2012 წელს აისეტის ეკონომისტის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში იაროსლავა ბაბიჩმა განიხილა ახალდაბადებულთა გენდერული დისბალანსის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც ბოლო დროს კულუარული საუბრების თემა გახდა. იაროსლავა ბაბიჩის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ახალშობილი ვაჟების რაოდენობის გოგონებთან თანაფარდობის მიხედვით საქართველო მხოლოდ ჩინეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩამორჩება.
თუ კომენტარების რაოდენობით ვიმსჯელებთ, სტატია ნამდვილად გახდა პოპულარული და რაც მთავარია, გააღვივა ჯანსაღი დისკუსია პრობლემის ირგვლივ. სავარაუდო მიზეზებად დასახელდა ვაჟის ყოლის უპირატესობა, გენდერ სპეციფიკური აბორტები, ე.წ. „დაბრუნებული ჯარისკაცის ეფექტი“, მშობელთა სტრესული მდგომარეობა, ქვეყნისთვის დამახასიათებელი კვება და ა.შ. ამ სტატიის მიზანია პრობლემის ალტერნატიულ ჭრილში განხლივა, რაც, ჩემი აზრით, დისკუსიას უფრო მრავალფეროვანს გახდის.
1990-იანი წლების დასაწყისში, ჩემმა თანაავტორმა და ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღაში ჩარლზის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორმა, იაროსლავ ფლეგრმა ტვინის ერთუჯრედიანი პარაზიტის ადამიანის ქცევაზე გავლენის გამოკვლევა დაიწყო. ტოქსოპლაზმა გონდიის (Toxoplasma gondii) სახელწოდებით ცნობილი ეს მიკროსკოპული პარაზიტი 1908 წელს ეგზოტიკური მღრღნელის (Ctenodactylus gundi) სხეულში აღმოაჩინეს. ფლეგრი ამტკიცებს, რომ ტოქსო წამოადგენს მანიპულაციის ჰიპოთეზის კლასიკურ ილუსტრაციას რომლის მიხედვითაც პარაზიტს შეუძლია მისი მასპინძლის ქცევის შეცვლა ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოს საკუთარი გენის მომავალ თაობებში გადაცემის შანსი. ტოქსოპლაზმის საბოლოო მასპინძლები არიან კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. ეს სახეობა ერთადერთია, რომელშიც პარაზიტი სქესობრივად მრავლდება. სხვა თბილსისხლიანი ცხოველებიც (უმეტესად კი მღრღნელები, როგორიცაა ვირთხა და თაგვი) შეიძლება დაავადდნენ, როგორც ჩანასახის მდგომარეობაში, ასევე დაბადების შემდეგ პარაზიტით დაინფიცირებული კატის ექსკრემენტით დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად. ევოლუციური ციკლის სრულყოფისათვის, ტოქსოს ამოცანაა მასპინძელი მღრღნელი კატას შეაჭმევინოს. ამისათვის პარაზიტს ძლიერი იარაღი აქვს — მასპინძლის ტვინით მანიპულირება, რის შედეგადაც მღრღნელი სექსუალურად აღეგზნება მტაცებლის შარდზე. ტოქსო ასევე ფიზიკურად ადუნებს მღრღნელს. საბოლოოდ, თაგვს თანდაყოლილი კატის შიში უქრება და ის მოდუნებული მისდევს მტაცებლის კვალს, რის შედეგადაც იგი ადვილი ნადავლი ხდება. ამ მდგომარეობას „მტაცებლის საბედისწერო მიმზიდველობას“ უწოდებენ.
მაგრამ რა საერთო აქვს ამ ყოველივეს ადამიანებში გენდერულ დისბალანსთან? ფლეგრი თავის წიგნში „მოერიდეთ ტოქსოს!“ (2011, ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია უფასოდ) ირწმუნება, რომ მსოფლიო მოსახლეობის 1/3-ს აქვს ტოქსოპლაზმით გამოწვეული დაავადება — ტოქსოპლაზმოზი. დაავადების გავრცელება მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში. გავრცელება შეიძლება იყო ძალიან დაბალი, როგორც ესაა სამხრეთ კორეაში (4%) ან ძალიან მაღალი, როგორც ნიგერიაში (78%). ევროპაში ტოქსოს გავრცელება მერყეობს 11%-დან (ნორვეგიაში) 63%-მდე (გერმანიაში).
შეიძლება კი, რომ ტოქსოპლაზმამ შეცვალოს ადამიანთა ქცევა ისე, როგორც მღრღნელების და მათ უცნაურად მოქცევა აიძულოს? ფლეგრისა და მისი კვლევითი გუნდის მიერ მიღებული შედეგებით, ამ კითხვის ნაწილზე პასუხი დადებითია. ტოქსოპლაზმით დაავადებულ პაციენტებს აღენიშნებათ შენელებული რეაქცია, დეპრესიის, შიზოფრენიის, ავტოავარიისა და თვითმკვლევლობისაკენ მიდრეკილება (Flegr, J. (2013): “How and why Toxoplasma makes us crazy”,Trends in Parasitology, 29(4), 156-163). 2011 წლის ნაშრომში (“Fatal Attraction Phenomenon in Humans – Cat Odour Attractiveness Increased for Toxoplasma-Infected Men While Decreased for Infected Women”, PLoS Neglected Tropical Diseases, 5(11)) კი ფლეგრი ამტკიცებს, რომ მღრღნელების მსგავსად, ინფიცირებულ მამაკაცებსაც მოსწონთ კატის შარდის სუნი. საინტერესოა, რომ ქალების შემთხვევაშიც ინფიცირებულნი ჯანმრთელებთან შედარებით ნაკლებად წუხდნენ აღნიშნულ სუნთან დაკავშირებით.
ეს ყველაფერი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ჩვენ ჯერ მაინც არ გვიპასუხია თავდაპირველ კითხვაზე: როგორ ზემოქმედებდეს ტოქსოპლაზმა ახალშობილთა გენდერულ დისბალანსზე? თავის 2006 წლის სტატიაში (“Women infected with parasite Toxoplasma have more sons”, Naturwissenschaften 94, 122–127) ფლეგრი ტოქსო ინფექციას ბიჭი ან გოგონა შთამომავლის ყოლის მიდრეკილებას უკავშირებს. პრაღაში კლინიკური ჩანაწერების ანალიზმა აჩვენა, რომ მშობიარობამდე ტოქსოპლაზმით ინფიცირებული ქალებისთვის ვაჟის გაჩენის შანსი არის 72%, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 გოგონაზე მოდის 260 ვაჟი (შედარებისთვის, იაროსლავა ბაბიჩის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ეს მაჩვენებელი არის 116). ფლეგრის და მისი თანაავტორების დაკვირვებით, შედეგების უკან ევოლუციური ფენომენი იმალება. პრე-ისტორიულ პრიმიტიულ საზოგადოებაში კაცის მთავარი საქმე იყო ნადირობა, რაც მისგან აგრესიულობასა და ნადავლის შორ მანძილზე დევნას მოითხოვდა და შესაბამისად შანსი იმისა რომ მამაკაცი შეჭმული იქნებოდა მტაცებლის მიერ მაღალი იყო. მაშასადამე, მამაკაცების სასარგებლოდ დარღვეული გენდერული ბალანსი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პარაზიტის მიერ მისი ევოლუციული ციკლის სრულყოფის გზა. იგივე კვლევა აჩვენებს, რომ ტოქსოპლაზმოზით დიდი ხნით დაავადებულ ქალებში ვაჟის ყოლის შანსი 45%-მდე მცირდება. გენდერულ დისბალანსზე ტოქსოს ეფექტის ევოლუციური როლი კვლავ საკამათოა და ბიოლოგიური მექანიზმის დეტალების განხილვა არც არის ამ სტატიის მიზანი.
ეს შედეგი, რაღა თქმა უნდა, ვერ გამოდგება იმის დადასტურებად, რომ ტოქსო გენდერული დისბალანსის მიზეზია. მაღალი გენდერული დისბალანსი, ისევე როგორც ტოქსოთი დაინფიცირებისკენ მიდრეკილება, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა არააშკარა ფაქტორებით, მათ შორის ტესტოსტერონის მაღალი დონით. აღნიშნული შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით, 2007 წლის კვლევაში (“Influence of latent toxoplasmosis on the secondary sex ratio in mice”, Parasitology, 134(12), 1709-1717) ფლეგრის გუნდმა ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ ხელოვნურად დაინფიცირებულ თაგვებში მამრის შობის ალბათობა იზრდებოდა 59%-მდე. თუმცა დროის გასვლასთან ერთად მამრის შობის ალბათობა 40%-მდე ეცემოდა.
