შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ენერგეტიკული უსაფრთხოება და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. არის თუ არა ქართული მედია მზად?
ორშაბათი, 24 იანვარი, 2022

წინა ბლოგში საქართველოს ენერგოუსაფრთხოების აშკარა გაუარესებაზე ვიმსჯელეთ, რომლის პირობებშიც ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ხოლო შიდა ენერგიის წყაროების წილი საერთო, პირველად ენერგომიწოდებაში (ქვეყნის მიერ ერთი წლის განმავლობაში მოხმარებული მთლიანი ენერგიის რაოდენობა) მცირდება. აღნიშნული ტენდენციის შესაცვლელად ქვეყანამ დროულად უნდა უზრუნველყოს როგორც შიდა (უმეტეს წილად განახლებადი) ენერგიის გამომუშავების სიმძლავრის განვითარება, ისე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. ორივე ზემოხსენებული ქმედება სრულად მოდის შესაბამისობაში ქვეყნის უფრო მწვანე განვითარების გზაზე გადასვლის ვალდებულებასთან. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველო ამ დრომდე ორივე ამ მიმართულებით ჩამორჩება. თავისთავად შიდა წარმოების სიმძლავრის განვითარება გამოწვევებითაა სავსე, ენერგოეფექტურობა კი ნელი ტემპით იზრდება, განსაკუთრებით, სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან (მაგ. ლატვიასთან) შედარებით. არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ გარემოსა და ენერგეტიკის საკითხებზე არსებულ დებატებზე მნიშვნელოვან, და დიდწილად, უარყოფით გავლენას ახდენს ყალბი სიახლეები (ე.წ. „ფეიკ-ნიუსი“), ასევე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მცდარი აღქმა და მწვანე განვითარების გზაზე გადასვლის პოტენციური შესაძლებლობების განხილვის ნაკლებობა (პარალელურად, მწვანე განვითარების გზაზე არგადასვლის პოტენციური ხარჯების გათვალისწინებით). იმისათვის, რომ ქვეყანა კვლავ დადგეს უფრო ინკლუზიური და მდგრადი განვითარების გზაზე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა საზოგადოებამ დეტალური და სწორი ინფორმაცია მიიღოს არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის საშუალებებზე. ცხადია, ქართულმა მედიამ ამ პროცესში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს – თუმცა არის კი ის ამისთვის მზად?

ინფორმაციის ხარისხი

სამწუხაროდ, ირკვევა, რომ საქართველოში გავრცელებული ინფორმაციის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტს. IREX-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული მედიის მდგრადობის ინდექსის თანახმად, ქართული მედიასექტორი 2019 წელს ძალიან შორს იყო იდეალური მდგომარეობისგან. IREX-ის შეფასებით, ქართულმა მედიამ შესაძლო მაქსიმალური 4 ქულიდან (სრულად მდგრადი) 2-2.5 ქულა მიიღო, რაც „მდგრადთან მიახლოებულს“ ნიშნავს. პროფესიონალიზმის ქვე-ინდექსში კი სექტორი დაღმავალ ტენდენციას აჩვენებს. ქართული მედიასექტორის მსგავსს, შესაძლოა მცირედით გაუარესებულ სურათზე საუბრობს ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრიც, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, ქართული საინფორმაციო სისტემა კლასიფიცირდება როგორც „მცირედ რეზონანსული“ და მაქსიმალური 40 ქულიდან საშუალო 19 ქულა აქვს მინიჭებული, ხოლო ინფორმაციის ხარისხში მაქსიმალური 40-დან – 18 ქულა. როგორც თავად ანგარიშშია აღნიშნული: „მიუხედავად ინფორმაციის სიჭარბისა, რომელსაც როგორც პროფესიონალი, ისე არაპროფესიონალი პროდიუსერები ქმნიან, დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია ვრცელდება ბეჭდური და სამაუწყებლო მედიის, ციფრული მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით“.

ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის საკითხებზე მომზადებულ მასალებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჟურნალისტების მომზადების დონე ამ მიმართულებით იმედისმომცემი არ არის. მედია ნაწარმის განხილვისა და შეფასების პროცესში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ საკითხებს მედიაში ყურადღება და დრო ნაკლებად ეთმობა. მეტიც, იმ ინფორმაციის ხარისხი, რაც საზოგადოებამდე მიდის, უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს. ამგვარად, ერთი მხრივ, მედია კარგავს შესაძლებლობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ საკითხებისადმი ცნობადობის გარზდაში, და, მეორე მხრივ, ჩნდება არსებულ მონაცემებზე მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციის გავრცელების რისკი. პრობლემას ვერც ის ფაქტი აგვარებს, რომ ჟურნალისტები ანალიზის ნაკლებობის კომპენსირებას საზოგადოებისთვის გაუფილტრავი და ჭარბი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობენ: ხშირად საზოგადოებას საეჭვო წყაროებიდან მოპოვებულ მონაცემებსა და ცხრილებს, დაინტერესებული პირების მიერ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს შესახებ მომზადებული ანგარიშებიდან და სტატიებიდან ამოკრეფილი ინფორმაციას სთავაზობენ, ამ ინფორმაციის უტყუარობისა და სანდოობის გადამოწმების გარეშე.

