COVID-19-ის პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებითად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა. ნეგატიურმა ეკონომიკურმა შოკმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობაზე და 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვები თითქმის 13%-ით შეამცირა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით მძიმე იყო იმ მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობდნენ. ჩვეულებრივ, მამაკაცებთან შედარებით, ქალები უფრო მეტ ბარიერს აწყდებიან საქართველოში საწარმოთა შექმნისა და მართვის პროცესში.
ასეთი გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო გამწვავდა ქვეყანაში დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომების გამო. ამ დოკუმენტში შეფასებულია კორონავირუსის გავლენა, გამოწვევები და პერსპექტივები ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის საქართველოში და შემუშავებულია რეკომენდაციები სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსით გამოწვეული ზიანი მცირე და საშუალო მეწარმე ქალებზე. ამ ანალიზისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდი.