ფრაზა „რა პრობლემაა!“ (უნივერსალური პასუხი ყველა კითხვაზე, რაც ტურისტს შეიძლება ჰქონდეს).
იმ ადამიანებსაც კი, ვისაც არ ჰყოფნით მოთმინება, ინვესტიციები ჩადონ თავიანთი ადამიანური კაპიტალის განვითარებაში წლების განმავლობაში, რადგან მოკლებულნი არიან ჯილდოს მოლოდინის უნარს, ეძლევათ სტიმული, განავითარონ თავიანთი ადამიანური კაპიტალი ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ჯილდო სწრაფად მოდის. თუ ადამიანი საუბრობს ინგლისურად, ადამიანური კაპიტალის განვითარებისახალი და საინტერესო შესაძლებლობები იშლება მის წინაშე – ონლაინ-კურსები, რაც მოიცავს თითქმის ყველა თემას, მათ შორის, ტურიზმის მენეჯმენტს, საზღვარგარეთ მუშაობა და სწავლა.
ვაქციოთ საქართველო უკეთეს საცხოვრებელ ადგილად!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ტურიზმთან დაკავშირებით ისაა, რომ ადამიანები ერიდებიან თავიანთი არდადეგების გატარებას ისეთ ადგილებში, რომლებიც არაა საინტერესო, საცხოვრებლად რიგიანი და ლამაზი. შესაბამისად, რაც მეტი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, მით უფრო მეტად მიიჩნევა, რომ მას აქვს ყველა ეს ატრიბუტი. ამას წყალი არ გაუვა.
თუმცა ლამაზი და საინტერესო ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი, ის საცხოვრებლადაც საინტერესო ხდება. ტურიზმი ახალისებს ხელოვნებას, კულტურას, კვებისა და გართობის ინდუსტრიას, რომლითიც შემდეგ ადგილობრივებიც ტკბებიან.
ამ სტატიის ერთ-ერთი ავტორი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბერლინში, სადაც მას საშუალება ჰქონდა, არჩევანი გაეკეთებინა ოპერის სამ სახლსა და მსოფლიო დონის ორ ორკესტრს შორის (ყველაზე ცნობილია ბერლინის ფილარმონია). მას კარგად ახსოვს, რომ მასთან ერთად კონცერტს ესწრებოდა უამრავი აზიელი, ძირითადად, იაპონელი, რომლებიც იხდიდნენ ბევრად მაღალ ფასს ბილეთში, რითიც ხდებოდა 10-20 ევროიანი ბილეთების თანასუბსიდირება ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. კონცერტის დასრულების შემდეგ კი, მას შეეძლო სიამოვნების მორევში გადაშვებულიყო Friedrichshain-ისა და Prenzlauer Berg-ის ბოჰემური კვარტლების ასობით კაფესა და რესტორანში, რომელთა სიმრავლეს მხოლოდ ტურისტთა სიუხვე განაპირობებდა.
მსგავსი ტენდენცია შეიძლება დავინახოთ თბილისშიც. არც ისე დიდი ხნის წინ, დაარსდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სავარაუდოდ, მხოლოდ ტურისტების მოსაზიდად. ახლა ის უკვე საინტერესო ადგილია ადგილობრივებისთვისაც. ასევე, სასიამოვნო კაფეები ვაკესა და ძველ თბილისში, შარდენის ქუჩაზე, ძირითადად, ტურისტებითაა გადაჭედილი, რომლებიც ახალისებენ ქუჩის ცხოვრებას. თუნდაც ის ფაქტი, რომ აქტიურად განიხილება, როგორ გავხადოთ თბილისი უფრო მიმზიდველი ფეხით მოსიარულეთათვის, სწორედ ტურისტების დამსახურებაა, რომელთაც არ სიამოვნებთ თბილისში სეირნობა, რადგან (1) ზებრით მონიშნულ გადასასვლელებს ყურადღებას არ აქცევენ მძღოლები, (2) პოლიცია, რომელიც ყველგან პატრულირებს და გაბრაზებული ყვირის მანქანიდანვე, არაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ფეხით მოსიარულეთა უფლებები, და (3) ტროტუარები არის ჩახერგილი და ბლოკირებული დაპარკინგებული მანქანებით (ფლორიან ბირმანი ამ პრობლემების შესახებ უფრო დეტალურად საუბრობს სტატიაში „თბილისი – ქალაქი მანქანებისთვის და არა ხალხისთვის“, რომელიც ხელმისაწვდომია ISET-ის ბლოგზე).
მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებს ჯერ კიდევ არ ესმით, რომ მანქანებისადმი დადებითად განწყობილ ქალაქში ცხოვრება საშინელებაა, ტურისტების მიზიდვის სურვილი არის დამატებითი მოტივაცია, რომ თბილისი გახდეს უფრო სასიამოვნო ქალაქი ფეხით მოსიარულეთათვის. ანალოგიურად, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს უფრო მიმზიდველი ტურისტებისთვის, საქართველო მუშაობს უამრავი მიმართულებით, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაწყებული, უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დამთავრებული.