შეავსე ფორმა
Logo

პროექტები

ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 03.07.2017 დასრულების თარიღი: 31.01.2018

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი გუნდი მუშაობს ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA). ეს პროექტი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია RIA-ის მეთოდოლოგიაში მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება.

სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნებას გლობალური მნიშვნელობა აქვს და საქართველო მზად არის შეასრულოს დასახული მიზანი, რაც ბუნებრივი გარემოს მდგრადი მართვის მეშვეობით იმ უარყოფითი ფაქტორების შემცირებას გულისხმობს, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ საფრთხის ქვეშ მყოფ ბუნებრივ გარემოზე. ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით შეიმუშავა ბიომრავალფეროვნების ეროვნული კანონი, რომელიც აერთიანებს ამ გლობალურ მოთხოვნებს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის RIA, რომელიც თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის მეთოდების გამოყენებით შეაფასებს კანონპროექტის ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით, შრომის ბაზართან დაკავშირებულ და სხვა შესაძლო შედეგებს. შეფასების დროს გამოყენებული იქნება ხარჯ-სარგებლიანობის, ხარჯების ეფექტურობის და მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი. ჩვენ შევადარებთ სხვადასხვა ალტერნატივას გარემოსდაცვითი ვალდებულებების კონცეფციის შესაბამისად და წარმოვადგენთ რეკომენდაციებს, თუ რომელია ამ ალტერნატივებს შორის ყველაზე მისაღები ვარიანტი, კანონპროექტსა და სავალდებულო რეგულაციებს შორის შესაძლო სინერგიების გათვალისწინებით.

პროექტი გაზრდის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პერსონალის კომპეტენციას RIA-ის ჩატარების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის კუთხით. ამისათვის პროექტის ფარგლებში შემუშავდება სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო მასალები და ჩატარდება ტრენინგები. სასწავლო მასალა შემუშავდება არსებული რეკომენდაციების (მაგ., OECD-ის) გათვალისწინებით, მაგრამ წარმოდგენილი იქნება მარტივად გამოსაყენებელ ფორმატში. ტრენინგის დროს გამოყენებული იქნება ინტერაქტიული სასწავლო მიდგომა. შედარებით რთულ თემებზე გამოყენებული იქნება სტანდარტული სალექციო მიდგომა.

შეავსე ფორმა