შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რას გვპირდებიან პოლიტიკოსები: სოფლის მეურნეობა პოლიტიკური პარტიების დაპირებებში
ორშაბათი, 19 სექტემბერი, 2016

8 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი გვესმის ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დაპირებებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური კონკურენცია სასტიკი რამეა, აღარავის უკვირს აშკარად პოპულისტური განცხადებები – პოლიტიკური დაპირებები (ჯერ კიდევ არისტოფანეს დროიდან), რაც ძალიან პოპულარულია ამომრჩევლებში, მაგრამ რთული ან თითქმის შეუსრულებელია.

მაგალითად, ამ არჩევნებზე ყველაზე ხშირად განიხილება საგადასახადო სისტემის რეფორმა. თითქმის ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამა იწყება სხვადასხვა გადასახადების შემცირების ან სრულიად გაუქმების დაპირებებით. თუმცა ცოტა მათგანი თუ გვიხსნის, რამდენად შეუძლია ქვეყნის ბიუჯეტს მსგავსი რეფორმის მხარდაჭერა.

რამდენად პოპულისტურია სხვადასხვა ქართული პარტიების დაპირებები? ამ ბლოგში ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ დაპირებებს.

პოლიტიკური კონკია

საქართველოში პარტიების პოლიტიკურ დღის წესრიგებს შორის სილამაზის კონკურსი რომ ჩაგვეტარებინა, უდავოა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთ ბოლო ადგილზე აღმოჩნდებოდა. ეს საკმაოდ უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოფლის მეურნეობაში, რომელიც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სექტორია, დასაქმებულია ქვეყნის მუშახელის ნახევარზე მეტი. დისკუსია, თუ როგორ მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია ისე, რომ საფრთხე არ შევუქმნათ სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობას, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განხილვის თემა საერთაშორისო თუ ეროვნულ პოლიტიკურ წრეებში. და მაინც, რატომ არ არის სოფლის მეურნეობა მიმზიდველი თემა პოლიტიკოსებისთვის? რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პროგრამების მოკლე მიმოხილვა წარმოდგენას შეგვიქმნის ამაზე.

სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, ამა თუ იმ სახით, ახსენებს სოფლის მეურნეობას. მაგრამ, ნეტა, რისი თქმა უნდათ? წარმოგიდგენთ პოლიტიკური პარტიების სოფლის მეურნეობის პროგრამის „პოპულარული სახელმძღვანელოს“ ჩვენეულ ვერსიას:

გამარჯვებული ნომინაციაში „ყველაზე არაპოპულარული პროგრამა“ არის...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ). ენმ-ის პროგრამა მხოლოდ მოკლედ ახსენებს სოფლის მეურნეობის საკითხებს (მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება, მათ შორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, შესულია პარტიის პროგრამაში). პარტია გვპირდება, რომ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული პროდუქტებისთვის გააუქმებს ქართული სურსათის ბაზარზე შესვლის ყველა ბარიერს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფერმერები, როგორც წესი, ლობირებენ პროტექციონიზმის პოლიტიკას (უფრო მეტი წაიკითხეთ ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში „გადაარჩენს თუ არა შეზღუდვა სურსათის იმპორტზე ქართველ ფერმერებს?“), ამ ეკონომიკურად საკმაოდ ლოგიკურ დაპირებას სიხარულით ნამდვილად არ შეხვდებიან.

პრიზი ნომინაციაში „ყველაზე პოპულისტური განცხადებების მქონე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა“ ეკუთვნის...

ახალ პოლიტიკურ ცენტრს „გირჩი“. გირჩის პროგრამა აქცენტს აკეთებს მიწის რეგისტრაციის საკითხებზე და უპირისპირდება ამჟამინდელი მთავრობის მიერ ჩატარებულ მიწის რეგისტრაციის რეფორმას. პარტია გვთავაზობს პრივატიზაციის ანგლო-საქსური მოდელის გამოყენებას, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთზე აღმოჩენილი ყოველი წიაღისეული თუ მინერალი არის ამ მიწის მფლობელის საკუთრება (ამჟამად ასე არ არის). რადგან მიწის რეგისტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე სადაო და პრობლემული საკითხი ქართულ სოფლის მეურნეობაში, გირჩის დაპირება ნამდვილად ასხამს წყალს ბევრი ფერმერის წისქვილზე. მართალია, მინერალების ფლობა ამჟამად არ არის კრიტიკული საკითხი, მაგრამ ამომრჩეველს მაინც უხარია (ვინ იცის, ხომ შეიძლება ერთ დღესაც კახეთში კომერციული ნავთობის საბადო აღმოაჩინონ!).

ყველაზე მოსაწყენი (და ყველაზე გრძელი) პროგრამა ეკუთვნის...

მოქმედ ქართული ოცნების კოალიციას (ოცნებას). ოცნების პროგრამის სოფლის მეურნეობის ნაწილი უაღრესად გრძელია და ქართული სოფლის მეურნეობის თითქმის საკითხს ეხება. ფაქტობრივად, მთავრობა აგრძელებს არსებულ სტრატეგიას და საკმაოდ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობას.

ოცნების პროგრამა განიხილავს უკვე განხორციელებულ ინიციატივებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო და სამეცნიერო კვლევების ცენტრის შექმნას და ხაზს უსვამს ისეთი პროექტების მნიშვნელობას, როგორიცაა აგრო-დაზღვევა, სესხები და სხვ.

მომავალში კოოპერატივების მხარდაჭერა და მიწის რეფორმა გახდება ოცნების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რისი მიზანიცაა მიწის დანაწევრების შემცირება. ერთ-ერთი საკითხია ფერმერთა უკეთესი წვდომა სასაწყობე ფართებზე, დაფასოებისა და გადამუშავების აღჭურვილობაზე და დისტრიბუციის ქსელების განვითარების ხელშეწყობა. ეს ზომები შეიძლება დაეხმაროს ფერმერებს, შექმნან უფრო მეტი დამატებითი ღირებულება წარმოების პროცესში, გახდნენ ვერტიკალურად ინტეგრირებული და, რაც მთავარია, უფრო კონკურენტულები.

ზემოხსენებული ზომების გარდა, ოცნება გეგმავს, გააგრძელოს მუშაობა აგრო-დაზღვევის პროექტზე და ფინანსებზე, ტექნიკასა და ცოდნაზე ფერმერთა წვდომის მიმართულებით. ოცნება გეგმავს, ენმ-ის მსგავსად, გაზარდოს მორწყული ტერიტორიები და ხელი შეუწყოს თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენებას. ოცნების პროგრამის ბოლო ნაწილი ეხება ქართული სურსათის უსაფრთხოების რეგულაციების ჰარმონიზაციას DCFTA-ის მოთხოვნებთან, ბიო წარმოების პოტენციალს, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, განვითარებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებასა და სასოფლო-სამეურნეო მონაცემების შეგროვების სისტემის გაუმჯობესებას.

მიუხედავად დაწვრილებითი დეტალებისა, ოცნების პროგრამა არ იძლევა ნათელ წარმოდგენას, როგორ შეძლებს ქვეყნის ბიუჯეტი ყველა ამ პროგრამის განხორციელებას (პროგრამას აკლია მსგავსი პროგრამების ფისკალური ტვირთის ანალიზი). მეორეც, დოკუმენტს აკლია კონკრეტული მიზნები და მცირე წარმოდგენას გვიქმნის, როგორ მოხდება ამ პროგრამების პრიორიტიზება (დაპირება, რომ უამრავი ცვლილება ერთდროულად მოხდება, ნაკლებად სანდოს ხდის პროგრამას).

სხვა პროგრამები:

პრიზი ყველაზე ორიგინალური იდეებისთვის გადაეცემა...

პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“. მიუხედავად დანომრილი მიზნებისა (ბიუჯეტის ხარჯვის სტრუქტურა), ამ პარტიის პროგრამას ბევრი საერთო აქვს სხვა პარტიების პროგრამებთან. პროგრამის უკანასკნელი ელემენტი საკმაოდ საინტერესოა და ეხება ქართული ბრენდების პოპულარიზებას როგორც ადგილობრივ, ისე შიდა ბაზრებზე. პროგრამის უმეტესი ნაწილი აქცენტს აკეთებს ქართული ბრენდების პოპულარიზებაზე საერთაშორისო ბაზრებზე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განიხილავს ქართული ბრენდების მარკეტინგს ადგილობრივ ბაზრებზე.

სახელმწიფო ხალხისთვის, ასევე, გეგმავს სუბსიედებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების შემცირებასა და განათლებასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდას. პარტია გეგმავს პროფესიული კოლეჯებისა და საჩვენებო ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ იმპორტირებული ტექნიკის დღგ-ისგან გათავისუფლებასა და ლაბორატორიების შექმნას. გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის რეფორმა, სახელმწიფო მიწების პრივატიზაციის დაჩქარება და ქართული ბრენდების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზება, როგორც სხვა პროგრამები.

პრიზი ყველაზე არაორიგინალური იდეებისთვის გადაეცემა...

რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც აქცენტს აკეთებს ქართული წარმოების გაზრდასა და ექსპორტზე. ამ მიზნის მისაღწევად, რესპუბლიკელები გეგმავენ, შექმნან სპეციალური პროგრამა „ექსპორტის მხარდაჭერა“, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის/კონსულტაციას გაუწევს შედარებით მცირე ექსპორტიორებს. რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში. მეტიც, პროექტში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა საბჭოების ეკონომიკის დეპარტამენტები. ინიციატივა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ არა ორიგინალური, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე არსებობს დონორების მიერ დაფინანსებული არაერთი მსგავსი პროექტი, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვს. უკვე არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც უკვე აქტიურად ეხმარებიან ფერმერებს.

დაბოლოს, თავისუფალი დემოკრატები ენმ-ის წარმომადგენლებზე კიდევ უფრო ნაკლებს საუბრობენ სოფლის მეურნეობაზე. პროგრამა გაკვრით თუ ახსენებს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რითიც უდაოდ ისარგებლებენ ქართველი მწარმოებლები, რომელთა უმრავლესობა მცირე ზომის საოჯახო ფერმებია.

დასკვნა...

სოფლის მეურნეობა შეიძლება არ იყოს მიმდინარე პოლიტიკური განხილვების მთავარი თემა (ზემოხსენებული მიზეზების გამო), მაგრამ არც სრულიად უგულებელყოფილია და ბევრი დაგეგმილი ჩარევა პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება მას.

პროგრამების საერთო ელემენტებია მიწის რეფორმა, ექსპორტის წახალისება და ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. ყველა მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმედია, გამარჯებული პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს დაპირებები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა