შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ქართული ლუდის აქციზის გადასახადის ექსპერიმენტები
შაბათი, 10 ოქტომბერი, 2015

ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდნენ, როგორც ჩანს, ლუდის შიდა მწარმოებლების გამძლეობის შესამოწმებლად. 2014 წლის სექტემბერში სექტორს დარტყმა მიაყენა სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლმა, რომელიც კრძალავს ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას საჯარო თავშეყრის ადგილებში. ლუდის ბაზარი, რომელსაც 97% ადგილობრივი მწარმოებლები ამარაგებენ, მაშინვე შემცირდა 22%-ით (ფიზიკური მოცულობა, იხ. ჩარტი), წლიური თვალსაზრისით.

თითქოს ეს საკმარისი არ იყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა მათ: გააორმაგა აქციზის გადასახადი და 2015 წლის იანვრიდან ის 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდა (მნიშვნელოვანი ზრდაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე ერთი ლიტრის საცალო ფასი საშუალოდ 3.2 ლარზე ნაკლები იყო).

ნატახტარის, ზედაზენისა და კასტელის მეირ ჩატარებულმა საჯარო კამპანიამ მოიტანა კომპრომისი: გადასახადი გაიზარდა მხოლოდ(?) 50%-ით და 40 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გახდა ლიტრზე. ასევე, გაზრდილი გადასახადი ძალაში შევიდა მხოლოდ 2015 წლის 1 მარტს, რამაც მწარმოებლებს ცოტა მეტი დრო მისცა, მორგებოდნენ ბაზარს და შეემუშავებინათ ახალი საინვესტიციო გეგმა.

და მაინც, 2015 წლის აპრილისთვის, შოკის მასშტაბი აშკარა გახდა. ლუდის ფასი იმაზე მეტად გაიზარდა ვიდრე გაზრდილი გადასახადის რაოდენობა (სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემების მიხედვით, 37 თეთრით/ლიტრი, ანუ საშუალოდ დაახლოებით 12%-ით), რადგან მწარმოებლები შეეცადნენ დაეკომპენსირებინათ  შემცირებული გაყიდვები. შედეგად, 2015 წლის აპრილიდან ივნისამდე ბაზარი შემცირდა 25%-ით ფიზიკური მოცულობით და 15%-ით გაყიდვებით. ტურიზმის ზრდა გახდა საჭირო, რომ სექტორის მუშაობა (დროებით) მიახლოებოდა 2014 წლის ივლისის დონეს.

ლუდის მწარმოებელთათვის მიყენებული ზარალი მართლაც დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლამდე ინდუსტრია სტაბილურად იზრდებოდა. ნატახტარის კორპორატიულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაშვილის აზრით, 2015 წელს კომპანიაში დაფიქსირდა 5%-იანი ზრდა. 15%-იანი ვარდნა გაყიდვებში (და ლუდის ბაზრის მთლიანი მოცულობის) არის 20%-იანი ნაპრალი ნატახტარის რეალურ და დაგეგმილ სამუშაოს შორის, რამაც განაპირობა მენეჯმენტის გადაწყვეტილება, კაპიტალის ინვესტირებისთვის გათვალისწინებული მილიონობით ლარი მიმართოს ოპერაციულ ხარჯებზე, როგორიცაა რეკლამა და მარკეტინგი, რათა მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.

რა ხდება მომხმარებლების შემთხვევაში?

ცხადია, ქართველ მომხმარებლებს არ მოეწონათ ლუდის გაზრდილი ფასები. რა ხდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით? არავინ იცის, რამდენად იყო ეს დაგეგმილი, მაგრამ აქციზის გადასახადის გაზრდამ შეიძლება ბიძგი მისცეს ქცევითი ჩვევების შეცვლას და შეამციროს ალკოჰოლისა და თამბაქოს მსგავსი „ცუდი“ პროდუქტების მოხმარება, რითიც გაუმჯობესდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საზოგადოებისთვის ამგვარად მინიჭებული ჯანმრთელობის სარგებლით შეიძლება გამართლდეს კერძო სექტორისთვის მიყენებული ზარალი. მართალია, თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთ ოპტიმისტურ შეხედულებას არაფერი აქვს საერთო ქართულ რეალობასთან.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ჭაჭისა და ღვინის ტრადიციის გათვალისწინებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, მარტივად ჩაანაცვლონ წარმოებული ალკოჰოლი მის შესანიშნავ შემცვლელს. ლუდი გაძვირდა, მაგრამ ადამიანები მარტივად დაუბრუნდნენ ღვინოს.

მეორე, საზოგადოების ჯანმრთელობა ნაკლებად აღელვებდათ ქართველ ფისკალურ ავტორიტეტებს. უფრო ძლიერ ლუდებზე უფრო მაღალი აქციზის გადასახადის დაწესებით (მაგ. 8%) მათ მარტივად შეეძლოთ საზოგადოების წაქეზება მოხმარების უფრო ჯანმრთელი ჩვევებისკენ (ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესაბამისად). თუმცა, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მართებულად აღნიშნა, ქართველ პოლიტიკოსებს ამისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ.

დაბოლოს, თუ ჯანმრთელობა იყო სასურველი პოლიტიკური მიზანი, მთავრობას გადასახადი უნდა დაეწესებინა ღვინოზე (აქციზის გადასახადი ღვინოზე მოიხსნა რუსეთის 2006 წლის ემბარგოს შემდეგ), რომელსაც გაცილებით მაღალი ალკოჰოლური შემადგენლობა აქვს. თუმცა აშკარა პოლიტიკური მიზეზების გამო, აქციზის გადასახადი ღვინოზე არ დაწესებულა, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, კვლავ ისიამოვნოს იაფი ალკოჰოლით.

სამთავრობო შემოსავლები?

მთავრობის განცხადებების თანახმად, აქციზის გადასახადის ზრდას უნდა მოეტანა დამატებითი 30-40 მილიონი ლარის საგადასახადო მოგება 2015 წელს, რაც იქნებოდა 50-60%-იანი ზრდა 2014 წელთან შედარებით. მთლიან საგადასახადო შემოსავლებში ლუდის წინა წლების და მოსალოდნელი წილის გათვალისწინებით, ლუდისგან მიღებული დამატებითი შემოსავალი უნდა ყოფილიყო 16-21 მილიონი ლარის ფარგლებში.

რეალობა ისაა, რომ 2015 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, გაზრდილი აქციზის გადასახადის შემოღების შემდეგ, ლუდის ბაზარმა მოიტანა 5 მილიონი ლარი დამატებითი საგადასახადო შემოსავლის სახით, რაც მართლაც 20%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ჩვენი გამოთვლებით (გამოვიყენეთ წინა თვიური მოხმარება როგორც ლუდის მომავალი მოხმარების პროქსი და გავითვალისწინეთ ლუდის ბაზრის ზოგადი შემცირება), 2015 წლის ბოლომდე მთავრობა შეძლებს მხოლოდ დამატებითი 4.5 მილიონი ლარის შეგროვებას, რითიც მთლიანი დამატებითი შემოსავლები იქნება 10 მილიონი ლარი ანუ დაგეგმილი ოდენობის მხოლოდ 50%.

ამას შეიძლება ვუწოდოთ ნაწილობრივი წარმატება, თუმცა...

გავიხსენოთ, რომ აქციზის გადასახადი მუდმივად იზრდებოდა წინა წლებში ბაზრის ზრდასთან ერთად. მაგალითად, 2013-დან 2014 წლამდე გადასახადი გაიზარდა 18%-ით, ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ზრდის პასუხად. შედეგად, თუ ლუდის ბაზარს არ შეეხებოდნენ 2015 წელს, სრულებით შესაძლებელია, რომ ამ ბაზრიდან მიღებული შემოსავალი ისედაც გაიზრდებოდა 10 მილიონი ლარით, რომ აღარაფერი ვთქვათ გაზრდილ დასაქმებასა და გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვა გადასახადების კატეგორიების პოტენციურ ზრდაზე (შემოსავალი, მოგება, დღგ).

დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი გამოთვლები აჩვენებს, რომ 2015 წელს მიღებულ დამატებითი საგადასახადო შემოსავლებზე (ისიც ძირითადად ტურიზმის სექტორის წყალობით) გაცილებით მეტი დაკარგეს ქართველი მომხმარებლებისა (რომლებიც იძულებულნი გახდნენ, გადაეხადათ მეტი და გადასულიყვნენ სხვა პროდუქტებზე) და ლუდის ინდუსტრიისთვის მიყენებული ზარალით. ინდუსტრიის ზარალი  შეადგენს დაახლოებით 15 მილიონ ლარს, რაც ბევრად აღემატება მთავრობის დამატებით შემოსავალს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი სოციალური ზარალი.

ამ წლის დასაწყისში ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 2015 წლის 1 იანვრიდან ალკოჰოლისა და თამბაქოს აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ საბოლოოდ დააზარალებდა კერძო სექტორს და არ მოიტანდა არავითარ სარგებელს. ჩვენ ვწერდით:

„მთავრობის წარმომადგენელთა მიზანი იყო საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა საქართველოს საკანონმდებლო გარემოს ჰარმონიზებით ევროკავშირთან. თუმცა იმდენად დაჩქარებულად გაკეთდა ეს, რომ ჩნდება ბევრი კითხვა. ქართულ კომპანიებს არ მიეცათ დრო, შეეცვალათ საკუთარი საინვესტიციო და საწარმოო გადაწყვეტილებები, რამაც შედეგად მოიტანა ჭარბი მოცულობა და ზარალი. უფრო მეტიც, ალკოჰოლის აქციზის გადასახადის დონე ბევრად აღემატება ბევრი ევროპული ქვეყნისას. გადაწყვეტილება მიიღეს შესაბამისი მოთხოვნის ელასტიურობის ყოველგვარი შესწავლის გარეშე, რაც გულისხმობს, თუ როგორ იმოქმედებს გაზრდილი გადასახადები გაყიდვებსა და საბიუჯეტო შემოსავლებზე. ქვეყანაში, რომელსაც აქვს მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების სახლში წარმოების ტრადიცია (რაც არ ექვემდებარება აქციზის გადასახადს), მოთხოვნა ალკოჰოლზე, როგორც წესი, უფრო ელასტიურია ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველ მომხმარებლებს შეუძლიათ გადავიდნენ სახლში დამზადებულ ღვინოზე და ჭაჭაზე, რითიც ხელმოცარულს დატოვებს მთავრობის გეგმას, დამატებითი 100 მილიონი ლარი მიიღოს აქციზის გადასახადისგან“.

რაც მხოლოდ ვარაუდი იყო 2015 წლის თებერვალში, ახლა ფაქტებით დასტურდება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა