ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტთან თანამშრომლობით საქართველოში საქონლის ხორცის ბაზრის კვლევა ჩაატარა.
„ხორცზე მოთხოვნის დაკმაყოფილების“ პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელსაც საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო FASEP პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. კვლევის მიზანია საქართველოში ხორცის წარმოების განვითარების შესაძლებლობების შეფასება. პროგრამა 2017 წლის მარტში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში საქართველოს საფრანგეთიდან სამი მისია ეწვევა.
საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტმა ISET-ის კვლევით ინსტიტუტს სთხოვა საქართველოში საქონლის ხორცის ბაზრის კვლევის ჩატარება. ჩვენ გამოვკითხეთ 25 მაღაზია (მცირე მაღაზიები შენობებში, ღია ბაზრებსა და სუპერმარკეტებში) და 15 რესტორანი. ნედლეულის ფასების შესახებ მონაცემები შეგროვდა ოფიციალური სტატისტიკიდან, ასევე ექსპერტთა გამოკითხვის პროცესში.
ამ გამოკითხვის შედეგები საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიგოთ, როგორ მუშაობს საქონლის ხორცის ბაზარი საქართველოში.