პროექტი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (LED) საქართველოში“ ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაკვეთით, კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს შვეიცარული ორგანიზაცია HELVETAS. პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური განვითარების პროცესში, სხვადასხვა აქტორის ჩართულობა გაძლიერდეს. პროექტის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური შესაძლებლობების მისაღებად, ადგილობრივ და ცენტრალურ აქტორებს (საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს) შორის ეფექტიანი თანამშრომლობის წახალისებით, ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები ქალებისა და კაცების დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას.
პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, WINS Global Consult-თან ერთად, მუშაობს პოლიტიკური ეკონომიკის ყოვლისმომცველ კვლევაზე (Political Economy Analysis – PEA), რომელიც შეისწავლის კავშირს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს შორის ქართულ კონტექსტში და გამოავლენს ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ და შემაფერხებელ ფაქტორებს. PEA-ს აქვს რამდენიმე დანიშნულება: 1. ის გამოავლენს იმ ფორმალურ და არაფორმალურ კავშირებსა და ინსტიტუციებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე; 2. იგი გააანალიზებს ძირითადი ადგილობრივი თუ ცენტრალური აქტორების როლსა და ინტერესებს; 3. მოიკვლევს პოლიტ-ეკონომიკურ პროცესებსა და მათ გავლენას ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე; 4. შეაფასებს იმ სტრუქტურულ და გარე ფაქტორებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე; 5. წარმოადგენს პროექტისთვის საჭირო რეკომენდაციებს.
PEA ზემოთ ხსენებული პროექტის – „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (LED) საქართველოში“ საფუძველი იქნება. უფრო კონკრეტულად, PEA-ს მიხედვით შეიქმნება პროექტის ინტერვენციის სტრატეგია და პროექტის საბოლოო ანგარიში. ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობის გათვალისწინებით, PEA ასევე შეაფასებს, რამდენად ითვალისწინებს დიგიტალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეფორმის დღის წესრიგი, და რამდენად შეუძლია ქართულ მედიას, ჩართოს ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკური განვითარების შესახებ დისკუსიაში.
სიღრმისეული ანალიზის საშუალებით, PEA მიზნად ისახავს, დახვეწოს პროექტის დაგეგმილი ინტერვენცია და წვლილი შეიტანოს საქართველოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესში.