ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი არის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ალტერნატივასთან დაკავშირებული დანახარჯები და სარგებელი. აღნიშნული ინსტრუმენტით შესაძლებელია, სისტემატურად დავითვალოთ საინვესტიციო კაპიტალის სხვადასხვა ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს ტექნიკა გვეხმარება, დავადგინოთ ვარიანტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებს იძლევა შრომის, დროისა და ხარჯების დაზოგვისა თუ სხვა სარგებლის თვალსაზრისით. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი ხშირად გამოიყენება პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის შედარებისთვის. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის „საბაზრო ალიანსი სიღარიბის წინააღმდეგ სამცხე-ჯავახეთში“ საპილოტე ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი. ჩატარებული ანალიზის უმთავრესი მიზანია, სამცხე-ჯავახეთის პროექტის მაგალითზე, წარმოვადგინოთ ალიანსის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციები. მომავალში მსგავსი მეთოდოლოგია გამოიყენება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფრო ფართო ინკლუზიური ზრდის დიალოგის პლატფორმის შესახებ ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში.