ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითმა გუნდმა ჩაატარა კვლევა საქართველოში მიწის რეგისტრაციის პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, გააანალიზა მიწის მიმდინარე რეფორმა და გამოკვეთა ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარების გამოწვევები.
კვლევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით რეფორმეტრის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. კვლევითმა გუნდმა შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის რეფორმის შესახებ.
კვლევის მიზანი იყო საქართველოში მიწის რეგისტრაციის პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის უკეთ გაცნობა, მიმდინარე მიწის რეფორმის ანალიზი და ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარებასთან დაკავიშრებული გამოწვევების იდენტიფიცირება. შევისწავლეთ როგორც საქართველოს მიწის ბაზარზე არსებული ლიტერატურა, ისე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მიწის რეგისტრაციის სხვადასხვა მიდგომების შესახებ (მაგალითად, სპორადული და სისტემური მიდგომები). გამოვკითხეთ 120-ზე მეტი ქართველი ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონში და ჩავატარეთ ინტერვიუები მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან. შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, შევიმუშავეთ რეკომენდაციები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესების შესახებ.
პოლიტიკის დოკუმენტის შედეგები წარმოდგენილი იყო 2018 წლის 29 ივნისს გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე.