შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

აზერბაიჯანი და პოსტ-ნავთობის ერა?
შაბათი, 20 თებერვალი, 2016

ხანდახან გარდაქმნისთვის საჭიროა კრიზისი. ეს განსაკუთრებით კარგად ეკონომისტებმა იციან. ეს პრინციპი ყოველთვის გვახსენებს თავს, როცა კი ქვეყანა ეკონომიკურ შოკს განიცდის. ასეთ დროს ქვეყანა ჰგავს პაციენტს, რომელსაც ექიმი ბოლოჯერ აფრთხილებს, უარი თქვას მავნე ჩვევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს გამოუსწორებელი შედეგისთვის თვალის გასწორება.

გასულ წელს სწორედ ასეთი სცენარი გათამაშდა ჩვენ თვალწინ. საქართველოს მეზობელსა და ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, აზერბაიჯანს მძიმე დღეები დაუდგა.

მიმდინარე კრიზისი

გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, ნავთობის ექსპორტიორი სხვა ქვეყნების მსგავსად, ძლიერი გავლენა მოახდინა მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფასების ვარდნამ. ნავთობის მსოფლიო ფასების 70%-ით დაცემამ აზერბაიჯანის ნავთობის სექტორი 30%-ით შეამცირა.

ეკონომიკას, რომლის მშპ-ის ნახევარზე მეტს ბოლო რვა წლის განმავლობაში ნავთობის სექტორი ქმნიდა,  მხოლოდ ერთი პერსპექტივაღა დარჩა – ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება.

ვერ გაუძლო რა გაუფასურების წნეხს, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყანა ფიქსირებული გაცვლითი კურსიდან მართვად მცურავ რეჟიმზე გადადიოდა. სამწუხაროდ, ამასობაში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების 60% ვალუტის კურსის შენარჩუნებაზე დაიხარჯა. ამ დროის განმავლობაში CBA-მა მანათი მხოლოდ ერთხელ, 30% გააუფასურა. მაგრამ, როგორც კი ქვეყანა მართვად მცურავ რეჟიმზე გადავიდა, მანათი კიდევ 52%-ით გაუფასურდა. შედეგად, ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებაში ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა.

ვალუტის გაუფასურების ფონზე, დაიწყო სამომხმარებლო ფასების ზრდა. წლების განმავლობაში საკვების, ტანსაცმლისა და ავეჯის შემოტანა უფრო იაფი ჯდებოდა, რაც ამ პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს ბაზარს მიღმა ტოვებდა.

სამწუხაროდ, 2015 წლის საბიუჯეტო შემოსავლების ვარდნა ნიშნავს, რომ მთავრობა ვეღარ შეძლებს სოციალური უსაფრთხოების პროგრამების გაფართოებას. ერთადერთი, რასაც მთავრობა ხალხს დაპირდა, იყო საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის, პენსიონერებისთვის პენსიის ანაზღაურება. შედეგად, აზერბაიჯანი დადგა პოლიტიკური და ეკონომიკური მღელვარების ტალღის წინაშე, რაც მანამდე თითქმის წარმოუდგენელი იყო ქვეყნის მკაცრად კონტროლირებულ პოლიტიკურ გარემოში.

შესაძლებლობები სხვა სექტორებისთვის

რამდენადაც ცუდი იყო გაუფასურება, იმდენად უაღრესად საჭირო შვება მოჰგვარა ამან ეკონომიკის სხვა, არასანავთობო სექტორებს. თითქმის ერთ ღამეში ექსპორტიცა და იმპორტთან კონკურენციაში ჩაბმული ადგილობრივად წარმოებული პროდუქტები უფრო კონკურენტული გახდა.

არსებული მონაცემებით, 2015 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში აზერბაიჯანის არასანავთობო ექსპორტის ღირებულება (გამოსახული აშშ დოლარში) 25%-ით დაეცა, რაც, მეტწილად, სწორედ გაუფასურებამ განაპირობა. თუ მანათში გადავიყვანთ, არასანავთობო ექსპორტის ღირებულება რეალურად გაიზარდა.

2015 წელს არასანავთობო სექტორის მთლიანი გამოშვება გაიზარდა 4.4%-ით. მოულოდნელი არ არის, რომ ზრდის 2.37% ვაჭრობის სექტორზე მოდიოდა, რამაც ჯამში წლიური ზრდის  16.7% შეადგინა (ზემოთ მოცემული სექტორის 5-წლიანი ზრდის საშუალო მაჩვენებელი)1. სოფლის მეურნეობაც საკმაოდ გაფართოვდა (7.8%), რითიც არასანავთობო სექტორის ზრდის 0.74% შეადგინა. სხვა მზარდი სექტორები იყო ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა (10%-ზე მეტი, 0.8%-ის წვლილი), საცხოვრებელი და საკვები სერვისები (გაიზარდა 16.3%-ით, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპი ჩამოუვარდებოდა წინა წლების მაჩვენებელს, რაც შემოსავლებისა და სიმდიდრის შემცირებით აიხსნება).

სხვა არასანავთობო სექტორებიც გაიზარდა, თუმცა ჩვეულებრივზე მცირე ტემპით. სამწუხაროდ, ერთ დროს მქუხარე მშენებლობის სექტორი უეცრად შემცირდა, რომელშიც 2015 წელს უარყოფითი, 11.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, 2015 წელს აზერბაიჯანის მშპ-ში არასანავთობო სექტორის წილი 67%-მდე გაიზარდა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია მომხდარი ცვლილებები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2015 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასანავთობო სექტორში შემცირდა 2013 და 2014 წლებთან შედარებით. არასანავთობო სექტორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2015 წლის პირველ სამ კვარტალში იყო 678 მილიონი აშშ დოლარი, რაც 20%-ით ნაკლები იყო წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებული მონაცემები არ გვაძლევს არასანავთობო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორული ჩაშლის ნახვის საშუალებას, მაინც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამაზე პასუხისმგებელი მშენებლობის სექტორში არსებული პრობლემებია.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელი სათქმელია, თუ რა ბედი ელის აზერბაიჯანის არასანავთობო სექტორს, მოსალოდნელია, რომ არსტაბილური საერთაშორისო გარემო შეანელებს პროგრესს. თუმცა ქვეყანა უნდა გადაეწყოს არასანავთობო ეკონომიკაზე.

რა უნდა გაკეთდეს გარდამავალი პერიოდის შესამსუბუქებლად?

ვინაიდან არასანავთობო სექტორის განვითარება უაღრესად მგრძნობიარე საკითხია ნებისმიერი ქვეყნის ინსტიტუციური გარემოსთვის, აზერბაიჯანის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს კორუმპირებული პრაქტიკის აღმოფხვრა ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროდან. რამდენადაც საქმე ეხება უცხოურ ვაჭრობას, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ სძლიოს პროტექციონიზმის ცდუნებას, რომელიც გრძელვადიან პერიოდში დააზარალებს სექტორულ კონკურენციას.

წარმატების შემთხვევაში, ეს პოლიტიკა გახდება საწინდარი, რომ 10 წელიწადში 2015 წელს გაიხსენებენ როგორც ახალი შესაძლებლობების დასაწყისად, როდესაც დაიბადა აზერბაიჯანის ახალი, არასანავთობო ეკონომიკა.

1 წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომისია – ეროვნული ანგარიშები, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გათვლები.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა