2017 წლის ივლისიდან თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში. კანონპროექტის თანახმად, თუ ფასის გამოცხადებისას ეს კანონი დაირღვევა, მეწარმე მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – 5000 ლარით.
მოკლე ინფორმაცია ცვლილებების გარშემო
ეს კანონი ერთ-ერთია იმ ცვლილებათაგან, რომლებიც განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული დედოლარიზაციის გეგმის ფარგლებში. ამჟამად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დაახლოებით 68% აშშ დოლარშია გაცემული. იპოთეკური სესხებისთვის ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია და 82%-ს შეაგენს. მიუხედავად კლების ტენდენციისა, საქართველოში დოლარიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
მაღალი დოლარიზაციის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გრძელვადიანი რესურსი ლარში ნაკლებად ხელმისაწვდომია კომერციულ ბანკებსა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში სხვა ვალუტაში, კერძოდ კი აშშ დოლარში, არსებულ რესურსებთან შედარებით. შედეგად, საპროცენტო განაკვეთი მაღალია ლარში სესხებზე, ხოლო აშშ დოლარში სესხებზე – გაცილებით დაბალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხისთვის გაცილებით მარტივია სესხის დოლარში აღება, ვიდრე ლარში, თუ სავალუტო რისკს არ გავითვალისწინებთ.
ბანკში ლარის რესურსის ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზარდოს ადგილობრივ ვალუტაში დანაზოგების ზრდით. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ხალხის ნდობა ადგილობრივი ვალუტის მიმართ. ადამიანებს ურჩევნიათ, დანაზოგი დოლარში შეინახონ, რადგან ხედავენ, რომ ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ძალიან არასტაბილურია და დიდია შანსი, ლარმა დაკარგოს ღირებულება.
ახალი კანონების შემოღება. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დედოლარიზაციის გეგმა, რათა გააძლიეროს და დაასტაბილუროს ეროვნული ვალუტა. გეგმა მოიცავს კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების შეტანას, რათა მსესხებლები დაცული იყვნენ სავალუტო რისკის მიმართ. კერძოდ, მცირე სესხები (100 000 ლარზე ნაკლები) გაიცემა მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაში. მთავრობა, საქართველოს ეროვნული ბანკის დახმარებით, შეიმუშავებს 2015 წლის პირველ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების კონვერტაციის (ადგილობრივ ვალუტაში) ხელშემწყობ გეგმას. გარდა ამისა, 2017 წლის ივლისიდან, თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში.
პირველი ორი ნაბიჯი ავტომატურად შეამცირებს დოლარში აღებულ სესხებს, ხოლო ამ უკანასკნელი კანონის ეფექტი დედოლარიზაციაზე ბუნდოვანია.
დღეს, უძრავი ქონების რეკლამების 99%-ის შემთხვევაში, ფასები დოლარშია გამოცხადებული (დათვლილია ვებ-გვერდის place.ge მონაცემების მიხედვით). ადამიანები დანაზოგის გასაკეთებლად და უძრავი ქონების შეძენისას მთავარ ვალუტად აშშ დოლარს არჩევენ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას სჯერა, რომ ლარში ფასდადება „მიაჩვევს“ ხალხს უძრავ ქონებაზე ფასის ლარში გამოცხადებას და უძრავი ქონების ლარში შეძენას, შესაბამისად, გაიზრდება ლარში დანაზოგის გაკეთების და სესხების ადგილობრივ ვალუტაში აღების სურვილი.
კანონი ეფექტური და დადებითი შედეგის მომტანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი შეძლებს, უარი თქვას დოლარში ფასდადებაზე არამხოლოდ ქაღალდზე, არამედ გონებაშიც. თუმცა, რამდენად რეალისტურია ეს მიზანი?
იმისათვის, რომ ამ პოლიტიკის შედეგები გავიაზროთ, პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები, რადგან ისინი ფასდადების სხვადასხვა მიდგომას მიმართავენ. პირველად ბაზარზე ფასები განისაზღვრება მშენებლობის ხარჯის მიხედვით. სხვადასხვა წყაროს თანახმად, მშენებლობის 30-70% იმპორტებულ საქონელზე მოდის, რაც ავტომატურად დოლარში ითვლება. ეს ციფრი განსხვავდება სამშენებლო პროექტების მიხედვით და დამოკიდებულია ხარისხზე, დიზაინსა და სხვა ფაქტორებზე. დანახარჯის დარჩენილი ნაწილი ადგილობრივ ვალუტაშია; თუმცა, რადგან ფასდადების უმეტესი ნაწილი დოლარშია, ჯამური ხარჯიც დოლარში ითვლება. თუ სამშენებლო კომპანიებს მოუწევთ ფასის ლარში დადება, მათ უნდა იპოვონ ეგრეთწოდებული იმპორტებული ხარჯის დოლარიდან ლარში კონვერტაციის ოპტიმალური გზა, რათა თავიდან აიცილონ დანაკარგი იმ შემთხვევაში, თუ ლარი გაუფასურდება პროექტის განხორციელების ან გაყიდვის პროცესში. მეორადი ბაზარი არ არის დამოკიდებული „იმპორტებულ“ ხარჯზე და დოლარში ფასდადება გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების უნდობლობით ადგილობრივი ვალუტის, როგორც სიმდიდრის დასაგროვებელი ვალუტის მიმართ.
გამყიდველების იძულებამ, ფასები ლარში გამოაცხადონ მაშინაც კი, როდესაც „გონებით“ მაინც აშშ დოლარში ანგარიშობენ, შესაძლოა, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ეს დამოკიდებულია ეგრეთწოდებულ „მენიუს ხარჯზე“ – რეკლამის ცვლილების ხარჯზე. თუ მენიუს ხარჯი მაღალი იქნება, ლარის გაუფასურების რისკის ჰეჯირების მიზნით, გამყიდველები ფაქტობრივზე მაღალ ფასს დაადებენ უძრავ ქონებას. ფაქტობრივი ფასი კი დამოკიდებულია ლარი/აშშ დოლარის მიმდინარე გაცვლით კურსზე.
ორივე, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა გამოიწვევს დოლარში ფასდადებიდან ლარში ფასდადებაზე უმტკივნეულოდ გადასვლას. სტაბილურობა, ასევე, მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვინც გეგმავს უძრავი ქონების შეძენას. დღეს, აშშ დოლარში გამოცხადებული ფასები უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე ლარში გამოცხადებული. აშშ დოლარის ფასების ცვლილებაზე საბაზრო ძალები მოქმედებს, ხოლო ლარში ფასები, ასევე, დამოკიდებულია გაცვლით კურსზე (იხ. გრაფიკი ქვემოთ). თუ ლარში ფასები სტაბილური გახდება, ხალხი უძრავი ქონების შესაძენად დანაზოგს ლარში გააკეთებს, რაც დადებით გავლენას იქონიებს დედოლარიზაციაზე.
ამ კანონისთვის დროის სწორად შერჩევა, შესაძლოა, მისი წარმატების საწინდარი იყოს. მეზობელმა ქვეყნებმა, რუსეთმა და აზერბაიჯანმა, უკვე გაატარეს ეს პოლიტიკა. თუმცა ამ ცვლილების გატარების დროს ეკონომიკური სიტუაცია გაცილებით სახარბიელო იყო. რუსეთმა ეს კანონი 2007 წელს შემოიღო, როდესაც რუსეთი სწრაფი ტემპით იზრდებოდა, რუსული რუბლის ღირებულებაც მატულობდა აშშ დოლართან მიმართებით, ხოლო რუბლი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ფიქსირებული და, აქედან გამომდინარე, საკმაოდ სტაბილური იყო. ძლიერმა ადგილობრივმა ვალუტამ მნიშვნელოვნად გაუადვილა გამყიდვლებს რუბლში ფასდადება; მიუხედავად ამისა, ცვლილებიდან მცირე დროში, გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ფასების ზრდა და რუბლის რყევა. მსგავსად, ცვლილების გატარებისას აზერბაიჯანშიც კურსი ფიქსირებული იყო, ეკონომიკა იზრდებოდა, რაც აძლიერებდა ნდობას მანათის მიმართ, შესაბამისად, გადასვლა ძალზე ბუნებრივად მოხდა.
ლარი/აშშ დოლარის ძალიან არასტაბილური გაცვლითი კურსი და ლარის თითქმის მუდმივი ყოველთვიური გაუფასურება დოლარის მიმართ ახალი კანონის წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. ამ კანონს თეორიულადაც რომ შეეძლოს დადებითი შედეგების მოტანა დედოლარიზაციის გეგმის ფარგლებში, საეჭვოა, რომ ის წარმატებით განხორციელდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ დედოლარიზაციის გეგმა, მთლიანობაში, დადებით გავლენას მოახდენს არამხოლოდ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების რაოდენობაზე, არამედ ეროვნული ვალუტის სტაბილურობასა და სიძლიერეზეც.