შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

წყლის რესურსების მართვის რეფორმის პროგრესის შეფასებითი ანგარიში
ორშაბათი, 23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, განსაზღვრავს სააუზო მართვის პრინციპებს, რის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია მდინარეთა შვიდ სააუზე უბნად დაიყოფა და თითოეული აუზისთვის შემუშავდება სააუზო მართვის გეგმები. ამასთან ერთად, კანონი ადგენს წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმებს, რომელიც ეფუძნება „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს. კერძოდ, ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობა დაექვემდებარება ლიცენზირებას და დაწესდება მოსაკრებელი. წყლის რესურსების მართვის რეფორმის ქვეშ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ასევე მოაზრებულია წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოვება და კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად. ახალი კანონით განსაზღვრული აქტივობების ძალაში შესვლა გათვალიწინებულია ეტაპობრივად, ხოლო რეფორმის სრულად ამოქემდება დაგეგმილია 2030 წლამდე.

რეფორმა მიზნად ისახავს წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და წყლის ობიექტების დაბინძურების პრევენციას; წყლის რესურსების რაციონალური ხარჯვის ხელშეწყობასა და სხვადასხვა მომხმარებელს შორის რესურსების სამართლიან განაწილებას; ასევე, მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდას სასმელ წყალთან და სანიტარულ პირობებთან.

რეფორმის შემუშავებასა და განხორციელების პროცესში წამყვანი როლი აქვს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. კომპეტენციის ფარგლებში ჩართული სხვა უწყებებია: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; მუნიციპალიტეტები; და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები.

შეავსე ფორმა