შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

თბილისი: ვითომ ახალი რეგიონული სავაჭრო ოაზისი?
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2015

როგორც ISET-ის მომხმარებელთა ნდობის ინდექსის ბოლო ანგარიში იუწყება, ქართველ მომხმარებლებს არ აქვთ სავაჭრო განწყობა. თუმცა თბილისი კიდევ ერთხელ შეაზანზარა მთელ რეგიონში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრის, ისთ ფოინთის ზარზეიმით გახსნამ. შედეგად, თუ მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმს აღწევს, საცალო ვაჭრობის სივრცე და მსოფლიო დონის სავაჭრო ცენტრები ნამდვილ პიკზეა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: შეუძლია თუ არა ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარს, უზრუნველყოს ასეთი მოზღვავებული საცალო სივრცის მიწოდება?

თანამედროვე საცალო ვაჭრობის სივრცის მიწოდება უსწრებს ქართულ ეკონომიკას

ქართული საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდის მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 11%, რითიც იგი ეკონომიკის უდიდესი ნაწილს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ბოლო წლებში საცალო ვაჭრობაზე გაწეული დანახარჯები და სავაჭრო სივრცის მომარაგება სტაბილურად აჭარბებდა ქართული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. Colliers International-ის საცალო ვაჭრობის ბაზრის ანგარიშის თანახმად, სავაჭრო სივრცის მთლიანმა რაოდენობამ საქართველოს სამ მთავარ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, 2014 წელს 1.1 მილიარდ კვადრატულ მეტრს მიაღწია, მაგრამ ამ სივრცის მხოლოდ მეოთხედზე ოდნავ მეტი ეჭირა „სავაჭრო ცენტრებს“. უფრო მეტიც, მთლიანი სავაჭრო სივრცის დაახლოებით 80% თავმოყრილია დედაქალაქში.

რაკიინის მეირ (არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული უძრავი ქონების განვითარების კომპანია) თბილისი მოლის გახსნა 2012 წელს იყო უმნიშვნელოვანესი გარდატეხა. თბილისის ჩრდილოეთ ბოლოში მდებარე ეს სავაჭრო ცენტრი იყო პირველი, რომელიც საკმარის სივრცეს უზრუნველყოფდა და სრულად აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. თანამედროვე სავაჭრო ცენტრების სივრცის მომარაგება გაიზარდა დაახლოებით 28%-ით ყოველ მომდევნო წელს და 2014 წლის ბოლოსთვის 292,000 კვადრატულ მეტრს მიაღწია.

თითქოს ბევრია, არა? არც თუ ისე! 79 კვადრატული მეტრით ყოველ 1000 მოსახლეზე, საქართველო ჯერ კიდევ ჩამორჩება დასავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელს – 200 კვადრატული მეტრი ყოველ 1000 მოსახლეზე. ისთ ფოინთის გახსნა (გლობალური კერძო საინვესტიციო და საკონსულტაციო ჯგუფის, კვადრუმის საინვესტიციო პროექტი) და რამდენიმე შედარებით მცირე მოვლენა 2015 წლის ბოლომდე საქართველოს თანამედროვე სავაჭრო ცენტრების სივრცის ფონდს 42%-ით გაზრდის, რომელიც 2016 წელს კიდევ დამატებითი 10%-ით გაიზრდება.

და რა ხდება მოთხოვნასთან დაკავშირებით?

ამ კვირაში მეგობრებთან ერთად ისთ ფოინთში წავედი ფილმის „გასეირნება“ სანახავად. კინოთეატრში მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ბილეთები რომ არ გვქონოდა ნაყიდი, ფილმს არ გაუშვებდნენ. ასე რომ, სულ რაღაც 10 ლარად კერძო ჩვენება მოგვიწყეს.


ფრენჩაიზი თუ საკუთარი ბრენდის შექმნა?

ფრენჩაიზინგი გულისხმობს დადგენილი ბიზნეს-მოდელისა და ბრენდის გამოყენების უფლების მოპოვებას გარკვეული დროით. ქართველი მეწარმეების გადმოსახედიდან ფრენჩაიზინგი არის საკუთარი ადგილობრივი ბრენდის შექმნის ალტერნატივა. მაკდონალდსის გადმოსახედიდან, ფრენჩაიზინგი არის ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობა და დამატებითი ინვესტიციებისა და რისკების თავიდან აცილება. ბევრმა წარმატებულმა კომპანიამ (მაგ. მაკდონალდსმა, საბვეიმ, კოკა-კოლამ) თავის მოდელად პირდაპირი ინვესტიციების ნაცვლად აირჩია ფრენჩაიზინგი საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზრებზე შესასვლელად. ფრენჩაიზინგის საფასური, როგორც წესი, გულისხმობს სავაჭრო ნიშნის, ტრენინგებისა და საკონსულტაციო მომსახურების პრივილეგიებსა და გაყიდვების შემოსავლის პროცენტს.

