შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

მოსახლეობის კლება საქართველოში
ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2015

„რომ შეიძლებოდეს, ქართველები ნახევარ ბავშვს გააჩენენ“.

სომეხი ეპისკოპოსი ვაზგენი კიტა ბუაჩიძის წიგნიდან „შავი წიგნი“

გაეროს მოსახლეობის პროგნოზების (მუდმივი ნაყოფიერების სცენარის) თანახმად, საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობა 2.8 მილიონამდე შემცირდება. 2013 წელს საქართველო იყო იმ 19 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობამაც, წინა წელთან შედარებით, იკლო. ამას თან ერთვის დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში მკვეთრადაა გამოხატული ვაჟების სასარგებლოდ. მაშინ, როცა მსოფლიოში ყოველ 100 გოგონაზე 107 ბიჭი იბადება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 111-ს უტოლდება. ამ ინდიკატორით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საგანგაშო ოთხეულში შედის. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქალები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ერის გამრავლებაში, რადგან, როგორც წესი, მომავალი თაობის წარმომადგენელთა რაოდენობა დამოკიდებულია დღეს დაბადებული გოგონების, და არა ვაჟების რიცხვზე (დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის საკითხზე შეგიძლიათ წაიკითხოთ იაროსლავა ბაბიჩის „გენდერული დისბალანსი: სამხრეთ კავკასია ჩინეთის გზას მიუყვება“ და ლაშა ლანჩავას „ტოქსოპლაზმა და ახალშობილთა გენდერული დისბალანსი სამხრეთ კავკასიაში“ ISET Economist-ის ბლოგზე).

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ეზრუნა ქართველი ერის (ეკონომიკურ) მომავალზე და მოსახლეობის კლების წინააღმდეგ ზომების გატარება დაიწყო. აღნიშნული ქმედებების უმრავლესობა ძირითადად შობადობის სტიმულირებას გულისხმობდა. საკითხავია: ა) რამდენად საჭირო იყო ეს ზომები და ბ) შეძლებს თუ ვერა მთავრობა ასე მოსახლეობის კლების შეჩერებას?

რატომაა პრობლემა ნაკლები ხალხი ქვეყნისთვის?

ეკონომისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის კლებას ვეებერთელა ეკონომიკური პრობლემები მოაქვს. მათი ლოგიკის თანახმად, ასე ეკონომიკაში ამოიწურება საწარმოო პროცესის ერთ-ერთი მთავარი რესურსი – მუშახელი. 

თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი არგუმენტირება იმდენად მართებულია, რამდენადაც ისინი წარმოაჩენენ ხოლმე. როდესაც ეკონომიკურ პროგრესზე ვსაუბრობთ, მნიშვნელობა ენიჭება ერთ სულ მოსახლეზე  შემოსავალს და არა ქვეყანაში მიღებულ მთლიან შემოსავალს. ასე რომ, თუ ქვეყანაში ცოტა ხალხია, იმავე ცხოვრების დონის მისაღწევად ქვეყანას პროპორციულად ნაკლები შემოსავალიც ეყოფა. ამიტომ რეალური პრობლემაა არა იმდენად მოსახლეობის კლება, რამდენადაც ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილება ქვეყანაში. საზოგადოებაში, რომელიც ბერდება, მეტი მოხუცი და ნაკლები ახალგაზრდაა. რაკი ასაკოვანთა უმრავლესობას შრომა და საკუთარი სიბერის მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია, მცირერიცხოვან ახალგაზრდა თაობას უწევს არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ პენსიონერების შენახვაც. ჩვეულებრივ, მოსახლეობის კლებას თან ერთვის ასაკობრივი სტრუქტურის არახელსაყრელი ცვლილებაც და, ალბათ, ამიტომ ამ ორს ხშირად შეცდომით ერთმანეთთან აიგივებენ. რეალურად, ეს ლოგიკა გამართლებული არაა, რადგან ერთი და იმავე ტემპით კლებად ორ ქვეყანაში დაბერებამ, შესაძლოა, სხვადასხვა სიმწვავის ეკონომიკურ პრობლემამდე მიგვიყვანოს. იაპონიის მსგავს მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, სადაც მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 83 წელია, უხეშად რომ ვთქვათ, საშუალოდ ადამიანები პენსიაზე გასვლის შემდეგ კიდევ 18 წელიწადს ცოცხლობენ (აქ უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ 83 წელი დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობაა და არა პენსიაზე გასვლისას. ეს უკანასკნელი 83-ს კიდევ უფრო აღემატება). მეორეს მხრივ, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 73 წელია და  ადამიანები პენსიაზე გასვლიდან მხოლოდ 8 წელიწადს ცოცხლობენ. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დაბერების პრობლემა უფრო მძიმე ტვირთად დააწვება იაპონიას, ვიდრე საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მოსახლეობა ერთნაირი ტემპით იკლებს. 

რაკი პრობლემა ასაკობრივ სტრუქტურაშია და არა თავისთავად კლებად მოსახლეობაში, რეპროდუქციის მასტიმულირებელი პოლიტიკა მხოლოდ ირიბად უკავშირდება ნამდვილ პრობლემას. უფრო პირდაპირი მიდგომა იქნებოდა საპენსიო ასაკის გაზრდა, რასაც ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს. მაგალითად, გერმანიაში სტანდარტული საპენსიო ასაკი 2031 წლამდე თანდათანობით გადაიწევს 67-მდე. თუკი XXI საუკუნის განმავლობაში საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მოიმატებს, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკურ პრობლემებს, საპენსიო ასაკის სათანადო კორექტირების გარეშე.

დაბერებადი საზოგადოების ეკონომიკური გამოწვევების შესახებ სტანდარტული არგუმენტის თანახმად, მუშახელი საწარმოო პროცესის აუცილებელი და ჰომოგენური ნაწილია. XXI საუკუნეში კი ჩვენ სწრაფი ავტომატიზაციის მომსწრენი ვხდებით და დარწმუნებით ვერც ვიტყვით, რამდენი მუშახელი დაგვჭირდება სამომავლო საწარმოო პროცესებში. არავინ დაობს, რომ გარკვეული ტიპის შრომაზე, მაგალითად, არაკვალიფიციურ მუშახელზე, მოთხოვნა თითქმის აღარ იარსებებს. გერმანია, იაპონიის მსგავსად, უკვე დღეს ებრძვის მსოფლიოში დაბერებით გამოწვეულ ყველაზე დიდ პრობლემებს (ლტოლვილთა შედინებისადმი დადებითი დამოკიდებულებაც ნაწილობრივ მუშახელის მომავალი დეფიციტის მოსაზრებითაა განპირობებული). საშუალოდ ორ გერმანელ დასაქმებულზე ერთი პენსიონერი მოდის. მიუხედავად მუშახელის მომავალი სიმწირის შესახებ შიშნარევი მოლოდინებისა, არაკვალიფიციური კადრების უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავაც 20%-ზე მაღლა დგას და არც ვინმე ელოდება ამ მაჩვენებლის კლებას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ცხადია, რომ საჭიროა არა ნებისმიერი ტიპის, არამედ კვალიფიციური მუშახელი. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ რეპროდუქციის სტიმულირებით ვერ მიიღწევა. 

ბოლოს, როგორც წესი, ამ დებატებში უგულებელყოფილია გლობალური პერსპექტივა. 10-მილიარდიანი მსოფლიო მოსახლეობა, როგორც მოსალოდნელია საუკუნის შუა წლებისათვის, პლანეტისთვის ვერ იქნება მდგრადი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ეკონომიკურად რიგიან არსებობაზეა საუბარი (ნობელის პრემიის ლაურეატი კონრად ლორენცი ამას ამტკიცებდა ჯერ კიდევ 1973 წელს თავის წიგნში ცივილიზებული ადამიანის რვა მომაკვდინებელი ცოდვა). ამიტომაც, შეიძლება ადამიანმა იმაზეც კი იდავოს, რომ მუდმივი (ან კლებადი) მოსახლეობა უფრო მიღწევაა, ვიდრე პრობლემა და მასთან ბრძოლის ნაცვლად, ტენდენციას ხელიც კი უნდა შევუწყოთ მსოფლიოს მასშტაბით. 

ბრძოლა მოსახლეობის კლების ტენდენციის წინააღმდეგ

ქართული ოცნების მთავრობამ დემოგრაფიული პოლიტიკის ფორმირება უკვე 2013 წლიდან დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დააარსა. იმავე წელს ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსშიც. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადა 126-დან 183 დღემდე გაიზარდა, უხელფასო შვებულებისა კი – 477-დან 730-მდე. სახელმწიფო დახმარებაც 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს მთავრობამ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა წამოიწყო. პროგრამის ფარგლებში მესამე და შემდეგი შვილის დაბადებისას მშობლები იღებენ ფინანსურ დახმარებას 2 წლის განმავლობაში, თვეში 150-200 ლარის ოდენობით. ფინანსური დახმარების მოცულობა განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით და მიიღებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ბუნებრივად კლებადი რეგიონებიდან არიან. მხოლოდ 2015 წლის აგვისტოში მთავრობამ ამ პროგრამაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 

უკვე ათწლეულებია, რაც შობადობაზე მონეტარული სტიმულების გავლენაზე ცხარე დებატები მიმდინარეობს (მაგალითისთვის იხილეთ “On Two Schools of the Economics of Fertility”, Warren Sanderson, Population and Development Review 2, 469-477, 1976). უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კვალიფიციური და წარმატებული ადამიანების რეპროდუქციულ ქცევას იშვიათად განაპირობებს ახალშობილის დაბადებისას გაცემული დახმარებები. ბავშვის აღზრდა მშობლისგან ბევრი რამის შეცვლას მოითხოვს, მათ შორის სხვადასხვა ტიპის მოხმარების საგნებზე უარის თქმას, ცხოვრების სტილის შეცვლასა და დროის ახლებურ განაწილებას საქმიანი ადამიანებისათვის. ეს ასე იყო XIX საუკუნის ინგლისშიც. როგორც ჯ. ა. ბენქსი წერს მის ერთ-ერთ პირველ კვლევაში ამ საკითხთან დაკავშირებით: „თანამედროვე ყოფის მატერიალური კომფორტისადმი დამოკიდებულებამ და შვილების აღზრდასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდამ თავისი წვლილი შეიტანა ოჯახის ზომის შემცირებაში“ (Prosperity and Parenthood, 1954). რომის იმპერიაშიც კი, იმპერატორი ავგუსტუსის მმართველობისას, დაბალი შობადობა პრობლემად ითვლებოდა და მასთან ბრძოლის მიზნით, დაუქორწინებელ მამაკაცებს აჯარიმებდნენ. მიუხედავად მკაცრი ზომებისა, ტაციტუსის თანახმად, ამ მცდელობებს შედეგი არ გამოუღია. თანამედროვეობაშიც, არც სინგაპურის „ეროვნულ ღამეებს“, არც სამხრეთ კორეის „ოჯახურ ოთხშაბათებსა“ და არც იაპონურ რობოტ ბავშვებს არ მიუღწევია მნიშვნელოვანი წარმატებისათვის. მხოლოდ ჩაუშესკუს რუმინეთის სასტიკი ზომები აღმოჩნდა შედეგიანი, თუმცა კონტრაცეპტივების აკრძალვა და ქალბატონების ორსულობის მკაცრი კონტროლი (იმისათვის, რომ აუცილებლად მიეყვანათ ბოლომდე) წარმოუდგენელი და არასასურველია თანამედროვე თავისუფალი საზოგადოებისათვის. 

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების უმრავლესობა ძირითადად განვითარებული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა და, შესაძლოა, სწორედ ამის შედეგია შობადობის პროგრამების არაეფექტურობა. გერმანია დიდი ხანია ცდილობს შობადობის გაზრდას სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით. ეს მცდელობები ჯერ კიდევ ნაცისტური გერმანიის პირობებში დაიწყო, როცა 4, 6 და 8 შვილის დედებს საპატიო მედლებით აჯილდოვებდნენ. ომის შემდეგ რეპროდუქციული ქცევის წასახალისებლად მრავალფეროვანი მონეტარული სტიმულებიც შემოიღეს, თუმცა გაკვეთილი ამ პოლიტიკის შესახებ არის ის, რომ მხოლოდ დაბალშემოსავლიანი და ეკონომიკური პერსპექტივის არმქონე ადამიანები პასუხობდნენ ამ ზომებს (შეჯამებისათვის იხ. ზოგიერთი სამეცნიერო სტატია გერმანულ ენაზე “Wo kommen die Kinder her?”, Carsten Germis & Inge Kloepfer, Frankfurter Allgemeine Zeitung, 12/04/2009). ამიტომაც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბია, მონეტარული სტიმულები შედეგს გამოიღებს! 

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ ნაკლები მიიჩნევდა, რომ ოჯახისათვის ბავშვების იდეალური რაოდენობა არის სამი. ის ფაქტი, რომ სურვილებსა და რეალობას შორის აშკარა განსხვავებაა, გარკვეულწილად უკავშირდება შვილების მომავალი ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ მოლოდინებს. მათ, ვინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი, მეტი შვილის გაჩენის სურვილიც აქვთ. 

გავუფრთხილდეთ ქართველ ქალებს!

მომავალი დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა წარიმართოს სხვა ასპექტებისადმი მეტი ყურადღებით, რომლებიც აქამდე არ გვიხსენებია. მაგალითად, 2013 წელს საქართველოში მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წმინდა ემიგრაცია რომ არა, მოსახლეობა გაიზრდებოდა და არ შემცირდებოდა! ასეთი მსოფლიოში სულ ოთხი ქვეყანა იყო: ალბანეთი, ესპანეთი, პუერტო რიკო და საქართველო. ამ ქვეყნებში, ბუნებრივი მატების დადებითი დინამიკის მიუხედავად, წმინდა ემიგრაციის ძლიერი ძალა მოსახლეობის კლებას განაპირობებდა. 

ამიტომაც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სტრატეგია იქნებოდა სწორი გენდერული პოლიტიკის გატარება, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდებოდა სამშობიარო ასაკის ქალების ემიგრაციის შემცირება. ბევრი ახალგაზრდა ქალისთვის უბრალოდ მიმზიდველი არ გახლავთ ქვეყანაში დარჩენის პერსპექტივა. შვედეთმა კი შობადობის გაზრდა, თითქმის ჩანაცვლების დონემდე, სწორედ სწორი გენდერული პოლიტიკის წყალობით მოახერხა (ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, შვედეთი პირველ ადგილზეა, საქართველო კი – 59-ე). ამგვარი ცვლილებები უნდა ითვალისწინებდეს ხალხის დამოკიდებულებებისკენ მიმართულ პოლიტიკას. მაგალითად, საქართველოში კანონმდებლობა არ განასხვავებს ქალებს და მამაკაცებს და მეტიც, მამებსაც შეუძლიათ დეკრეტული შვებულების გამოყენება. თუმცა ეს არ არის საკმარისი. საქმე ისაა, რომ, როგორც წესი, მამის დეკრეტულ შვებულებას თითქმის არავის იყენებს. შვედეთში კი, ამ კულტურულ ტენდენციას დაუპირისპირეს ბონუსები იმ შემთხვევებისათვის, როცა მშობლები თანაბრად იყოფენ დეკრეტულ დღეებს და კონკრეტული პერიოდი, რომლის გამოყენების უფლებაც მხოლოდ მამებს აქვთ.

ცალკეული შემთხვევებიდან და პირადი დაკვირვებებიდან გამომდინარე, ბევრი ქართველი ქალი, რომელიც ქვეყანას სამუშაოდ თუ სწავლის მიზნით ტოვებს, იშვიათად ბრუნდება უკან ქართველ სატრფოზე დასაქორწინებლად. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მოძველებულ გენდერულ როლებს, რომლებიც კვლავაც ღრმადაა ჩვენს საზოგადოებაში ფესვებგადგმული და ამბიციურ ქალბატონებს პირადი და პროფესიული ცხოვრების ჰარმონიულად წარმართვაში უშლის ხელს. 

აღნიშნული პრობლემის მოგვარება კი აუცილებელია, თუკი გრძელვადიან პერიოდში ქართველი ერის გადაშენების თავიდან აცილება გვსურს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა