შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

ანაკლიის პორტის მშენებლობა: ჩინეთის დაფინანსება და მისი გავლენა საქართველოზე
ხუთშაბათი, 11 ივლისი, 2024

შემაჯამებელი მიმოხილვა

ჩინეთი ამჟამად ყველაზე დიდი ორმხრივი ინვესტორია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. როგორც წესი, ჩინეთი ინვესტიციებს განვითარებადი ქვეყნების ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და სამთომოპოვებით სექტორებში დებს, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ჩინეთის სახელმწიფოსათვის. სესხების აღების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. ჩინეთის მიერ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების დაფინანსება სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც სხვა სახელმწიფოებს სთავაზობენ როგორც შეღავათიან, ისე არაშეღავათიან სესხებს, სესხის დიდი ნაწილის შესახებ ინფორმაცია კი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ამგვარი ხელშეკრულებები ხშირად დეფოლტის და ხელშეკრულების შეწყვეტის დებულებების გარდა ხშირად მოიცავს კოლატერალურ გარანტიებს, რაც თავისთავად ამცირებს რისკებს კრედიტორისათვის, მაგრამ დამატებით საფრთხეს წარმოშობს მსესხებლისათვის, მათ შორის, სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებულ რისკებს და დამატებით პრობლემებს ქმნის სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში. ბოლო კვლევების თანახმად, გაიზარდა სუვერენული სესხების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საფრთხეები და ხაზი გაესვა გამჭვირვალობის და ინფორმაციის გამჟღავნების მნიშვნელობას პოტენციური რისკების შემცირების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორმხრივი ინვესტორია, იგი პარიზის კლუბის წევრი არ არის. პარიზის კლუბი კი წარმოადგენს ოფიციალური კრედიტორების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელიც ცდილობს მოვალე ქვეყნების მიერ სესხების დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი გადაწყვეტილებები შეიმუშაოს; მათგან განსხვავებით, ჩინეთი არჩევს აწარმოოს პირდაპირი, ხშირად ნაკლებად გამჭვირვალე, ორმხრივი მოლაპარაკებები სესხის რესტრუქტურიზაციისა და პირობების შემსუბუქების შესახებ, რისთვისაც ისეთ სტრატეგიებს იყენებს, როგორიცაა სესხის დაფარვის ვადების გახანგრძლივება, საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, სხვადასხვა რესურსსა თუ კაპიტალზე სესხის გადაცვლა; მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მან მხარი დაუჭირა დიდი ოცეულის შეთანხმებას სავალო ვალდებულებების ერთობლივი რეგულირების შესახებ.

ნაშრომში მიმოვიხილავთ ჩინეთის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტს, რომლებიც დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: „ინფრასტრუქტურისათვის განკუთვნილი საქონელი“ და „ინფრასტრუქტურისათვის განკუთვნილი მომსახურება“. ამ პროექტების სიღრმისეული განხილვა წარმოდგენილია 1-ელ დანართში, ტექნიკური და საოპერაციო დეტალების ჩათვლით. განხილულია „ანგოლის მოდელი“, ე.წ. მოდელი „ნავთობი ინფრასტრუქტურის სანაცვლოდ“, ან გარიგება „საქონელი ინფრასტრუქტურის სანაცვლოდ“, რომლის დროსაც ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპენსაცია ხდება საქონლის ექსპორტით შემდგომ პერიოდში. ეს მოდელი, რომელიც შთაგონებულია ჩინურ-ანგოლური ერთობლივი საწარმოთი, ისტორიულად წარმატებულად ითვლებოდა მანამ, სანამ 2020 წლის შემდეგ არ შემუშავდა ახალი სავალო ინსტრუმენტები. რაც შეეხება მომსახურებებთან დაკავშირებულ პროექტებს – ლაოს-ჩინეთის რკინიგზას, ადის-აბებას და ჯიბუტის შორის არსებულ რკინიგზას და ჰამბანტონას პორტს შრი-ლანკაში – ისინი უფრო რთულ გარიგებებს წარმოადგენენ, რადგან ინფრასტრუქტურული მომსახურებების შედეგად უნდა განხორციელდეს სავალო ვალდებულების დასაფარად საჭირო შემოსავლის გენერირება. ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, რომ შეთანხმებები უზრუნველყოფის ღონისძიებებით, ხშირად მიწოდების გარანტიითა და აქტივების დაგირავებით, იწვევს სასესხო კრიზისს, რასაც შემდეგ მოჰყვება ვალების რესტრუქტურიზაციის პროცედურა. სხვადასხვა მაგალითის სიღრმისეული შესწავლის შედეგად მიღებული გაკვეთილები ხაზს უსვამს რისკების მართვის ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს მნიშვნელობას, ხაზგასმულია, აგრეთვე, სესხის უზრუნველყოფის საშუალებების უარყოფითი ზეგავლენა და სესხის მიმღები სახელმწიფოების მიერ შიდა და გარე მმართველობის სტრუქტურების გაძლიერების აუცილებლობა პროექტების წარმატებისა და ფინანსური მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საყურადღებოა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმთან საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) ფარგლებში, უამრავი რისკის წინაშე დგას, რასაც შესაძლოა დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს პორტის შემდგომ ფუნქციონირებაზე. გამჭვირვალობის ნაკლებობა შესყიდვების სფეროში, კონკურენციის ნაკლებობა და ხელშეკრულების გაურკვეველი პირობები ისევე, როგორც მთავრობის მიერ 51%-იანი წილის ფლობა, აჩენს კითხვებს ფისკალური პასუხისმგებლობისა და ისეთი პირობითი ვალდებულებების წარმოშობის ალბათობის შესახებ, როგორიც ტვირთების მოცულობასთან დაკავშირებული სახელმწიფო გარანტიებია, რომლებიც შესაძლოა გადაიზარდოს პირდაპირ ვალდებულებებში და რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტზე. ამ შეშფოთებას ემატება ისიც, რომ პროექტი ითვალისწინებს საწყისი კაპიტალისა და სესხის ფინანსირებას პირველი, 600 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციისთვის. გარდა ამისა, ფაქტი, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს Build-Own-Operate (BOO) მოდელის შესაბამისად, ვიდრე უფრო გამჭვირვალე Build-Operate-Transfer (BOT) მოდელია, კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ფინანსურ ვალდებულებებს და ეჭვის ქვეშ აყენებს პროექტის გამჭვირვალობას.