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ გამჭრიახი მკითხველი შეიძლება დაინტერესდეს, როგორ ხსნის ეს დაბადებისას გენდერული დისბალანსის მაღალ დონეს სამხრეთ კავკასიაში სხვა ქვეყნებთან მიმართებაში? განსხვავდებიან კი ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად სხვებისგან ტოქსოს გავრცელებით? ვიცით კი ამ ქვეყნების ტოქსოთი ინფიცირებული მოსახლეობის წილი? სამწუხაროდ, მონაცემთა არარსებობის გამო არ შემიძლია ამ კითხვებს პასუხი გავცე. თუმცა მონაცემების არსებობაც ბევრს ვერაფერს შეგვმატებდა, რადგან ქვეყნების მიხედვით ტოქსოს გავრცელების გენდერულ დისბალანსთან დაკავშირების წინა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ამის მიზეზი არის ის, რომ მთავარი ფაქტორი ტოქსოპლაზმოზის დაბადებისას გენდერულ დისბალანსთან დაკავშირებისას არის ინფექციის ხანგრძლივობა და ადამიანებმა ჩვეულებრივ არ იციან, როდის მოხდა ინფიცირება. თუმცა, შემიძლია სპეკულირება, თუ რატომ ვფიქრობ, რომ ტოქსოპლაზმოზი რეგიონში მაღალი გენდერული დისბალანსის მიზეზია.
რადგან სამხრეთ კავკასიაში ქალები ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, ტოქსოპლაზმოზი შეიძლება იწვევდეს დაბადებისას ვაჟების უმრავლესობას ზრდას. მშობიარე ქალების საშუალო ასაკი გერმანიაში არის 31 წელი, ხოლო საქართველოში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 22–24 წელი. თუ დაინფიცირების ალბათობა არის ერთნაირი ცხოვრების ყველა ეტაპზე (რაც, სავარაუდოდ, არასწორი, მაგრამ მისაღები ჰიპოთეზაა), მაშინ შემთხვევითად შერჩეული 31 და 22 წლის ქალბატონებიდან, მოსალოდნელია, რომ 31 წლის ადამიანი უფრო დიდი ხნის დაავადებული იქნება, ვიდრე 22 წლის. ასე რომ, ტოქსოპლაზომოზით ინფიცირების ხანგრძლივობა ორსული ქალისათვის საშუალოდ უფრო ნაკლები იქნება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, აქ ვაჟის გაჩენის ალბათობა იქნება უფრო მაღალი.
მეტიც, ინფექციის ერთ-ერთი მიზეზია უმ ხორცთან და ბოსტნეულთან შეხება. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში ქალები უფრო მეტ დროს ატარებდნენ სამზარეულოში გათხოვების შემდეგ. მაშასადამე, ამ ქვეყნებში ქალები შეიძლება დაინფიცირდნენ ორსულობის საწყის პერიოდში და დაბადონ მეტი ვაჟი. ბოლოს, ტოქსოპლაზმოზი შეიძლება გავრცელდეს დაინფიცირებულ მამაკაცთან დაუცველი სექსის დროს. რადგანაც სავარაუდოა, რომ კავკასიელი კაცების დიდი რაოდენობა ტოქსოთი ინფიცირებულია, არსებობს დიდი შანსი, რომ ინფექცია გადასცენ ქალს დაორსულებამდე მცირე ხნით ადრე და გაზარდონ ვაჟის შობის ალბათობა.
ამ ეტაპზე, რაც ზემოთ განვიხილეთ, მხოლოდ სპეკულაციაა. თუმცა ახალშობილთა გენდერული დისბალანსის შესახებ მეცნიერული დისკუსიისას, ამ საკითხის გამოკვლევა ურიგო არ იქნებოდა.
* * *
ლაშა ლანჩავა არის ISET-ის ყოფილი სტუდენტია. ამჟამად ის ჩარლზის უნივერსიტეტის (CERGE-EI, პრაღა, ჩეხეთის რეპუბლიკა) უმცროსი მკვლევარი და დოქტორობის კანდიდატია.