შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) ეკონომიკური ინსტრუმენტების განხორციელების პოლიტიკის ალტერნატივების შემუშავება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.02.2018 დასრულების თარიღი: 28.02.2019

პროექტის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპებზე დაყრდნობით შეიმუშავებს წყლის მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტების განხორციელების პოლიტიკის ალტერნატივებს.

უკვე მომზადებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომლებშიც განხილულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც პოლიტიკის შემქმნელები წყლის სექტორი რეგულირებისა და მართვის პროცესში აღმოჩნდნენ (ესენია: EPIRB/OECD 2016; წყლის მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში – განახლებული საბოლოო ანგარიში; UNECE 2016. გარემოსდაცვითი შედეგების მიმოხილვის სერია No 43. საქართველო. მესამე მიმოხილვა. გაეროს პუბლიკაცია; ADB. 2010. საქართველო: საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების სტრატეგია და მარეგულირებელი ჩარჩო. საბოლოო ანგარიში. შედეგი 1 – სექტორის განვითარება გეგმა). ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში უკვე შეაფასა წყლის ჩარჩო დირექტივის სრული სამართლებრივი ჩარჩოს განხორციელების სავარაუდო გავლენა (წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის RIA).

თუმცა არცერთ ამ დოკუმენტში ჯერ საკმარისად სიღრმისეულად არ არის გაანალიზებული „მომხმარებელი იხდის“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებთან თანხმობით ეკონომიკური ინსტრუმენტების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები (რომლებზეც საერთაშორისო ეკონომიკური ლიტერატურაშია საუბარი) ან ამ ინსტრუმენტების სისუსტეები ქართული კონტექსტის გათვალისწინებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ 2017 წლისთვის, როდესაც RIA-ის ბოლო ტრენინგი ჩატარდა, არცერთი ეკონომიკური ინსტრუმენტი არ იყო იდენტიფიცირებული და განსაზღვრული იმ ნორმატიულ აქტებში, რომელიც უნდა ამოქმედდეს კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ.

ამჟამად, ერთადერთი ანგარიში, რომელიც განიხილავს (ზოგადად) წყლის რესურსების მართვის შესაძლო ინსტრუმენტების კომპლექსს ქართულ კონტექსტში, არის 2016 წლის EPIRB / OECD ანგარიში (საქართველოში წყლის მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტების რეფორმის ხელშეწყობა). ჩვენი მიზანია, ამ ანგარიშისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული RIA-ის შედეგებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩავატაროთ არსებული ეკონომიკური ინსტრუმენტების შესაბამისობის გაცილებით უფრო დეტალური ანალიზი ქართულ კონტექსტთან მიმართებით და შევთავაზოთ საქართველოს პოლიტიკის კონტექსტის შესაბამისი ალტერნატივები.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი გეგმავს წყლის სექტორის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს, ასევე, პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებასა და წარდგენას, რომელიც წყლის რესურსების მდგრადი მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტების რეფორმის ალტერნატივა იქნება.

დონორები

შეავსე ფორმა