მართლაც, ქართველი საზოგადოება მხოლოდ ახლა იგებს თანამედროვე სავაჭრო ცენტრების იდეას. თუმცა, მიუხედავად ახალი სივრცეების მიწოდების სწრაფი ზრდისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საშუალო ვაკანსიის მაჩვენებელი ქართულ სავაჭრო ცენტრებში თანდათანობით იკლებდა. უფრო მეტიც, ისთ ფოინთში, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლეა საცალო ვაჭრობის უძრავი ქონების ბაზარზე, თითქმის 70% წინასწარ, გახსნამდე გაქირავდა. გამოდის, საცალო მოვაჭრეებს აშკარად სჯერათ საქართველოს პოტენციალის.

სავაჭრო ცენტრებისთვის სივრცეებზე მოთხოვნას ქმნის ბრენდები, სუპერმარკეტები, სწრაფი კვების ქსელები და სამომხმარებლო ელექტროტექნიკა. საერთაშორისო საცალო ვაჭრობის დიდ წილს ამუშავებენ ფრენჩაიზერები, რომელთაც მართავს გარკვეული ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები.

საქართველოს ამომავალ საცალო ტანსაცმლის სექტორში ამჟამად 40-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი. საქართველოს მოდის ბაზარზე უდიდესი მოთამაშეები არიან რითეილ გრუპ ჯორჯია, რომელიც ეკუთვნის არაბულ Alhokair Fashion Retail-ს. ეს ჯგუფი მართავს არაერთ ბრენდს, მათ შორის ზარას, მარკს და სპენსერსს, გეპს, ბანანა რეპაბლიკს და სხვ. ქართული მოდის ბაზრის კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე არის საერთაშორისო კორპორაცია ICR, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ევროპულ ბრენდებს: ეკოს, ჯეოქსს, ბატას, ოკაიდის და ობაიბისა და სხვ. შპს Adress, რომელიც წარმოადგენს სელიოს, ეტამს, პრომოდს და სხვა საერთაშორისო ბრენდებს, ასევე იკავებს მოდის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან წილს. დაბოლოს, გეოგრაფიული სიახლოვისა და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წყალობით, ბევრი თურქული საცალო მოვაჭრე (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, მაგალითად, ბურგერ კინგის თურქული ფრენჩაიზი) ასევე არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.

კვების საცალო ვაჭრობაშიც შემოვიდნენ საერთაშორისო მოთამაშეები, მათ შორისაა კარფურის პარტნიორი დუბაიდან Majid al Futtaim Retail, სპარ საქართველო, ისევე როგორც ადგილობრივი საკვების საცალო მიმწოდებლები, როგორიცაა სმარტი და ფრესკო. ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდისა და სწრაფ კვებაზე ჯანსაღი ადგილობრივი მოთხოვნის წყალობით, სქართველოში შემოვიდნენ რიგითი ეჭვმიტანილები: მაკდონალდსი, საბვეი, ვენდისი, KFC, დანქინ დონატსი, ბურგერ კინგი და სხვები. და, რაღა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს საკმაო სივრცე ღია ბაზრებისა და ბაზრობებისთვის, რომლებიც ემსახურება ტრადიციულ ქართველ მომხმარებლებს.

საქართველო: ეკონომიკური ოაზისი!

ეს (სულ მცირე, პოტენციური) ბუმი კონსიუმერიზმში აისახა საქართველოს რეიტინგზე A.T. Kearney's-ის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის გლობალური საცალო გაყიდვების განვითარების ინდექსში (Global Retail Development Index – GRDI). GRDI-ში საქართველოს უკავია მე-6 ადგილი 30 განვითარებად ქვეყანას შორის, საცალო ვაჭრობის ინვესტიციების თვალსაზრისით. ეს ინდექსი დგება 20-ზე მეტი მაკროეკონომიკურ და საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული ცვლადების საფუძველზე. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო მიმზიდველია ქვეყნის საცალო ვაჭრობის სექტორი, შესვლის თვალსაზრისით.

ცხრილი #1: 2015 წლის გლობალური საცალო გაყიდვების განვითარების ინდექსი

2015 წლის
რეიტინგი
ქვეყანა
ბაზრის
მიმზიდველობა
ქვეყნის რისკი
ბაზრის გაჯერება
დროის ფაქტორი
GRDI-ის ქულა
1 ჩინეთი 66,7 55,7 42,3 96,6 65,3
2 ურუგვაი 93,3 60,4 68 38,9 65,1
3 ჩილე 98,2 100 13 37,9 62,3
4 ყატარი 100 89,4 34,3 12,8 59,1
5 მონღოლეთი 22,4 19,9 93,1 100 58,8
6 საქართველო 36,5 39,1 78,8 79,2 58,4
7

არაბთა გაერთიანებული საემიროები

97,6 84 16,5 33,9 58
8 ბრაზილია 98 60,4 45,2 28 57,9
9 მალაიზია 75,6 68,8 29,3 52,7 56,6
10 სომხეთი 35,4 37,1 82,1 66,3 55,2

წყაროები: Economist Intelligence Unit, Euromoney, international Monetary Fund, Planet retail, Population Reference Bureau, World Bank, World Economic Forum; A.T. Kearney analysis.

