2024 წლის 14 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა დავით კეშელავამ სტოკჰოლმში FREE Network-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორის კონფერენციაზე სახელწოდებით „ონლაინ პოლიტიკური გავლენა და დეზინფორმაცია“ ახალშექმნილი მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი წარადგინა. პრეზენტაციაზე დავითმა ისაუბრა კვლევის მოტივაციაზე, მეთოდოლოგიაზე, ჩარჩოსა და ძირითად მიგნებებზე.
დავითმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში მზარდ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, ფენომენზე, რომელსაც აღიარებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკომისია. მან ისაუბრა ინდექსის მეთოდოლოგიაზეც, რომელიც 35 ვებგვერდიდან აგროვებს 500 000 ახალი ამბების ტიპის სტატიას, საიდანაც Doc2Vec მოდელის გამოყენებით ამზადებს მასალას ქართული ტექსტისთვის. მედიის პოლარიზაციის ინდექსი შეიქმნა იმისთვის, რომ გაზომოს პოლარიზაციის მასშტაბი, რისთვისაც აანალიზებს განსხვავებებს ახალი ამბების შესახებ სტატიებს შორის და ერთმანეთისგან არჩევს ძირეულ განსხვავებებსა და პოლიტიკურ მიკერძოებას.
კვლევის უმთავრესი დასკვნა ისაა, რომ მედიის პოლარიზაცია 2020 წლიდან იზრდება, 2022 წლის დასაწყისიდან კი ეს ზრდა შესამჩნევი გახდა. ინდექსმა აჩვენა, რომ მედია მნიშვნელოვნად პოლარიზებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა, მაგალითად, არჩევნები. კვლევამ ისიც გამოავლინა, რომ საზოგადოების აღქმა პოლარიზაციაზე ყოველთვის არ ემთხვევა ინდექსის მაჩვენებლებს. გარდა ამისა, ინდექსის გუნდმა დაადგინა ისიც, რომ არსებობს კორელაცია მედიის პოლარიზაციასა და ორი წამყვანი პოლიტიკური პარტიის რეიტინგებს შორის, რაც გვაფიქრებინებს, რომ პოლარიზაციის ზრდა სწორედ ამ პარტიებს აძლევს ყველაზე დიდ სარგებელს.
პრეზენტაციამ წარმოადგინა ღირებული ინფორმაცია საქართველოში მედია-ლანდშაფტის შესახებ და მისი გავლენა საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკურ დინამიკაზე.