ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის უფროსის, ნორბერტო პინიატის ხელმძღვანელობით ჩაატარა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA).
წყლის დაბინძურება და რესურსების სათანადო მართვა არის საქართველოს გარემოს დაცვის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხების ჩარჩოში საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, საკუთარი კანონდმებლობა მოარგოს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივას. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონ-პროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ, რათა გადაჭრას წყლის რესურსების მართვაში არსებული პრობლემები და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ფაარგლებში, ევროკავშირის ზემოხსენებულ დირექტივასთან შესაბამისობაში მოიყვანოს ქართული კანონმდებლობა. ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივა ხელმძღვანელობს მდინარის აუზის ინტეგრირებული მართვის პრინციპებით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს საფუძველი გახდა. საქართველოში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების არამდგრადი გამოყენება ის პრობლემური საკითხია, რომელიც კონფლიქტში მოდის მდინარის აუზის ინტეგრირებული მართვის ძირითად პრინციპებთან. საქართველოს წყლის რესურსების მართვის დღის წესრიგის უმთავრესი პრობლემა დაკავშირებულია წყლის ნარჩენების ჩადინებასა და მდინარეების აუზებში მყარ ნარჩენებთან, მათ შორის იმ მდინარეების აუზებთან, რომლებიც სხვა ქვეყნებთანაცაა დაკავშირებული.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც RIA-ის პროექტზე მუშაობს, ამოწმებს კანონპროექტში წარმოდგენილ პოლიტიკის ვარიანტებს, რათა გამოავლინოს მდინარის აუზის ინტეგრირებული მართვისა და ევროკავშირის წყლის ჩარჩოს დირექტივის პრინციპებსა და მიზნებთან ყველაზე შესაფერისი ვარიანტი. საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილია როგორც ქვეყანაში ამჟამად არსებული წყლის რესურსების მართვის კანონმდებლობის ანალიზი, ისე წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტისა და მდინარის აუზის ინტეგრირებული მართვისა და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან მისი შესაბამისობის მიმოხილვა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი კონსულტაციებს გადის ყველა ჩართულ მხარესთან, რათა შეძლოს კანონპროექტის ზემოქმედების ყოვლისმომცველი შეფასება გარემოს დაცვის, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ფისკალური თვალსაზრისით.
RIA-ის უმთავრესი ბენეფიციარი იქნება გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივ ცვლილებებს, და საქართველოს პარლამენტი, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. სხვა ბენეფიციარები არიან ქართული საკანონმდებლო ორგანოები, სხვა სამინისტროები და საჯარო უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წყლის რესურსების მართვაზე (მაგ.: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობები და სხვ.), სამოქალაქო საზოგადოება, კერძო საწარმოები და, პოტენციურად, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება შეეხოს წყლის რესურსების მართვის ახალი კანონმდებლობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, მდინარის აუზებში გაუმჯობესებული გარემოთი, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის ახალი კანონმდებლობით და სხვ.