შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ელექტროენერგიის იმპორტი, ადგილობრივი წარმოება და ენერგეტიკული უსაფრთხოება: დინამიკა, გამოწვევები და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობა საქართველოში
ორშაბათი, 22 ნოემბერი, 2021

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ენერგეტიკული უსაფრთხოების ორგვარ განმარტებას გვთავაზობს: ფართო გაგებით, ენერგეტიკული უსაფრთხოება არის „ენერგიის წყაროების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ხელმისაწვდომ ფასად“, მოკლევადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება კი ნიშნავს, რომ ენერგეტიკულ სისტემას შეუძლია, დაუყოვნებლივ დააბალანსოს მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის ნებისმიერი დარღვევა.

ენერგეტიკული უსაფრთხოება არ არის ცალკე მდგომი საკითხი, ვინაიდან მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საერთაშორისო ურთიერთობებში (იერგინი, 2006). უფრო მეტიც, ენერგეტიკული უსაფრთხოება მრავალგანზომილებიანი კონცეფციაა და არ შემოიფარგლება ენერგიის რომელიმე ფორმით. წლების განმავლობაში არსებობდა ენერგეტიკული დეფიციტის სხვადასხვა ფორმა, რომელიც ასოცირდებოდა ნავთობის, ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის დეფიციტთან ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო მათი მიწოდების შეწყვეტასთან. აქედან გამომდინარე, ენერგიის მიღება სხვადასხვა ტიპის ენერგიის წყაროდან და უნიკალური მომწოდებლებისგან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

იმის შესაფასებლად, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება დროთა განმავლობაში, უნდა დავაკვირდეთ ენერგიის მთლიანი მოხმარებისა და ადგილობრივი წარმოებისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს. მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ენერგიის იმპორტიც, რადგან ის ხაზს უსვამს უცხოურ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დონეს. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის 2013-2019 წლების მონაცემების გაანალიზებისას მთლიანი ადგილობრივი წარმოების მკაფიო კლების ტენდენცია შეინიშნება, ხოლო მოხმარება დროთა განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა. შედეგად, მთლიანი ენერგიის მოხმარებიდან ადგილობრივი წარმოების წილი 2013 წლის 34%-დან 2019 წლისთვის 21%-მდე შემცირდა (იხ. დიაგრამა 1).

დიაგრამა 1. ადგილობრივი წარმოების წილი ენერგიის მთლიან მოხმარებაში

Source: Geostat

ადგილობრივი წარმოების შემცირება ძირითადად ენერგიის ორი წყაროს შემცირებას უკავშირდება: (1) ქვანახშირი და (2) ბიოსაწვავი და ნარჩენები. 6 წლის განმავლობაში ქვანახშირის წარმოება 96%-ით, ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება კი 49%-ით შემცირდა. მოხმარების ძირითადი ზრდა ბუნებრივი აირის კატეგორიაში დაფიქსირდა, რომელიც ამავე პერიოდში 50%-ზე მეტით გაიზარდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2014-2020 წწ.). ეს დიდწილად გამოწვეულია ქვეყანაში გაზიფიკაციის არეალის გაზრდით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 2013 წლიდან გაზიფიცირების პროგრამაში 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტია ჩართული. გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ აირზე. რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება ბუნებრივი აირი მოსახლეობისთვის, მით უფრო მეტი ოჯახი გადადის ენერგიის ტრადიციული წყაროებიდან (ქვანახშირი და ბიოსაწვავი) ბუნებრივ აირზე. თუმცა საქართველოში ბუნებრივი აირი ადგილობრივად თითქმის არ იწარმოება, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმპორტის მზარდ წილს საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში.

2019 წლის ენერგეტიკულ ბალანსში იმპორტირებული ენერგიის ოთხი ძირითადი წყარო იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ქვანახშირი. მე-2 დიაგრამა ასახავს ამ ენერგიის წყაროების იმპორტის ევოლუციას 2013 წლიდან 2019 წლამდე. საინტერესოა, რომ მიუხედავად ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების შესახებ დისკუსიებისა და ელექტროენერგიის გამომუშავება-მოხმარებაში მზარდი სხვაობისა, ამ სხვაობის წილი საქართველოს მთლიან ენერგოდეფიციტში ძალიან მცირეა. ქვანახშირის იმპორტი მცირედით აღემატება ელექტროენერგიის იმპორტს (ტერაჯოულებში), ამიტომ მისი იმპორტის წილი ენერგიის მთლიან იმპორტში ძალზე მოკრძალებულია. მეორე მხრივ, ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტი მაღალია იმის გამო, რომ ადგილობრივი წარმოება თითქმის ნულოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბუნებრივი აირის იმპორტი წლების განმავლობაში იზრდება, ხოლო ნავთობის იმპორტი 2015 წლიდან შედარებით სტაბილურია (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა 2. ელექტროენერგიის, ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტი

Source: Geostat

ენერგეტიკის სექტორის სტრუქტურული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის გამო, საქართველო ბუნებრივად გადავიდა ენერგორესურსების უცხოურ წყაროებზე, ამიტომ ფასდაუდებელი გახდა ენერგიის სხვადასხვა წყაროს იმპორტის უფრო დეტალური ანალიზი და მათი პოტენციური გავლენის შეფასება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოკლე ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში არარეალურად ჟღერს (იმის გამო, რომ საქართველოს არ აქვს ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები), ქვეყანამ, სულ მცირე, უნდა მოახერხოს საკუთარისი სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაცია, რაც აუცილებელია ენერგეტიკული უსაფრთხოების მისაღწევად (იერგინი, 2006).

ამჟამად, ნავთობის მარაგი არ არის საკმარისი შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამიტომ საქართველოს ხარჯები ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მაღალია. მაგალითად, 2018 წელს საქართველომ 864 მლნ. აშშ დოლარი დახარჯა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე. ამ დანახარჯის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთიდან (23%), რუმინეთიდან (22%), თურქმენეთიდან (17.5%) და აზერბაიჯანიდან (12.5%) იმპორტს მოხმარდა. მომდევნო წლებში ამ პროდუქტებზე ჯამური დანახარჯი საგრძნობლად შემცირდა – 2018 წელთან შედარებით, 2020 წელს ხარჯი 42.3%-ით შემცირდა. მთავარი მიზეზი პანდემია იყო; შეზღუდულ პირობებში (კომენდანტის საათი, ფრენების გაუქმება) შიდა მოხმარებისთვის ნავთობპროდუქტებზე, მათ შორის საწვავზე, მოთხოვნა შემცირდა. თუმცა ნავთობის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იგივე დარჩა. მთლიანობაში, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია: საქართველო იმპორტს 61 ქვეყნიდან ახორციელებს; ექვს ქვეყანაზე (რუსეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და თურქეთი) მთლიანი ხარჯების 87% მოდის (იხ. დიაგრამა 3).

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ბუნებრივი აირის იმპორტზე დაახლოებით 281 მლნ. აშშ დოლარი დაიხარჯა. ხარჯების უმეტესობა (რაც საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის იმპორტზე დახარჯული ხარჯების 96.4%-ს შეადგენს) აზერბაიჯანზე მოდიოდა. ამ ხარჯების მცირე ნაწილი (2.8%) მოხმარდა ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთიდან. ეს ტენდენცია ოდნავ შეიცვალა მომდევნო წლებში, რადგან აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებამ იკლო. მიუხედავად ამისა, საქართველო უმეტესად ამ ბაზარზე რჩება დამოკიდებული. 2020 წელს ბუნებრივი აირის იმპორტზე მთლიანმა ხარჯმა 302 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მხოლოდ 4%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით და 7.5%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით. შესაბამისად, პანდემიას არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა ბუნებრივი აირის იმპორტზე. მთლიანობაში, 2020 წელს ამ ხარჯების 91% მოდიოდა აზერბაიჯანიდან იმპორტზე, ხოლო რუსეთიდან და სომხეთიდან იმპორტმა ბუნებრივ აირზე მთლიანი დანახარჯების 9% შეადგინა (იხ. დიაგრამა 3). ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საშუალოდ, იმპორტირებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 25% თბოელექტროსადგურებში აირის ელექტროენერგიად გარდასაქმნელად იქნა გამოყენებული. 

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან მიღებული ელექტროენერგიით ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაახლოებით 12% დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ქვანახშირის იმპორტი უფრო დიდია, ვიდრე ელექტროენერგიისა (ტერაჯოულებში), ელექტროენერგიის იმპორტზე მთლიანი დანახარჯი უფრო მაღალია. 2018 წელს საქართველომ დაახლოებით 75,4 მლნ. აშშ დოლარი დახარჯა ელექტროენერგიის იმპორტზე, ხოლო მომდევნო წლისთვის ეს მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა. პანდემიის გავლენის გამო 2020 წელს იმპორტი 17.6%-ით შემცირდა და ელექტროენერგიის მთლიანმა გადასახადმა 65 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ ელექტროენერგიის იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანიდან მოდიოდა. მაგალითად, 2018 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მთლიანი ხარჯების 84.2% აზერბაიჯანულ მიწოდებას მოხმარდა. მომდევნო წლებში აზერბაიჯანულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება შემცირდა და ელექტროენერგიის ნაწილი რუსეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა. 2020 წლისთვის ელექტროენერგიის ხარჯების 56.4% აზერბაიჯანულ ელექტროენერგიაზე მოდიოდა, 22.6% – რუსულზე, 21% კი – თურქულზე. მთლიანობაში, ამ სამი წლის განმავლობაში იმპორტის ღირებულების 71% აზერბაიჯანზე მოდიოდა, 21% – რუსეთზე, 7% კი – თურქეთზე (იხ. დიაგრამა 3). უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის იმპორტზე დანახარჯი სრულად არ ასახავს ელექტროენერგიის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ნამდვილ სურათს. ეს გამოწვეულია იმით, რომ თბოელექტროსადგურები ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივ აირს იყენებენ. ბუნებრივი აირის მთლიანი იმპორტის დაახლოებით მეოთხედი გამოიყენება თბოელექტროენერგიის წარმოებაში, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილების რეალური ხარჯები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს მონაცემებიდან ჩანს. 

ქვანახშირის ძირითადი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მასზე მოდის 2018-2020 წლების იმპორტზე გაწეული დანახარჯების დაახლოებით 97%. დანახარჯების მხოლოდ 2% მოდის თურქეთზე, დანარჩენ რვა ქვეყანაზე კი, რომელიც საქართველოს ქვანახშირს აწვდის, მთლიანი ხარჯების მხოლოდ 1% მოდის (იხ. დიაგრამა 3). ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვანახშირის იმპორტზე ყოველწლიურად, საშუალოდ, 22 მლნ. აშშ დოლარი იხარჯება. 

დიაგრამა 3. იმპორტზე მთლიან დანახარჯებში წილი (აშშ დოლარებში), ქვეყნებისა და ენერგიის წყაროების მიხედვით (ჯამში 2018, 2019 და 2020 წწ.)

ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკული მოთხოვნა, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად კმაყოფილდება უცხოური წყაროებიდან, ბუნებრივია, რომ ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილებული ენერგიის მოხმარების წილი მცირდება. ენერგიის „თანამედროვე“ წყაროებზე გაზრდილი მოთხოვნისა და წიაღისეული საწვავის შეზღუდული ადგილობრივი რესურსების გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აითვისოს ქვეყნის შიდა ენერგორესურსები, რათა შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის შიდა მიწოდების უდიდეს ნაწილს, რომელიც საქართველოს ენერგომოთხოვნის დაახლოებით მეექვსედს აკმაყოფილებს; ჰიდროენერგეტიკა ამჟამად ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს, თუმცა მომავალში მოსალოდნელია მზის და ქარის ენერგიის უფრო ფართოდ გამოყენება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით, დღეიდან 2030 წლამდე ახალი (განახლებადი) ენერგიის წყაროების დადგმული სიმძლავრე დღეისათვის არსებული სიმძლავრის თითქმის 50%-ს მიაღწევს. თუმცა ესეც არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოების წილი ენერგიის მთლიან მოხმარებაში იყოს იგივე, რაც 2013 წელს. 2019 წლის მაგალითზე საქართველოს დასჭირდება 84%-ით მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება (იქნება ეს ჰიდროენერგია, ქარი, გეოთერმული და ა.შ.) რათა ადგილობრივმა წარმოებამ დააკმაყოფილოს ენერგიის მთლიანი მოხამარების იგივე წილი, რაც 2013 წელს. ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ბუნებრივი აირის იმპორტის ჩანაცვლება მაინც მოითხოვს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 30%-ით ზრდას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ცდილობენ, ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება (განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკა) გაზარდონ.

დასასრულს, ენერგომოთხოვნასა და ქვეყნის შესაძლებლობებს შორის დააკმაყოფილოს იგი, სხვაობა იზრდება და აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ქართველი საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული ენერგეტიკის სექტორის დინამიკის შესახებ. ზემოთ ხსენებული სხვაობის გადაფარვა მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია უცხოეთიდან ენერგიის იმპორტით. თუმცა ამჟამად ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტი დივერსიფიცირებული არ არის და დიდწილად დამოკიდებულია აზერბაიჯანსა და რუსეთზე. ცოტა განსხვავებული სურათია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ამ შემთხვევაში, უამრავი ალტერნატივა არსებობს და არცერთი ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში არ აღემატება ერთ მეოთხედს. ზოგადი ტენდენციის თანახმად, სანამ ტრადიციულ და ადგილობრივ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მცირდება, ენერგორესურსების სხვა წყაროებზე გადასვლა საქართველოს უფრო დამოკიდებულს ხდის საგარეო მიწოდებაზე. ამ კონტექსტში, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გამომუშავების გაზრდა აუცილებელია არა მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობის შესამცირებლად, არამედ, ზოგადად, ენერგიის მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობის აღმოსაფხვრელად და ქვეყანის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი (2014-2020 წწ)

Yergin, D. (2006). Ensuring Energy Security. Foreign Affairs, 69-82.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა