ისტორიულად თხილი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს ეკონომიკური ღირებულების მხრივ; საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თხილის მოსაყვანად შესაფერისი ნიადაგი და კლიმატური პირობები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მეოთხე საუკუნეში, ადგილობრივი მოსახლეობა აშენებდა თხილის ველურ ჯიშებს, რომლებმაც შემდეგ ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია განიცადეს და შედეგად თხილის სხვადასხვა ადგილობრივი ჯიში ჩამოყალიბდა (GEONUTS, 2023).
2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის თანახმად, თხილის წარმოებაში დაახლოებით 107,000 შინამეურნეობაა ჩართული, რაც მთლიანი მეურნეობების 17%-ს შეადგენს (GeoStat (National Statistics Office of Georgia), 2014). საქართველოში თხილის ნახევარზე მეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იწარმოება, სადაც თხილი სოფლის მეურნეობაში ჩართული საოჯახო მეურნეობების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ღვინოსთან ერთად, თხილი წარმოებისა და ექსპორტის თვალსაზრისით წამყვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი მწარმოებლები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებობს როგორც წარმოების ზრდის, ისე ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი, რამაც შესაძლოა საქართველოს ამ სექტორში მოწინავე პოზიცია დაუმკვიდროს. თუმცა მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ: აქვს თუ არა საქართველოს რეალური პერსპექტივა ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად? რა არის სექტორის ძირითადი გამოწვევები და როგორ უნდა მოხდეს ზრდის პოტენციალის გამოყენება?
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მოკლედ მიმოიხილავს თხილის სექტორს და სექტორთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე, აერთიანებს რეკომენდაციებს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თხილის პოზიციის გასაძლიერებლად.