გარდა ამისა, ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციების სასარგებლოდ დასავლეთის ჩართულობისთვის გვერდის ავლა, ჩინეთის გავლენის და კონტროლის ზრდა საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე რისკებს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ გამჭვირვალობას. პროექტის მომგებიანობა ჯერ კიდევ საკითხავია, თუ გავითვალისწინებთ ევროპიდან პროგნოზირებული სავაჭრო ნაკადების საეჭვო ხასიათს და შეშფოთებას იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა ანაკლიის პორტი სათანადო რაოდენობის ტვირთების მოზიდვას. საქართველოს მთავრობის წილის დაფინანსება, რომელიც შესაძლოა საპენსიო ფონდების ან ჩინური კომპანიების სესხების მეშვეობით განხორციელდეს, წარმოშობს სავალო კრიზისის რისკს, რაც შრი-ლანკის ჰამბანტოტას პორტის შემთხვევას მოგვაგონებს. ეს საკითხები მოითხოვს პროექტის სტრატეგიული სიცოცხლისუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის საფუძვლიან შეფასებას, მსგავსი პროექტების ფართო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. დადგება თუ არა საფრთხის წინაშე საქართველოს მიზანი, გახდეს მთავარი სატრანზიტო ჰაბი სავალო კრიზისის მოსალოდნელი საფრთხის გამო, თუ ქვეყანა შეძლებს წარმატებით გადალახოს ეს სირთულეები ანაკლიის პორტისთვის წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად? ამ ანალიზში შესწავლილია ის პოტენციური რისკები, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს ჩინურ ინვესტიციებს ამ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურულ პროექტში განხილული გლობალური დაკრედიტების საფუძველზე.

იმისათვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტმა საქართველოში სრულ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს, აუცილებელია რისკების მართვისა და პროექტის მართვის ყოვლისმომცველი მიდგომა. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა დაინტერესებულმა მხარეებმა პრიორიტეტად უნდა აქციონ ძლიერი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა. ეს მოიცავს ხელშეკრულებების პირობების სიღრმისეულ შესწავლას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან და, აგრეთვე, კომერციული შეთანხმებების სრული თანხვედრა შესაბამის სამართლებრივ მოთხოვნებთან ქვეყნის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე აქტივების დაცვის მხრივ.

კორუფციის რისკის შესამცირებლად აუცილებელია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა მთელი პროცესის განმავლობაში. პროექტის წარმატებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მისი თითოეული ასპექტის შესაბამისობის უზრუნველყოფას საქართველოს ვალის მართვის უფრო ფართო სტრატეგიასთან და მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან. გარდა ამისა, საჭიროა, ზედამხედველობისა და დამხმარე ჯგუფებს ჰქონდეთ მყისიერი და ყოვლისმომცველი წვდომის შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ და წვლილი შეიტანონ მოლაპარაკებების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების უფრო ინკლუზიურ და ინფორმირებულ პროცესს.

ამ სტრუქტურული და პროცედურული რეფორმების მხარდასაჭერად საჭიროა, საქართველოს მთავრობამ ყურადღება გაამახვილოს პოტენციალის გაღრმავებაზე კრიტიკული მნიშვნელობის სფეროებშიც. მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნისა და რესურსების გაღრმავება სამართლებრივ, ვალების მართვისა და საჯარო ინვესტიციების მართვის სფეროებში. ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს შიდა შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა საფუძველი ჩაეყაროს ტექნიკურ ნოუ-ჰაუს, რომელიც საჭირო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისა და მართვისათვის. ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველო შეძლებს უკეთესად გაუმკლავდეს პროექტთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დარწმუნდეს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ეკონომიკური წინსვლის კატალიზატორს და ემსახურება ეროვნულ ინტერესებს.

დონორები

შეავსე ფორმა