ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ შემოიღო და/ან გაზარდა მინიმალური ხელფასი. ასეთი პრაქტიკის მთავარი დასაბუთება ის არის, რომ მინიმალური ხელფასი შეიძლება დაეხმაროს ღარიბ ოჯახებს გამოიმუშაონ ცხოვრების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის საჭირო შემოსავალი. საქართველოს მთავრობა ამჟამად მინიმალური ხელფასის გაზრდას განიხილავს. ცნობილია ისიც, რომ უნდა შეიქმნას გარკვეული კორექტირების მექანიზმები, როგორც ქვეყნის მასშტაბით კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასის განახლების თვალსაზრისით, ისე გეოგრაფიული და სექტორული განსხვავებების გათვალისწინებით, რამაც მინიმალური ხელფასის მეტი მოქნილობა უნდა უზრუნველყოს.
პროექტის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა გამოავლინა საუკეთესო პრაქტიკა და გაკვეთილები, შეაგროვა და გააანალიზა მონაცემები, ჩაატარა კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან ჰიპოთეტური მინიმალური ხელფასის მოსალოდნელი ზემოქმედების დასადგენად და შეაფასა შესაძლო ალტერნატივები. მრავალი ასპექტისა და დებულების გათვალისწინებით, კვლევის შედეგად დადგენილმა რეკომენდებულმა ყოველთვიური მინიმალური ხელფასის დიაპაზონმა 250-დან 350 ლარი შეადგინა.