შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

გადაარჩენს თუ არა შეზღუდვა სურსათის იმპორტზე ქართველ ფერმერებს?
ორშაბათი, 04 ივლისი, 2016

2016 წლის 2 ივნისს თბილისის საგამოფენო ცენტრში გაიმართა საქართველოს ფერმერთა მეორე კონგრესი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ 150-მდე ფერმერს საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა მთავრობის წარმომადგენლებს და განეხილა ქართულ სოფლის მეურნეობაში არსებული გამოწვევები.

კონგრესი, ძირითადად, ეხებოდა მცირემიწიანი ფერმრებისა  და კოოპერატივების წინაშე არსებულ სამ ძირითად პრობლემას: ბაზარსა და ფინანსებზე წვდომა და სურსათის უსაფრთხოების რეგულაციების პოტენციური გავლენა. ფერმერებმა წარმოადგინეს საკუთარი შეხედულება, თუ რა ტიპის პოლიტიკა უნდა გაატაროს მთავრობამ, რათა უზრუნველყოს ფერმერთა წვდომა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ბევრი საკითხი დაისვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფერმერთა დაჟინებული მოთხოვნა სურსათის იმპორტის შეზღუდვის შესახებ. მათი მტკიცებით, თუ თურქეთიდან და სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტი შეიზღუდება, ისინი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან. მართლაც, ფერმერთა კავშირები მთელ მსოფლიოში ხშირად მოითხოვენ მთავრობისგან პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკის გატარებას.

მუშაობს თუ არა შემზღუდავი სავაჭრო პოლიტიკა?

ჩემი, როგორც ეკონომისტის, პასუხია არა. აქ ჩამოვთვლი რამდენიმე მიზეზს, რაც განაპირობებს ჩემს სკეპტიციზმს ასეთი პოლიტიკის მიმართ:

შემზღუდავი სავაჭრო პოლიტიკა არ არის კარგი ეკონომიკისთვის. ის გავლენას არ ახდენს ზოგად სავაჭრო ბალანსზე (სხვაობაზე ექსპორტსა და იმპორტს შორის). არ აქვს მნიშვნელობა, რა სავაჭრო პოლიტიკას ატარებს მთავრობა, არსებული ეროვნული დანაზოგისა და შიდა ინვესტიციების დონეების გათვალისწინებით, რეალური გაცვლითი კურსი, საბოლოოდ, მაინც ისე იცვლება რომ სავაჭრო ბალანსი დასტაბილურდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმპორტის შეზღუდვა ამცირებს იმპორტს, ზრდის წმინდა ექსპორტს, რაც იწვევს ადგილობრივი ვალუტის გამყარებას, რაც, თავის მხრივ, შემდეგში აფერხებს ექსპორტს. გამოდის, იმპორტის შემცირებას აბალანსებს ექსპორტის შემცირება, რის შედეგადაც სავაჭრო ბალანსი არ იცვლება.

ზოგიერთი  დარგი იღებს სარგებელს სხვების ხარჯზე. როგორც წესი, სავაჭრო შეზღუდვებს ლობირებენ კონკრეტული კომპანიები, რომელთაც შეიძლება ისარგებლონ სხვა კომპანიების (ძირითადად, ექსპორტიორების) ხარჯზე. ექსპორტი შეიძლება დაზარალდეს არამხოლოდ ვალუტის გამყარებით, არამედ იმპორტის შეზღუდვებზე სავაჭრო პარტნიორების სიმეტრიული პასუხითაც. თუ საქართველო შეზღუდავს სურსათის იმპორტს, საპასუხოდ პარტნიორებიც შეზღუდავენ ქართულ ექსპორტს, რაც გამოიწვევს ქვეყნის ექსპორტის შემცირებას.

დაცული „ახალგაზრდა საწარმოები“ არასდროს იზრდებიან. იმპორტის შეზღუდვის მომხრეები, როგორც წესი, იყენებენ ე.წ. „ახალგაზრდა მრეწველობების“ არგუმენტს, რომლის თანახმადაც, დამწყებ საწარმოს სჭირდება მთავრობის დაცვა, რადგან საწყის ეტაპზე მას არ აქვს მასშტაბის ეკონომია და არ შეუძლია ჯეროვანი კონკურენცია გაუწიოს უცხოელ კონკურენტს (ა. ჰამილტონი, 1970 წ.). ბევრმა შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ ამგვარმა დაცვამ, რომელსაც ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა იყენებს (მაგ.: ბრაზილია, არგენტინა), არ მოიტანა სასურველი შედეგები და დაცული მრეწველობები სამუდამოდ დარჩნენ „სიყმაწვილის ეტაპზე“. ისინი ვერასდროს ვერ გაიზარდნენ და ვერ გახდნენ კონკურენტუნარიანები. ამგვარად, სურსათის იმპორტის შეზღუდვით ქართველი ფერმერები შეიძლება სულაც ვერ გახდნენ კონკურენტუნარიანები.

დაბოლოს, იმპორტის შეზღუდვები გაზრდის შიდა ფასებს და ავნებს მომხმარებელთა კეთილდღეობას. გარკვეული საქონლის მიწოდების ხელოვნურად შემცირება გაზრდის მის ფასს. მაგალითად, თუ თურქული კარტოფილის იმპორტი შეიზღუდება, მიწოდება შემცირდება და, შესაბამისად, კარტოფილის ფასი გაიზრდება. კარტოფილის მწარმოებლები ნამდვილად ისარგებლებენ გაზრდილი ფასებით, თუმცა ასეთი პოლიტიკა დააზარალებს მომხმარებლებს. განვითარებულ ქვეყანაში ოდნავ გაზრდილი საკვების ფასი შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ საქართველოში, სადაც მომხმარებლები საკუთარი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს კვებაზე ხარჯავენ, გაზრდილ ფასებს ბევრად დიდი გავლენა ექნება.

რამდენად შეუძლია საქართველოს, თავს უფლება მისცეს, შეზღუდოს სურსათის იმპორტი?

ადგილობრივი ფერმერების დროებითი დაცვის მიზეზით იმპორტის შეზღუდვა ეკონომიკურად გამართლებულიც რომ იყოს, რამდენად შეუძლია საქართველოს, თავს ასეთი პოლიტიკის გატარების უფლება მისცეს?

პასუხი კვლავ უარყოფითია.

თუ საქართველო დააწესებს შეზღუდვებს იმპორტზე, მაშინ ადგილობრივი წარმოება საკმარისად მაღალი უნდა იყოს, რომ აგვარიდოს ფასების მკვეთრი ზრდა. ქართველ ფერმერებს სეზონზეც კი უჭირთ სურსათზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომ აღარაფერი ვთქვათ მთელ წელზე. წარმოების დონის ერთ-ერთი ინდიკატორი არის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა ქვეყანა თვითკმარი.

ამჟამად სურსათის 60%-ზე მეტი იმპორტირებულია საზღვარგარეთიდან და საქართველოს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, საშუალოდ, დაახლოებით 34%-ია. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოების მოცულობა საკმაოდ დაბალია და ვერ დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას მთელი წლის განმავლობაში.

ცხრილი #1. საკვები პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი

N პროდუქტი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი (%)
1 ხორბალი 8
2 სიმინდი 92
3 კარტოფილი 89
4 ბოსტნეული 70
5 ყურძენი 141
6 საქონლის ხორცი 70
7 ღორის ხორცი 42
8 ცხვრისა და თხის ხორცი 79
9 ფრინველის ხორცი 25
10 რძე 91
11 კვერცხი 96

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობა, სტატისტიკური პუბლიკაცია 2014, საქსტატი

თვითუზრუნველყოფის დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ქართველი ფერმერების პროდუქტიულობა, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორების პროდუქტიულობასთან შედარებით, დაბალია. მაგალითად, 2011-2015 წლებში, საქართველოში მარცვლოვნების მოსავლიანობა ჰექტარზე იყო 2 ტონა (მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად). ეს მაშინ, როდესაც თურქეთისთვის ეს მაჩვენებელი იყო  2.8, ჩინეთისთვის –  5.6, აზერბაიჯანისთვის – 2.3, რუსეთისთვის – 2.4, უკრაინისთვის – 4.4. სხვა ქვეყნები აშკარად უსწრებენ საქართველოს მარცვლეულის პროდუქტიულობაში.

იგივე შეიძლება ითქვას მეცხოველეობის პროდუქტებზეც. 2006 წელთან შედარებით, საქართველოში დაფიქსირდა კლებადი ტენდენცია ნებისმიერი სახის ხორცისა და რძის, ყველის, კვერცხის, თაფლის, ნედლი აბრეშუმის, ბამბის, ტყავის წარმოებაში. მაშინ, როდესაც ჩვენმა სავაჭრო პარტნიორებმა გაზარდეს აღნიშნული ჯგუფის პროდუქტების წარმოება, საქართველოში წარმოება შემცირდა. მსგავსი კლებადი ტენდენცია დაფიქსირდა საკვები პროდუქტების ინდექსშიც. 2004-2006 წლების ინდექსის საბაზისო მაჩვენებელთან 100-თან შედარებით, 2013 წელს საქართველოსთვის ინდექსი 86.9-მდე დაეცა. მაშინ, როდესაც თურქეთისთვის ამ ინდექსმა შეადგინა 129.8, აზერბაიჯანისთვის –129.5, რუსეთისთვის – 122.4. თუ ამ ინდექსს დავუჯერებთ, 2004-2006 წლებთან შედარებით, საქართველოს სურსათის წარმოება შემცირდა, მაშინ, როდესაც კონკურენტებმა, პირიქით, განაგრძეს ზრდა.

საკმაოდ აშკარაა, რომ ქართველი ფერმერების წინაშე არსებული რეალური პრობლემა არის არა უცხოეთთან კონკურენცია, არამედ დაბალი შიდა პროდუქტიულობა.

მთავარი პრობლემა, რაც ხელს უშლის ქართველ ფერმერებს, კონკურენცია გაუწიონ უცხოელ მწარმოებლებს, არის არა მთავრობის „უსამართლო“ სავაჭრო პოლიტიკა, არამედ მოძველებული წარმოების ტექნოლოგიები და უნარ-ჩვევებისა და განათლების სიმწირე. ეს არის ის სირთულეები, რაც უნდა გადაიჭრას მთავრობისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა