შესავალი
სურსათის ფასების ზრდა და მათი არასტაბილურობა გლობალური პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით იმ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს აზიანებს, სადაც დანახარჯები სურსათზე შედარებით მაღალია. როგორც წესი, ფასების ზრდის დინამიკასა და არასტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები სურსათის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
გასულ წლები საქართველოში სურსათის ფასების ზრდა შეინიშნებოდა და ქვეყანაში სურსათის ფასების ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემების თანახმად, 2022 წლის მაისში წინა წელთან შედარებით საქართველოში სურსათის ფასები 22%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც ზრდა შენელდა და 2022 წელს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 17.9% შეადგინა. მკვეთრი ზრდის შემდეგ, ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2023 წელს 3.9%-მდე შემცირდა, რაც საბაზო ეფექტის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ზრდაა. ამჟამად, 2024 წლის მდგომარეობით (ივლისამდე),დეფლაციის 1%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღნიშნული რყევების მიუხედავად, ფასების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთი კატეგორიის საკვები პროდუქტის ფასები კი ზრდას განაგრძობს.
სურსათის ფასების ინფლაციის მაღალი დონე განსაკუთრებით დამაზიანებელია ქართული ოჯახებისათვის, რადგან მათი ბიუჯეტის 40%-ზე მეტი სწორედ საკვებზე იხარჯება: სასურსათო პროდუქტების წილი საერთო სამომხმარებლო ხარჯებში 2019 წელს არსებული 43%-დან 2021 წელს 48.7%-მდე გაიზარდა, შემდეგ კი 2023 წელს იმავე მაჩვენებელს დაუბრუნდა (43%-ს) (საქსტატი, 2024). შედარებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოჯახის მიერ საკვებზე და არაალკოჰოლურ სასმელებზე გაწეული ხარჯების საშუალო მაჩვენებელი მთლიანი ხარჯების 14.8%-ს შეადგენდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (8.3%) ისლანდიაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი – რუმინეთში (24.8%) (ევროსტატი). შედეგად, საკვები პროდუქტების მაღალი ფასები საქართველოში მნიშვნელოვან ფინანსურ ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით – დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებზე.
საკვებ პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასები დაბალშემოსავლიან ოჯახებს აიძულებს გააკეთონ არჩევანი პირველად საჭიროებებს შორის (საცხოვრებელი, ჯანდაცვა, განათლება და კვება). გარდა ამისა, საკვების ფასების ზრდასთან ერთად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები შესაძლოა იძულებული გახდნენ გადაერთონ უფრო იაფი, ნაკლებად ჯანსაღი საკვების მოხმარებაზე, რაც ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების, ჭარბი წონისა და დიაბეტის განვითარების რისკს. სასურსათო უსაფრთხოების არარსებობას გრძელვადიანი უარყოფითი ზეგავლენა აქვს ბავშვების განვითარებაზე და სამომავლოდ შესაძლოა წარმოშვას შემდეგი პრობლემები: კოგნიტური და ქცევითი აშლილობა, დაბალი აკადემიური მოსწრება, დაავადებების მიმართ მოწყვლადობა და სხვ. (Gundersen & Ziliak, 2015). სურსათის ფასების ინფლაციასთან ბრძოლა, ასევე, გადამწყვეტია სიღარიბის შესამცირებლად და გაეროს მდგრადი განვითარების (SDG) მიზანი 1-ის და მიზანი 2-ის მისაღწევად. სურსათის ფასების დასტაბილურება პირდაპირ ახდენს გავლენას ოჯახების უნარზე დააღწიონ თავი სიღარიბეს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებით, მოწყვლად ჯგუფებს ყოველთვის ჰქონდეთ წვდომა ჯანსაღ საკვებზე.
სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).