კვლევის მიზანია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეაფასოს ინტეგრირებული ბიომრავალფეროვნების მართვის სამხრეთ კავკასიის პროგრამის მიერ ახმეტაში/თუშეთის რეგიონში განხორციელებული საპილოტე პროგრამები. საპილოტე ზომები მოიცავს სივრცით დაგეგმვასთან/მიწათსარგებლობის დაგეგმვასთან, საზამთრო სკოლასთან, ტყის მდგრად მართვასთან, საძოვრების მდგრად მართვასა და ბიო-ინჟინერიასთან დაკავშირებულ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის სერვისების მდგრად მართვას.
ბიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვეულებრივ დედამიწაზე სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნებასა და ცვალებადობას გულისხმობს, არის რესურსი, რომელზეც ოჯახები, თემები, ერები და მომავალი თაობები არიან დამოკიდებული. მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა, ამჟამად სახეობათა მრავალფეროვნებასა და ეკოსისტემების გამართულ ფუნქციონირებას საფრთხე ემუქრება. ადგილობრივი მოსახლეობა, კერძო სექტორი და მთავრობები აქტიურად მოიპოვებენ ბუნებრივ რესურსებს, რის გამოც ბოლო ათწლეულებში ბიომრავალფეროვნების დეგრადაციის დონე ძალიან მაღალია. ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ტენდენციის შემცირების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ISET-ის მკვლევართა გუნდი, გარე კონსულტანტის ხელმძღვანელობით, აფასებს საპილოტე ზომების პირდაპირ და ირიბ გავლენას, მათი გაგრძელებისა და მასშტაბის გაფართოების პოტენციალს.