სიახლეები

2025 წლის 12-13 მარტს ევროპის სოციალური პოლიტიკის ანალიზის ქსელის (ESPAN) მეხუთე ოფიციალურმა შეხვედრამ ერთ სივრცეში უმასპინძლა ეროვნულ დამოუკიდებელ ექსპერტებსა და ევროკომისიის მაღალი რანგის მოხელეებს, რათა განეხილათ ევროკავშირის მიმდინარე სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტები. საქართველოს ESPAN-ის ეროვნული კოორდინატორის სტატუსით წარმოადგენდა დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი.
ბრიუსელში გამართული შეხვედრა გაიხსნა ევროკომისიის ინფორმაციით დასაქმების, სოციალური დაცვისა და ინკლუზიის სფეროებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მთავარ მომენტებს შორის იყო 2025 წლის ერთობლივი დასაქმების ანგარიშის წარდგენა, რომელმაც წარმოადგინა შრომის ბაზრის მდგრადობის, გენდერულ და ასაკობრივ საფუძველზე დასაქმების უთანასწორობისა და ევროკავშირის 2030 წლის მიზნებისკენ პროგრესის ტენდენციები. ანგარიშმა ხაზი გაუსვა შრომითი და უნარების დეფიციტის მუდმივ გამოწვევებს, ასევე სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კონვერგენციის მიმართულებით შეზღუდულ წინსვლას. ეს ის თემებია, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ისე მეზობელი ქვეყნებისთვის.
შეხვედრის მსვლელობისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ორ თემატურ სფეროს. პირველი ფოკუსირებული იყო მოქნილ საპენსიო სქემებზე. წარმოდგენილი იყო ანგარიში, რომელიც აანალიზებს ტენდენციებსა და რეფორმებს 28 ევროპულ ქვეყანაში. მეორე თემატურმა დისკუსიამ განიხილა ხანგრძლივი მოვლის (LTC) სისტემები, რომლის დროსაც წარმოდგენილ იქნა სახელმძღვანელო პრინციპების პროექტი LTC სერვისების ხელმისაწვდომობის, ბალანსისა და ხარისხის რუკის შესადგენად. ეს სახელმძღვანელო პრინციპები მიზნად ისახავს ასახოს ეროვნული განსხვავებები სერვისების მიწოდებაში, მფლობელობაში, დაფინანსებასა და ინოვაციაში და უხელმძღვანელებს ESPAN-ის ქვეყნის ექსპერტებს თავიანთი ეროვნული წვლილის შექმნაში მომდევნო თვეებში.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ევროკომისიის მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს 2023-2024 წლების ქვეყნის პროფილმა, რომელიც სიღმისეულად აანალიზებს და მიმოიხილავს პოლიტიკის გამოწვევებს. ეს აღიარება ნიშნავს, რომ საქართვევლოს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ პოლიტიკურ დებატებში და მონაწილეობდეს შედარებით ანალიზში მთელ ევროპაში.
დისკუსიებმა ასევე მოიცვა ევროკავშირის მასშტაბით მონიტორინგის ჩარჩოს დანერგვა, რათა თვალყური ადევნოს საბჭოს რეკომენდაციის იმპლემენტაციას ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის ხანგრძლივი მოვლის შესახებ. ჩარჩო, რომელიც სტრუქტურირებულია ხუთი განზომილების გარშემო – ადეკვატურობა, ხელმისაწვდომობა, ხარისხი, სამუშაო ძალა და არაფორმალური მომვლელები – დაეყრდნობა შესრულების ინდიკატორების, პოლიტიკის ბერკეტებისა და კონტექსტური მონაცემების კომბინაციას. ეროვნულ ექსპერტებს შესთავაზეს უკუკავშირის გაზიარება და თავიანთი ქვეყნის დონის ანგარიშგების შესაბამისობაში მოყვანა ახალ სტრუქტურასთან.