გამოთვლადი ზოგადი წონასწორობის მოდელი (CGE) არის ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყნები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პოლიტიკის ინტერვენციების სიმულირებისთვის იყენებენ. CGE-ის გამოყენება არ შემოიფარგლება პოლიტიკის ერთი კონკრეტული სფეროთი. მისი სარგებელი ყველაზე მაღალია, როდესაც სიმულირებული პოლიტიკის ინტერვენცია ქმნის მნიშვნელოვანი უკუკავშირის ეფექტს ან არაპირდაპირ გადაეცემა ისეთ სექტორებს, რომლებზეც შეიძლება ეს ჩარევა პირდაპირ არ მოქმედებდეს. მოდელის გამოყენების მაგალითებია მსხვილმასშტაბიანი საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები, ფისკალური, სავაჭრო, რეგიონული პოლიტიკის, განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები.
ვორიკის უნივერსიტეტის დასაქმების კვლევების ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ერთ-ერთი ფაზა გულისხმობდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა კომპეტენციის გაძლიერებას და საქართველოში გამოთვლადი ზოგადი წონასწარობის მოდელის შექმნის შემოწმების ფინალურ ფაზას. მოდელირების ფაზა 2012 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც უმცროს მკვლევართა 4 ჯგუფმა დაიწყო მუშაობა პოლიტიკის 4 პრიორიტეტზე: (1) ოპტიმალური გაცვლითი კურსის პოლიტიკა, (2) ევროკავშირთან გაფორმებული DCFTA-ის გავლენა და მხარდაჭერის ზომები სექტორებისთვის, რომლებზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა აღნიშნულმა შეთანხმებამ, (3) ექსპორტის პოპულარიზება და (4) სოციალური უსაფრთხოების რეფორმა. აღნიშნულ მოდელებზე დაფუძნებული ანალიზი წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს. 2014 წელს, GIZ-ის დაკვეთით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2013 წლის მონაცემები გამოიყენა საქართველოს სოციალური აღრიცხვის მატრიცის (SAM) გასაახლებლად. SAM, რომელიც გამოიყენება რეგიონული უთანასწორობის, სოფელსა და ქალაქს შორის უთანასწორობის, უმუშევრობის, მშპ-ის პოლიტიკის გავლენის გამოთვლადი ზოგადი წონასწორობის ანალიზისთვის, დაფუძნებულია მიწოდება-მოხმარების ცხრილებზე, ეროვნულ ანგარიშებზე, მთავრობის ბიუჯეტზე, გადახდის უწყისებსა და ინტეგრირებული შიდამეურნეობების გამოკითხვების მონაცემებზე. პროექტის ფარგლებში, სამ სხვადასხვა დონეზე მომზადდა სამი სხვადასხვა SAM.