2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველობა ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2017 წელს მიაღწია და 5.0% შეადგინა. ამ ზრდის დიდი ნაწილი მშენებლობაზე (11.2%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (11.2%) და საფინანსო სექტორზე (9.2%) მოდიოდა. თუმცა, ამ სექტორებისგან განსხვავებით, 2017 წელს ეკონომიკის რამდენიმე დარგი შემცირდა. მათ შორის ერთ-ერთი სოფლის მეურნეობა (-2.7%) იყო.
ამ სფეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2017 „ცუდი წელი“ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის. ზამთარი დიდხანს გაგრძელდა, გაზაფხულის ყინვებმა კი ხილის პლანტაციები დააზიანა. ამას მოჰყვა გვალვა და წვიმები საქართველოს ზოგიერთ რეგიონში. მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა დასავლეთ საქართველოში მავნებელი ფაროსანას ეპიდემიურმა გავრცელებამ, რამაც არაერთი კულტურა დააზიანა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიანი კულტურის, თხილის მოსავალს. ამას ისიც ემატება, რომ ექსპერტების ერთი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში დასაქმების მონაცემებს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ქართული სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა ეს მონაცემები სრულად ვერ ასახავს რეალურ ვითარებას (მაგ. არ არსებობს მონაცემები სოფლის მეურნეობაში რეალური სამუშაო საათების შესახებ). როგორც ჩანს (და იმედია), არაერთმა ადამიანმა დატოვა სოფლის მეურნეობა, ამიტომ ტექნოლოგიური პროგრესის გარეშე სექტორი ნაკლებ პროდუქციას უშვებს. შეიძლება ყველა ეს არგუმენტი სწორია, თუმცა რთულია განსჯა, კონკრეტულად რა წვლილი მიუძღვის ამ ფაქტორებს 2017 წელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის შემცირებაში.
სტატისტიკური მონაცემები უფრო დეტალურად
2017 წლის შესახებ საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგი შემცირდა. 2014-2016 წლების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, 2017 წელს ნათესი ფართობები 17%-ით შემცირდა. შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა წამყვანი ერთწლიანი კულტურების – ხორბლის (-7%), სიმინდის (-39%), კარტოფილისა (-19%) და ბოსტნეულის (-19%) – წარმოებაშიც. 2017 წელს, 2014-2016 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა მხოლოდ ქერის (+12%), შვრიისა (+4%) და წიწაკის (+9%) წარმოება (ნათეს ფართობებსა და წარმოებაზე მეტი ინფორმაციისთვის იხ. აპრილის აგრო მიმოხილვა).
რაც შეეხება მრავალწლიან კულტურებს, 2017 წელს, 2014-2016 წლებთან შედარებით, შემცირდა ხილის (-38%), ყურძნისა (-9%) და ციტრუსის (-19%) წარმოება. აღნიშნულ პერიოდში ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ გარკვეული ტიპის ხილის, მათ შორის ატმისა (+18%) და კენკროვნების (+73%) წარმოებაში.
ასეთივე ტენდენცია დაფიქსირდა მესაქონლეობის პროდუქტების წარმოებაშიც. 2017 წელს, 2014-2016 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მესაქონლეობის პროდუქტების წარმოებაში დაფიქსირდა შემდეგი ცვლილებები: ხორცი (-10%), რძე (-11%). კვერცხის წარმოება თითქმის უცვლელი დარჩა.
2017 წელს დადებითი ცვლილებებიც გვქონდა. რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პროდუქტიულობა გაიზარდა, მაგალითად: ქერი (+12%), შვრია (+33%), ლობიო (+11%) და ბოსტნეული (+2%). თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოფლის მეურნეობაზე ერთი წლის მონაცემებით დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. მართალია, წინა წლებში არაერთმა ფერმამ განიცადა მოდერნიზება და ღირებულებათა ჯაჭვში განვითარდა, თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლის. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუ გვინდა, ქვეყნაში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა გაუმჯობესდეს.
მეტი ციფრები ქართულ სოფლის მეურნეობაზე
2017 წელს მხოლოდ სოფლის მეურნეობის გამოშვება არ შემცირებულა. სოფლის მეურნეობის წილი ამავე წელს ქვეყნის მშპ-ში 8.2%-მდე დაეცა რაც ისტორიული მინიმუმია (2014-2016 წლების საშუალო მაჩვენებელი იყო 9.1%)(საქსტატი, 2018 წ.). ქვეყნის მთლიან მშპ-ში სოფლის მეურნეობის დაბალი წილი თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს. 2015 წელს მსოფლიოში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 6% იყო. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და 1-3%-ს შორის მერყეობს. დაფიქსირებული კლება შეიძლება მისასალმებელიც ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკისთვის, ქვეყნის სამუშაო ძალის 40% სოფლის მეურნეობაში რომ არ იყოს „დასაქმებული,“ როდესაც იგივე მაჩვენებელი განვითარებულ სამყაროში გაცილებით დაბალია და 5%-ს არ აღემატება (მსოფლიო ბანკი, 2018).
ამგვარად, სამუშაო ძალის ამ 40%-ის წვლილი ქვეყნის მშპ-ში ძალიან მოკრძალებულია, რადგან სექტორის პროდუქტიულობა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ამ გარემოებამ და იმ ფაქტმა, რომ გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის როლი სიღარიბის აღმოფხვრაში ძალიან მნიშვნელოვანია (მიუხედავად იმისა, რომ ამ როლზე ბევრს კამათობენ), განაპირობა ის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორმა ქვეყნის პოლიტიკის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა და არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ეკონომიკის ამ ტრადიციული სექტორის გამოსაცოცხლებლად. კერძოდ, სამთავრობო ხარჯები ბიუჯეტში 1%-დან 3%-მდე გაიზარდა, რაც არაერთი ახალი პროექტისა და პროგრამის დაფინანსებას გულისხმობს პირდაპირი თუ არაპირდაპირი სუბსიდიების სახით.
სამთავრობო ხარჯების ზრდისა და საერთაშორისო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიუხედავად, სექტორის რეალური ზრდა 2014-2016 წლებში მოკრძალებული, 2017 წელს კი საერთოდ უარყოფითი იყო (იხ. გრაფიკი). უამრავი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს ასეთი ხარჯების ეფექტიანობას და ფიქრობს, რომ საჭიროა უფრო მეტად თარგეთირებული პოლიტიკა და სექტორის დახმარების ეტაპობრივად შემცირება. მაგრამ უნდა შეამციროს თუ არა საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის დახმარება? ან, იქნებ, გარკვეული ტიპის დახმარების (მაგალითად, ვაუჩერების სახით პირდაპირ ფერმერებზე გაცემული სუბსიდიების) შემცირება და სხვა სახის დახმარებების გაზრდა ჯობია? სხვადასხვა პროგრამის ეფექტიანობის შეფასება სასარგებლო იქნებოდა, თუმცა მონაცემებისა და რესურსების სიმწირე საშუალებას არ გვაძლევს, ჩავატაროთ ამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემისთვის საჭირო სიღრმისეული ანალიზი.
არსებობს კი სიცოცხლე სუბსიდიების გარეშე?
ეკონომიკურ სექტორებს შორის სოფლის მეურნეობა გახლავთ ერთ-ერთი ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტ დახმარებას იღებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროკავშირსა (ფერმის დაუბეგრავი შემოსავლის 21%) და აშშ-ში (9%) (OECD, 2016 წ.). სექტორის დახმარების არაერთი გზა არსებობს, როგორც პირდაპირი (ვაუჩერები, გრანტები, სუბსიდირებული ფასები და ა.შ.), ისე არაპირდაპირი (საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება, აგრო-დაზღვევის პოლისები და ა.შ.) სუბსიდიების სახით. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა OECD-ის ქვეყნებში ზოგადად მცირდება (2000 წელს 33% იყო, 2016 წელს კი – 19%). მართალია, განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ფერმერები კარგად არიან ორგანიზებული და საკუთარი საქმიანობის სერიოზულ ლობირებასაც ახერხებენ, მაგრამ დახმარების მკვეთრად შემცირების არაერთი მაგალითი არსებობს. ეს მაგალითები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სუბსიდიიდან გასვლის სწორი სამოქმედო გეგმის ქონა, რაც აუცილებელია სექტორის სიჯანსაღისთვის, რადგან ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ უამრავი ფერმერი ხშირად მხოლოდ სუბსიდიების გამო ეწევა ფერმერულ საქმიანობას.
სუბსიდიების შეწყვეტის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი არის ახალი ზელანდია. 1984 წელს ქვეყნის მთავრობამ უცებ და მოულოდნელად გააუქმა სუბსიდიები, რამაც, ახალი ზელანდიის ფერმერთა ფედერალური გაერთიანების მიერ 2005 წელს (სუბსიდიების გაუქმებიდან 20 წლის შემდეგ) გამოქვეყნებულ ანგარიშს თუ დავუჯერებთ, „დასაბამი დაუდო ცოცხალ, მრავალფეროვან და მზარდ სასოფლო ეკონომიკას,“ პროდუქტიულობა გაუმჯობესდა და სოფლის მეურნეობის ზრდამ გაუსწრო ახალი ზელანდიის ეკონომიკის ზრდას.
სუბსიდიების გაუქმების შემდეგ პირველი რამდენიმე წელი რთული იყო, მაგრამ ეს დაეხმარა ფერმერებს, გაეღრმავებინათ ცოდნა, დაენერგათ ინოვაციები და გამხდარიყვნენ ბიზნესზე ორიენტირებულნი. ზოგიერთმა ფერმერმა მოახდინა საკუთარი შემოსავლის პორტფელის დივერსიფიცირება და საკუთარ ფერმაზე აგროტურიზმითაც დაკავდა.
სუბსიდიების გაუქმების შემდეგ, ახალი ზელანდიის მთავრობა ფერმერებს აძლევდა რჩევებს, დაეტოვებინათ სექტორი თუ დარჩენილიყვნენ აგრო ბიზნესში. მთავრობა ფერმერებს ერთჯერად „გასასვლელ გრანტსაც“ აძლევდა მათ ვინც გადაწყვეტდა, დაეტოვებინა სოფლის მეურნეობა. დღეს ახალი ზელანდიის მთავრობა ძირითადად სასოფლო-სამეურნეო კვლევებს აფინანსებს, ყველა დანარჩენი სუბსიდია (მაგ. წარმოების გრანტები, სასუქების სუბსიდიები, საგადასახადო სქემები და შეღავათიანი სესხები) გაუქმდა. შედეგად, ფერმერების სუბსიდიების რეფორმის დადებით შედეგებს ვხედავთ ქვეყნის სწრაფ ტექნოლოგიურ წინსვლასა და მიწისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდაში (Lattimore, 2006 წ.).
„რეფორმების შემდეგ რაც მოხდა, ის არის, რომ გაჩნდა ახალი ტიპის, ე.წ. ბიზნესფერმები,“ – განუცხადა ნიუ იორკ ტაიმსს მალკოლმ ლუმსდენმა, მერძევე ფერმერმა ახალი ზელანდიიდან. დიახ, ფერმერობაც საჭიროებს ბიზნესმიდგომას!
რამდენად შეიძლება იგივე საქართველოშიც გაკეთდეს?
გასულ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგებიდან მხოლოდ მეღვინეობა ყვაოდა. ქვეყნის ბრენდმა „ღვინის აკვანი“ გაამართლა, რის შედეგადაც ღვინის ექსპორტმა დაასრულა თხილის თითქმის ათწლიანი „ჰეგემონია“ და კვლავ მოწინავე პოზიციაზე გადაინაცვლა საქართველოდან ექსპორტირებულსურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებში (2017 წელს 170 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე). ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2017 წელს ქვეყნის მთავრობამ დაიწყო ყურძნის ფასების სუბსიდირებიდან გამოსვლა. ამ წელს მთავრობამ მხოლოდ 19 მლნ. ლარი დახარჯა, როცა 2016 წელს ეს რიცხვი 36 მლნ. იყო. სუბსიდირების ასეთივე ბიუჯეტია გათვალისწინებულია 2018 წლისთვისაც...
მეღვინეობა სოფლის მეურნეობის მხოლოდ წამყვანი სექტორი როდია. ის ასევე არის „წარმატებული შემთხვევა“ სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან მიმართებაშიც. რა თქმა უნდა, მეღვინეობის სექტორი ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევის წინაშე დგას (დამოკიდებულება დსთ-ის ბაზარზე, ექსპორტის შემცირებული ფასები და სხვ.), მაგრამ ფაქტია, რომ ის არის ყველაზე განვითარებული სასოფლო-სამეურნეო დარგი ქვეყანაში. ამ ყველაფრის შემდეგ, თუ მთავრობას სურს, გააგრძელოს „სუბსიდირებიდან გამოსვლის“ პოლიტიკა და გააუქმოს პირდაპირი სუბსიდიები მეღვინეობაში (ფასების სუბსიდირება), მან ინვესტიცია უნდა ჩადოს ღვინის ხარისხის მონიტორინგში, ბრენდინგში, მარკეტინგსა და მცირე და საშუალო მეღვინეებისა და მარნების მხარდაჭერაში, რათა დაეხმაროს მათ ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასა და მომხმარებლებზე ან, ასევე, უცხოელ შუამავლებზე პირდაპირი წვდომის მოპოვებაში. უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ რუსეთისა და ყოფილი დსთ-ის ქვეყნებს გარეთ საექსპორტო ბაზრებისკენ, რათა შევამციროთ ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებულება, რაც უამრავ რისკთანაა დაკავშირებული, რაზეც წარსულში მომხდარი ფაქტებიც მეტყველებს (იხ. ჩვენი წინა ბლოგი).
ცხადია, ახალი ზელანდიის მაგალითის ქართულ რეალობაში გამეორება რთული იქნება, რადგან გარკვეული ტიპის დახმარება (მაგ. სესხების სუბსიდირება, დაზღვევის პრემიუმის სუბსიდირება) სისტემური პრობლემების გადაჭრას ემსახურება (ამ საკითხთან დაკავშირებით, იხ. ეს და ეს სტატია). მიუხედავად ამისა, უნდა ვიფიქროთ უფრო მეტად მიზნობრივ პოლიტიკასა და სუბსიდიებიდან გამოსვლის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე, როგორც ყურძნის ფასების, ისე სხვა ტიპის სუბსიდიების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სამთავრობო ხარჯები მკვეთრად უნდა შემცირდეს; პირიქით, დეტალურად უნდა შეფასდეს თითოეული პროგრამა, რათა მეტი ცოდნა მივიღოთ ამ გამოცდილებიდან და მიღებული დასკვნები გამოვიყენოთ უკეთესი დაგეგმვისათვის. ამის შემდეგ, ალბათ, ერთ დღეს საქართველოც იქნება მზად, ახალი ზელანდიის მაგალითი გაიმეოროს.