რატომ მუშაობს მედია ასე ცუდად მწვანე დღის წესრიგთან დაკავშირებით?

უამრავი მიზეზის გამო, ქართული მედია მწვანე დღის წესრიგის საკითხებზე სათანადოდ არ მუშაობს. ჩვენ ამ მიზეზების იდენტიფიცირება ვცადეთ და აღნიშნული საკითხი მედიის სფეროში მოღვაწე არაერთ პროფესიონალთან ერთად განვიხილეთ. ჩვენი გუნდი 49 ჟურნალისტს დაუკავშირდა, რომელთაგან მხოლოდ 20-მა გამოთქვა ინტერვიუებში მონაწილეობის სურვილი და მზადყოფნა. გამოვკითხეთ სამი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც და მხოლოდ 12 გამოგვეხმაურა. ეს მონაცემები მეტყველებს, როგორია ამ თემებისადმი ინტერესი.

ჩვენმა რესპონდენტებმა და გამოკითხვაში მონაწილე პირებმა სამი ძირითადი ფაქტორი აღნიშნეს, რაც განაპირობებს მწვანე ეკონომიკის საკითხებისადმი დაბალ ინტერესს ქართულ მედიაში: (1) ქვეყანაში არსებული სოციო-პოლიტიკური გარემო, (2) ამ თემისადმი სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება, (3) რა სტიმულს იღებს მედია და ჟურნალისტი, როცა მწვანე ეკონომიკის საკითხებს აშუქებს.

ზემოხსენებული საკითხისაგან განსხვავებით, ქვეყანაში განვითარებული სოციო-პოლიტიკური მოვლენები ყველა მედია პლატფორმის დიდ ყურადღებას იპყრობს. მწვავე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა და ქვეყნისთვის ჩვეული პოლიტიკური გაურკვევლობის გამო ქართველი საზოგადოება ფიქრობს, რომ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა ნაკლებად არსებითი და საჩქაროა. აღნიშნული პრობლემებსა და მოსალოდნელ სარგებელზე დაბალი ცნობიერება და სკეპტიციზმი იწვევს იმას, რომ მწვანე ეკონომიკის საკითხებზე მომზადებულ მედიაპროდუქტებზე მოთხოვნაც დაბალია. მედია პლატფორმები დაფინანსების სტაბილური წყაროების მოძიებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უპირატესობას სწორედ პოლიტიკურ დაპირისპირებებს ანიჭებენ, რაც განაპირობებს იმას, რომ ეს სივრცე გაჯერებულია სადავო, მაგრამ რეიტინგებზე გათვლილი ახალი ამბების გადაცემებით. შედეგი კი ისაა, რომ ეს პლატფორმები ვერ ყალიბდებიან სანდო არხებად, რომლებიც იმუშავებდნენ იმაზე, რომ მაყურებლის ცნობიერება გაიზარდოს ისეთ ფუნდამენტურ თემებზე, როგორიცაა ენერგიაზე გადასვლისა თუ ეკონომიკურ განვითარებაში მწვანე მიდგომების გამოყენების საჭიროება (და შესაძლებლობები).

ჩვენ მიერ გამოკითხულთა აზრით, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არაერთი კამპანია ჩაატარეს ამ თემებზე საზოგადოებისა და მედიის ცოდნისა და ინტერესის გასაზრდელად, თუმცა ამ ეტაპზე ეს კამპანიები ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა, რამაც განაპირობა ის, რომ ამ თემებზე მომზადებულ პროდუქტებზე მოთხოვნა კვლავ დაბალი რჩება. არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული უფრო დეტალური ინიციატივების (მაგ. მედიასექტორში კომპენტენციის გაძლიერება) შემდეგაც კი, მხოლოდ რამდენიმე ტრენინგი აღმოჩნდა რეალურად მოქნილი თუ ჟურნალისტებისთვის საინტერესო (რომელიც ითვალისწინებდა დროის, ფორმატისა და სხვ. ფაქტორებს). ამან კიდევ უფრო შეამცირა ამ ტრენინგების მიმზიდველობა და გავლენა. დაბოლოს, ამ ღონისძიებების მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ნაკლებად ითვალისწინებდა რეგიონული მედია პლატფორმების საჭიროებებს, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ მსგავსი მხარდაჭერა.

ქართველმა ჟურნალისტებმა და ჟურნალისტიკის სტუდენტებმა, ისევე როგორც მედია ინდუსტრიამ, კარგად იციან, რომ საზოგადოებაში ამ თემებზე ინტერესი დაბალია. ინტერესის ნაკლებობა ვლინდება ფორმალური განათლების სისტემაშიც, სადაც ჟურნალისტიკის სტუდენტებს, ფაქტობრივად, არ აქვთ შესაძლებლობა, შეივსონ ცოდნა მწვანე დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ. საბოლოო ჯამში, არასაკმარისი ინსტიტუციური მხარდაჭერის, მოთხოვნის ნაკლებობის, დროის სიმცირისა და მოტივაციის დაბალი დონის გამო, ჟურნალისტების უმეტესობა არ უთმობს დროს მწვანე ეკონომიკის საკითხებში ცოდნის გაღრმავებას. მათ არც დამატებითი ინფორმაციის მოძიების ან მიზნობრივ ტრენინგებზე დასწრებით არ სურთ ცოდნის შევსება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მწვანე ეკონომიკის თემები საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება. ჭარბი ინფორმაციის ეპოქაში ჟურნალისტებიცა და მედია პროდიუსერებიც ისეთ საკითხებზე მუშაობას ამჯობინებენ, რომლებიც საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს და მოსამზადებლადაც გაცილებით მარტივია. ამგვარად, მედიის ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, რომლებიც გარემოსა და ენერგეტიკის საკითხებს აშუქებენ ან აქვეყნებენ, ამას, ძირითადად, პირადი ინტერესის ან სოციალური პასუხისმგებლობის გამო აკეთებენ.

რა იქნება მომავალში

ამრიგად, ჩვენს მთავარ კითხვაზე პასუხია „არა“, ქართული მედია ჯერ არ არის მზად, ხელი შეუწყოს საქართველოს უფრო მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას. ჩვენი შედეგები ადასტურებს, რომ ენერგიის გადასვლის მნიშვნელობის შესახებ არსებული ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებისათვის და, საერთოდ, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით ცოდნის ნაკლებობის შესავსებად, ჟურნალისტებმა და მთელმა ქართულმა მედიამ ძალისხმევა უნდა გააერთიანონ. თუმცა ჩვენი ანალიზი იმასაც ცხადყოფს, რომ პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამის მიღწევა მხოლოდ საზოგადოების სხვა მნიშვნელოვანი სეგმენტისა და საერთაშორისო მონაწილეების მხარდაჭერითა და ჩართულობითაა შესაძლებელი.

მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დონორებს დიდი როლი აკისრიათ ადგილობრივი მედიის მხარდაჭერის პროცესში, რათა მან შეძლოს თავისი საკვანძო მისიის შესრულება – გარემოსა და ენერგეტიკის საკითხებზე საზოგადოების ცოდნის დონისა და ცნობიერების ამაღლება. ერთ-ერთი ასეთი პოტენციურად სასარგებლო აქტივობის მაგალითია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ტრენინგი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის მწვანე ეკონომიკის საკითხებზე, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. ტრენინგში მონაწილე პირების ცოდნის შეფასებამ მწვანე ეკონომიკის საკითხებზე, ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგ, რომლის მიზანი კურსის შედეგების შეფასება იყო, ტრენინგში მონაწილეთა ქულებში, საშუალოდ, 50%-იანი გაუმჯობესება წარმოაჩინა, რაც გვაჩვენებს, რომ მსგავს მიზნობრივ ტრენინგებს ნამდვილად შეუძლია ამ სფეროში არსებული ცოდნის ხარვეზების შევსება. ამგვარად, მთავარ გამოწვევად რაც შეიძლება მეტი მოტივირებული მონაწილის მოზიდვა რჩება.

დაბოლოს, საზოგადოების ყველაზე ინფორმირებულ ნაწილსაც შეუძლია ვითარების გამოსწორება და პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანა მწვანე ეკონომიკისა და ენერგიის გადასვლის საკითხების უფრო ფართო და სიღრმისეული გაშუქების მოთხოვნით.

ქართული მედიის ძლიერ ძალად ქცევა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში არც მარტივი და არც სწრაფი პროცესი არ იქნება. თუმცა საკვანძო მონაწილეებისა და თითოეული ჩვენგანის დახმარებით, ამის გაკეთება შესაძლებელია.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა