შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

სკოლებში ფინანსური განათლების პროგრამის ეფექტიანობა – სკოლა-ბანკის მაგალითი
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2019

ადამიანებს ადრეული ასაკიდან უწევთ რთული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დაშვებული ფინანსური შეცდომები შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს. შესაბამისად ფინანსური განათლების როლი ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსური განათლების ნაკლებობა აისახება შინამეურნეობების ფინანსურ ქცევებზე. ადამიანები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ფიანსური განათლება, ნაკლებად მონაწილეობენ საფონდო ბირჟის აქტივობებში (ვან რუიჯი და სხვები, 2011 წ.), ირჩევენ ორმხრივ საინვესტიციო ფონდებს მაღალი დანახარჯებით (ჰასტინგსი და ტეჯედა-ეშტონი, 2008 წ.) და ნაკლებ დანაზოგს აკეთებენ საპენსიო ასაკისთვის (ბერმანი და თანაავტორები, 2010 წ.). არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ ფინანსურად ნაკლებად განათლებული ადამიანები უფრო მეტს იხდიან იპოთეკურ სესხებზე (მური, 2003 წ.) და მეტი შანსია, რომ მათ უფრო ძვირადღირებული სესხი აიღონ.

აქედან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სფეროში მომუშავე პოლიტიკის გამტარებლებს ესმოდეთ ახალგაზრდებში ფინანსური განათლების აუცილებლობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების, კერძო საფინანსო სექტორისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობითა და გერმანული შემნახველი ბანკების ასოციაციის (SBFIC) მხარდაჭერით, 2016 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია. ამ სტრატეგიის მიზანია საქართველოში ფინანსური განათლების დონის ამაღლებისთვის საჭირო სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტრატეგიული მიმართულებების შექმნა. სტრატეგიის ფარგლებში შეირჩა საზოგადოების განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფები: მოსწავლეები, სტუდენტები, უმუშევარი მოსახლეობა, დიდ კომპანიებსა და ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, სოფლის მოსახლეობა, ადამიანები კონკრეტული ცხოვრებისეული მომენტების წინაშე (მაგალითად, ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტში სასწავლებლად მიდიან, ყიდულობენ სახლს, ქორწინდებიან და სხვ.). შესაბამისად, შემუშავებულ იქნა სხვადასხვა მეთოდები და არხები (მაგალითად, ფორმალური ფინანსური განათლების კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის, სამუშაოსთან დაკავშირებული ტრენინგი დასაქმებულებისთვის), რომ აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლებმა მიიღონ ფინანსური განათლება.

შეავსე ფორმა