რუსეთი მნიშვნელოვან ბერკეტებს ფლობს საქართველოზე ზეგავლენის მოსაპოვებლად, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე იქიდან, რომ მას სამხედრო ძალით მიტაცებული აქვს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გარდა ამისა, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი იყენებს ჰიბრიდული იარაღების მთელ რიგს: ეწევა დეზინფორმაციას, მხარს უჭერს საქართველოში არსებულ პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებსა და მედია საშუალებებს, უწესებს მას სავაჭრო შეზღუდვებს, სატრანსპორტო ბლოკადას, გეგმავს დივერსიას და ა.შ. რუსეთის ეს ტაქტიკა მიზნად ისახავს საქართველოს განვითარების შეფერხებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებულ პროდასავლურ განწყობებზე (Seskuria, 2021 და Kavtaradze, 2023).
ფაქტორები, რომლებიც ზრდის საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: რუსეთთან ვაჭრობა, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები, რუსი მიგრანტების ბოლოდროინდელი შემოდინებით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობა და რუსული ორგანიზაციების ან რუსეთის მოქალაქეების მიერ კერძო ბიზნესების ფლობა საქართველოში (Babych, 2023 და Transparency International, 2023). წინამდებარე დოკუმენტი იკვლევს ამ უკანასკნელ ფაქტორთან – საქართველოში რუსულ ბიზნეს მფლობელობასთან – დაკავშირებულ რისკებს.