2012 წელს ჩინეთში ყოველ 100 ახალშობილ გოგოზე 113 ბიჭი მოდიოდა, ინდოეთში – 112, ვიეტნამში – 111. უკვე დიდი ხანია, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გენდერული დისბალანით გამოწვეული სოციალური კრიზისის საფრთხე მედიის ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ აზიისთვის არაა დამახასიათებელი.
გაეროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2005-2010 წლებში აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს მეორე, მესამე და მეოთხე ადგილი ეჭირათ (ჩინეთის შემდეგ) მსოფლიოში გენდერული დისბალანსის მიხედვით. ამ ქვეყნებში ყოველ ერთ ახალშობილ გოგონაზე შესაბამისად 1.16, 1.15 და 1.11 ბიჭი მოდიოდა. ბუნებრივი შობადობის პირობებში ეს მაჩვენებელი 1.05-დან 1.08-მდე მერყეობს. ასე რომ, თითქმის შეუძლებელია, ზემოთ აღნიშნული ფარდობები ხელოვნური ჩარევის გარეშე ყოფილიყო მიღებული.
კიდევ უფრო საგანგაშო ისაა, რომ გენდერული დისბალანსი 15 წელზე ახალგაზრდა ბავშვებს შორის კლების მაგივრად იზრდება. მაგალითად, 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ ახალშობილ გოგოზე 1.11 ახალშობილი ბიჭი მოდის, 15 წლამდე ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 1.15-ია. სომხეთში ეს შეფარდებები 1.12 და 1.15-ია, აზერბაიჯანში კი 1.11 და 1.13. მართალია, მხოლოდ ეს რიცხვები დასრულებულ მტკიცებად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამგვარი ზრდა შესაძლოა უფრო მძიმე პრობლემაზე მიუთითებდეს: მწირი ოჯახური რესურსები – საჭმელი, სამედიცინო მომსახურება და სხვა - ბიჭებს ხმარდება გოგონების ხარჯზე.
ბიჭის ყოლისკენ მიდრეკილებას ეკონომიკური და კულტურული ფესვები აქვს. მაგალითად, ქრისტოფერ გილმოტოს (დემოგრაფიის უფროსი სპეციალისტი, IRD, საფრანგეთი) აზრით, გადახრა გენდერულ ბალანსში ტიპიურია პატრიარქალურ საზოგადოებებში, სადაც ტრადიციულად ქალი ქმრის ოჯახის ნაწილი ხდება და თავისი დედ-მამის ოჯახში ეკონომიკური სარგებელი აღარ შეაქვს. ჩინეთი, ინდოეთი და კორეა ასეთი საზოგადოებების მაგალითია.
ამგვარად, ბავშვის სქესის მიმართ დამოკიდებულება გარეგანი ეფექტის კლასიკურ შემთხვევად შეგვიძლია განვიხილოთ. იმ საზოგადოებებში, სადაც ბავშვი ინვესტიციის ფორმას წარმოადგენს და გოგოს აღზრდიდან ოჯახი სარგებელს ვერ იღებს, მდედრობითი სქესის ბავშვებში „ინვესტირება“ ნაკლებად იქნება. ამას კი მივყავართ ისეთი მდგომარეობისკენ, როცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა აცნობიერებს გენდერული ბალანსის საჭიროებას, არავის უნდა გოგოების ყოლა: მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგადად საზოგადოებისთვის სასარგებლოა, კონკრეტული ოჯახისთვის ტვირთად იქცევა.
ამ ფენომენის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ბიჭი/გოგო ფარდობის დროით ევოლუციაში შეგვიძლია ვეძებოთ. როგორც ზემოთ მოყვანილი გრაფიკი აჩვენებს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გენდერული ბალანსი 1990-იანების შემდეგ გაუარესდა; ჩინეთში იგივე 1985 წლის ეკონომიკური ლიბერალიზაციის მომტანი რეფორმების შემდეგ მოხდა. ისმის კითხვა: ხომ არ შეიძლება, რომ ბიჭებზე „მოთხოვნის ზრდა“ ეკონომიკური გაურკვევლობის ზრდას – სოციალური დაცვის დადგენილი ფორმების გაქრობას – უკავშირდებოდეს?
რა თქმა უნდა, გენდერული დისბალანსი სოციალური წონასწორობის წერტილი არაა და მისი შენარჩუნება ერთ დონეზე შეუძლებელია, ამიტომ რაღაც ტიპის თვით-რეგულირებადი მექანიზმი აუცილებლად ამოქმედდება. თუმცა, ასეთ ცვლილებებს დრო სჭირდება და როგორც წესი, სოციალური თვალსაზრისით ძალიან ძვირი ჯდება. შესაძლო შედეგებს შორისაა ტრადიციული ოჯახის სტრუქტურის რღვევა, ქალთა მიმართ გაზრდილი ძალადობა და მამაკაცთა შორის აგრესიული ქმედებების მატება.
გენდერული ბალანსის აღსადგენად ოჯახების დაინტერესებისთვის მთავრობა მხოლოდ სუბსიდიების მექანიზმს არ უნდა დაეყრდნოს. სავარაუდოა, რომ სოციალური დაცვის სქემების გაუმჯობესებას და – რაც უფრო მნიშვნელოვანია – ქალთათვის მეტი ეკონომიკური ძლიერების და საზოგადოებრივი დამოუკიდებლობის მინიჭებას დიდი როლი ექნება გენდერული დისბალანსის ზრდის შეჩერებისა და შემობრუნების საქმეში.