GRDI-ის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ოაზისია, არა იმდენად მისი ძლიერი ეკონომიკის გამო, რამდენადაც მისი იმედისმომცემი ნაკლებად გაჯერებული და სწრაფად მზარდი საცალო ვაჭრობის სექტორისა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაში მიღწეული შედეგების გამო. მიუხედავად საერთაშორისო საცალო მოვაჭრეების ბოლო შემოდინებისა, თანამედროვე საცალო ვაჭრობის წილი (ჰიპერმარკეტები, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.) საქართველოს მთლიან ბრუნვაში მაინც საკმაოდ დაბალია და ბევრად ჩამორჩება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს კარგი მაჩვენებელი ბაზრის მიმზიდველობასა და ქვეყნის რისკებში, იგი გამოირჩევა ბაზრის გაჯერებით და დროის ნაკლები ზეწოლით.

ნინო ყიფიანის, Cushman & Wakefield-ის ქვეყნის დირექტორის, აზრით (უდიდესი უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მართავს თბილისი მოლს), ბიზნესის კეთების სიმარტივე და ქვეყნის ძლიერი მაკროეკონომიკური მუშაობა გახდა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ისეთი ცნობილი საერთაშორისო საცალო მოვაჭრეების მოზიდვაში, როგორიცაა, მაგალითად, Alhokair Fashion Retail group. სხვა ფაქტორები იყო საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინვესტორების ყოფნა და, რაღა თქმა უნდა, კარგად განათლებული, მაგრამ (ჯერ კიდევ) იაფი მუშახელი.

წინ, მომავლისკენ!

2015 წლის გაზაფხულზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ბრენდმა დატოვა ქართული საცალო გაყიდვების ბაზარი, რის შემდეგაც ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ასათვისებელი კომერციული ფართის ზრდა დაფიქსირდა. ეს საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა ზოგიერთი მედია საშუალებისა და პოლიტიკური ოპოზიციისთვის, რომ დაეწყოთ მთავრობის დადანაშაულება ეკონომიკის არასწორ მართვაში. მართალია, არავინ დაობს, რომ ეს არ არის საუკეთესო დრო ქართველი მომხმარებლებისთვის, ზოგიერთი კომპანია ნამდვილად ჯანსაღი კონკურენციის გამო გავიდა, რაც გამოიწვია ახალი, მაღალხარისხიანი სავაჭრო ცენტრებისა და უკეთესი მენეჯმენტის მქონე ახალი ბრენდების შემოსვლამ. ინდუსტრიაში არსებული წყაროების მიხედვით, ძლიერი კონკურენცია არის მზარდი მოწიფულობის ნიშანი საქართველოს საცალო გაყიდვების სექტორში, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს ქართველ მომხმარებლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნა ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, რომ შეასრულოს საცალო გაყიდვების ჰაბის როლი უფრო ფართო რეგიონისთვის, რის გარანტიასაც იძლევა ქვეყნის გამჭვირვალე და პრობლემებისგან თავისუფალი ბიზნეს-გარემო. კერძოდ, სტაბილური შემოდინება ტურიზმში არის ზრდის მთავარი წყარო საქართველოს საცალო გაყიდვების ბაზრისთვის. Colliers International-ის თანახმად, 2010 წლის შემდეგ ქვეყანაში ვაჭრობის მიზნით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 5-ჯერ(!) გაიზარდა და 2014 წელს თითქმის ნახევარ მილიონს მიაღწია (მთლიანი ვიზიტორების დაახლოებით 9%).

ქართველ მომხმარებლებს ყველა მიზეზი აქვთ, რომ წუხდნენ დღეს. თუმცა ქართული ეკონომიკა და მისი საცალო გაყიდვების სექტორი ჯერ კიდევ იმედისმომცემად გამოიყურება. იმისათვის, რომ საქართველომ გაამართლოს რეგიონული სავაჭრო ოაზისის შესახებ არსებული მოლოდინი, მან უნდა შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გაამყაროს საკუთარი კორუფციისგან თავისუფალი, ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე ქვეყნის სახელი. იმედი გვაქვს, ზედმეტად ბევრს არ ვითხოვთ არჩევნების წელს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა